Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი შემცირდა


ამერიკულმა ,,მემკვიდრეობის ფონდმა” და საქმიანი წრეების ცნობილმა გაზეთმა ,,The Wall Street Journal”-მა გამოაქვეყნეს სახელმწიფოთა ეკონომიკური თავისუფლების ტრადიციული რეიტინგი,

რომელშიც, 155 ქვეყანას შორის, საქართველო მეასე ადგილზეა.
ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული მოხსენების ავტორთა შეფასებით, ქართული ეკონომიკის თავისუფლების ხარისხი, გასულ წელთან შედარებით, 0,15 პროცენტითაა შემცირებული.


საქართველო კვლავ რჩება, ძირითადად, არათავისუფალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოთა კატეგორიაში.
მიუხედავად ქვეყნის ხელისუფალთა განცხადებებისა იმის თაობაზე, რომ ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ბიზნესისა და ინვესტირების ხელშეწყობა და კორუფციასთან რეალური ბრძოლა დაიწყო, ამერიკული ,,მემკვიდრეობის ფონდის” რეიტინგი ცხადყოფს, რომ გასული წლის განმავლობაში ქართული ეკონომიკური გარემოს მდგომარეობა გაუარესებულია.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ,,მე არასდროს არ ვარ კმაყოფილი მოღვაწეობით, იმიტომ რომ ყოველთვის ვთვლი, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და თქვენ ახლა ამას ნახავთ უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ეს ამბავი გაგრძელდება და ნახავთ იგივე პრივატიზაციაში, იგივე დარეგულირების საქმეში, იგივე სახელმწიფო წნეხის შემცირების საქმეში როგორ იქნება.” (სტილი დაცულია)

ასე შეაფასა გასული წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე თავისი ექვსთვიანი მუშაობა კახა ბენდუქიძემ, რომელსაც ,,მეტის გაკეთება” ამჯერად სახელმწიფო მინისტრის რანგში უწევს.
გასული ერთი წლის შედეგებს კი ამერიკული ,,მემკვიდრეობის ფონდის” ექსპერტები ამგვარად აფასებენ: მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების აღიარებისა, ქვეყანაში ბიზნესის წარმოება არცთუ იოლია - შემცირდა ინვესტიციების მოცულობა, ბიუროკრატიული პროცედურები და კორუფცია კი ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებად რჩება. საერთო ჯამში კი, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი 0,15 ნიშნულითაა შემცირებული:
[ნიკო ორველაშვილის ხმა] ,,მოხსენებაში საქართველოს ნაწილი დაწერილია ძალიან შერბილებული ტონით. მონაცემები, რიგ შემთხვევებში, აღებულია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან და საექსპერტო გათვლებზე არ არის გამახვილებული ყურადღება. სხვა შემთხვევაში შედეგი, შესაძლოა, უარესი ყოფილიყო. თუმცა მე მესმის ,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” პრობლემა, იმიტომ რომ არც სხვა ქვეყნებშია, როგორც წესი, - ჩვენნაირ ქვეყნებს ვგულისხმობ, -უკეთესი მდგომარეობა.” (სტილი დაცულია)

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, რომელიც ამერიკული ფონდის წლევანდელ მოხსენებას ლოიალურად მიიჩნევს, ამბობს, რომ, მიუხედავად უცხოელი ექსპერტების ამგვარი ტონისა, საქართველოში არსებულ პრობლემებს - უპირველესად კი, კანონის უზენაესობის იგნორირებას - ისინიც რეალურად ხედავენ:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ,,უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებშიც აღინიშნება ის, რომ ჩვენი სასამართლო ხელისუფლება არის დამოკიდებული პოლიტიკაზე, მნიშვნელოვნად დაზიანებული კორუფციით, და რომ ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორთა შორის. შესაბამისად, ეს განაპირობებს საკუთრების დაცვის ძალიან დაბალ ხარისხს. იქ, სადაც საკუთრების უფლება არაა დაცული, ინვესტორი ცდილობს არ შევიდეს ან არ წამოიწყოს რაიმე სერიოზული პროექტები.” (სტილი დაცულია)

ამერიკული ,,მემკვიდრეობის ფონდის” ექსპერტთა შეფასებით, გასული წლის განმავლობაში ბიუროკრატიული ბიზნესგარემოსა და კორუფციული, უკანონო ბარიერების გამო, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ერთი ნიშნულით შემცირდა. სიტუაცია გაუარესებულია ჩრდილოვანი ეკონომიკის მხრივაც.
წლევანდელ რეიტინგში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით საქართველო მსოფლიოს 155 ქვეყანას შორის მეასე ადგილზეა. წინა ორი ადგილი განასა და ჯიბუტის ერგოთ, მომდევნო ორი კი - მოზამბიკსა და ლესოტოს.
თუ გეოგრაფიულ არეალს მაქსიმალურად შევამცირებთ, სამხრეთ კავკასიაში საქართველო მეორე ადგილზეა და აზერბაიჯანს სჯობნის. რაც შეეხება სომხეთს, ის 42-ე ადგილზე აღმოჩნდა და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით საფრანგეთს, უნგრეთს და სამხრეთ კორეას გაუსწრო.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG