Accessibility links

logo-print

რევოლუციური ცვლილებები სოციალური დაცვის სფეროში


მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 2005 წლის 1 იანვრიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გარკვეული საბიუჯეტო შეღავათებით სარგებლობდა,

შესაბამის თანხას ხელზე მიიღებს. ანუ მოქალაქე აღარ ისარგებლებს შეღავათებით, მაგრამ, სამაგიეროდ, შემწეობის სახით, ყოველთვიურად მიიღებს გარკვეულ თანხას, რომლითაც თავად გაისტუმრებს კომუნალურ თუ სხვა სახის გადასახადს. გარდა ამისა, განსაკუთრებულად გაჭირვებული ოჯახებისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გარკვეული სახის დახმარების გაწევასაც გეგმავს. თუმცა მანამდე სამინისტრო, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დახმარებით, შესაბამისი კატეგორიის ოჯახების აღრიცხვას აპირებს. და კიდევ: 1 მაისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასო იქნება.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი აცხადებს, რომ, ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტის ხარჯი არ გაიზრდება, ხოლო ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც საბიუჯეტო შეღავათებით სარგებლობდა, გამოყოფილი თანხის რაციონალურად განკარგვის საშუალება მიეცემა:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] “ვისაც ჰქონდა შეღავათი, მაგალითად, დენზე, - მარტოხელა პენსიონერები, ომის ინვალიდები და სხვები, - ახლა მიიღებენ ფულს. იმიტომ რომ ამ შუქის ფულს ისინი ვერ ხარჯავდნენ, რის გამოც წყალში ეყრებოდათ ეს შეღავათი. ახლა მივცემთ ფულს. დენის ფულსაც გადაიხდიან და დანაზოგიც გაუჩნდებათ.”

ცვლილება ასევე შეეხო ეგრეთ წოდებულ “უმწეოთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამას”, რომლითაც, მინისტრის თქმით, ყველა სარგებლობდა, შეჭირვებული მოქალაქეების გარდა.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა ]“იყო გადაქცეული პარლამენტარებისა და მინისტრების ცოლების სამკურნალო პროგრამად. ავდექით და გავაუქმეთ, იმიტომ რომ რეალურად მაგით უმწეოები კი არ სარგებლობდნენ, არამედ სარგებლობდა მოსახლეობის ყველაზე შეძლებული ფენა.”

თუმცა უნდა ითქვას, რომ, მინისტრის მსგავსად, აღნიშნული პროგრამის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ვერც საავადმყოფოებში მომუშავე ექიმები მალავენ:

[საავადმყოფოს თანამშრომლის ხმა] “პოლისი ყოველთვის აგვიანებდა თანხის გადმორიცხვას. ჯერ უნდა დაეხარჯოს ავადმყოფს და მერე უნდა გადმოგირიცხონ. ნაღდი ფულით რომ მოვა, რა თქმა უნდა, უფრო უკეთესია - რასაც დახარჯავს, იქვე უნდა აინაზღაუროს. ახლა თვის ბოლოს ასწორებენ, მაგრამ მანამდე იყო ერთწლიანი დაგვიანებები, გაყინული თანხები და ათასი უბედურებები.”(სტილი დაცულია)

უმწეოთა ინდივიდუალური დახმარების გაუქმებული პროგრამის სანაცვლოდ, სამინისტრო მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას აპირებს. ლადო ჭიპაშვილის თქმით, ამოქმედდება ბავშვებისა და მოხუცების უფასო ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარების პროგრამა.
და კიდევ:

[ლადო ჭიპაშვილიმს ხმა] “სანაცვლოდ, ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ პროგრამას. ეს არის ფულადი დახმარებების პროგრამა იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც სიღატაკის უკიდურეს ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ.”

ამ კატეგორიის მოქალაქეთა ვინაობის დასადგენად ჯანდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დახმარებით, საკმაოდ ტევადი სამუშაოს ჩატარებას აპირებს. მინისტრის მოადგილის ლევან ჯუღელის თქმით, უკვე შემუშავებულია სპეციალური კითხვარი:

[ლევან ჯუღელის ხმა ]“ამ ადამიანებს აღმოჩენა და იდენტიფიკაცია ხომ უნდა. ამაზე მუშაობს ჯგუფი და სპეციალური კითხვარი იქნება შემუშავებული. თუ არის მარტოხელა, ან თუ არა აქვს თვეში, ვთქვათ, 60 ლარზე მეტი… დანამატები იქნება და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

დაბოლოს: პირველი მაისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასო იქნება. ლადო ჭიპაშვილის თქმით, ამისათვის ცენტრალურ ბიუჯეტში რვა-ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] “საქართველოს რაიონების ნახევარზე მეტში სასწრაფო დახმარება არ არსებობს არც უფასო და არც ფასიანი. სისტემა აღდგება. 300 მანქანა უნდა შემოვიყვანოთ ახლა და უნდა აღვადგინოთ ეს ინფრასტრუქტურა.”

მინისტრის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებით მოქალაქეები შეუზღუდავად ისარგებლებენ, ანუ არ დაწესდება გამოძახებათა ზედა ზღვარი.
XS
SM
MD
LG