Accessibility links

logo-print

შეუშლის თუ არა არჩევნებს ხელს ბაღდადის გუბერნატორის მკვლელობა


ერაყში მოქმედმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა სამშაბათს, 4 იანვარს, ბაღდადის პროვინციის გუბერნატორი ალი რადი ჰაიდარი მოკლეს. მასთან ერთად დაიღუპა 6 პირადი მცველიც.

ამ მკვლელობას წინ არ უძღოდა რაიმე პოლიტიკური მოთხოვნა ან ულტიმატუმი. თუმცა ერაყის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბაღდადის გუბერნატორის მკვლელობა კიდევ ერთი მცდელობაა, ხელი შეუშალონ 30 იანვრისთვის დაგეგმილ ეროვნული კრების არჩევნებს.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბაღდადის პროვინციის გუბერნატორის ალი რადი ჰაიდარის ესკორტს ჩასაფრებულმა კრიმინალებმა მაშინ გაუხსნეს ცეცხლი, როდესაც ესკორტი ბაღდადის დასავლეთ რაიონებს შორის მოძრაობდა.

ეს მკვლელობა ჯერჯერობით ბოლოა მკვლელობათა იმ სერიაში, რომელიც წინ უძღვის 30 იანვრისთვის დაგეგმილ არჩევნებს. ერაყელი ამბოხებულები ქვეყნის სხვადასხვა რაიონში არაერთხელ დასხმიან თავს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გამო.

გასული წლის მაისში ერაყის ყოფილი მმართველი საბჭოს პრეზიდენტის იზადინ სალიმის მკვლელობის შემდეგ ალი ჰაიდარი ყველაზე მაღალი რანგის მოკლული ერაყელი ჩინოვნიკია.

ქეთლინ რიდოლფო, რადიო ”თავისუფლების” ანალიტიკოსი ერაყის საკითხებში, ალი ჰაიდარს ახასიათებს როგორც ერაყის საზოგადოებაში ცნობილ და დაფასებულ პოლიტიკოსს:

[ქეთლინ რიდოლფოს ხმა] ” ალი ჰაიდარის მკვლელობა განხილულ უნდა იქნეს ამასწინანდელი ძალადობის ტალღის კონტექსტში, რომელიც წინ უძღვის იანვრის არჩევნებს. გუშინ ერაყის სხვადასხვა მხარეში აფეთქებას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე გაგრძელდება თვის ბოლომდე. ახლა ამბოხებულების მიზანი ამომრჩეველთა დაშინებაა, რათა ისინი არ მივიდნენ ხმის მისაცემად. ასევე, ისინი ამით არჩევნების მომხრე პოლიტიკურ ლიდერებსა და მოღვაწეებს აფრთხილებენ, რომ ხელი ყველაზე მიუწვდებათ.”

ერაყში მომხდარ მკვლელობას სასწრაფოდ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები. ტაილანდში მყოფმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, ალი ჰაიდარის მკვლელობა არჩევნების ჩაშლის მცდელობააო:

[კოლინ პაუელის ხმა] ”ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერაყში კიდევ არიან ძველი რეჟიმის მომხრე მკვლელები და ტერორისტები, რომლებსაც არ უნდათ არჩევნები. მათ არ უნდათ დაინახონ, თუ როგორ ირჩევს ერაყელი ხალხი თავის ლიდერებს. მათ უნდათ დაუბრუნდნენ წარსულს. მათ უნდათ სადამ ჰუსეინის ტირანული რეჟიმის დაბრუნება, მაგრამ ეგ არ მოხდება.”

პაუელმა მწუხარება გამოთქვა ბაღდადის პროვინციის გუბერნატორის დაღუპვის გამო, მაგრამ თქვა, რომ არჩევნები მაინც ჩატარდება დაგეგმილ დროს, 30 იანვარს:

[კოლინ პაუელის ხმა] ”ერაყის დროებითი ხელისუფლება განწყობილია ამ ამბოხების წინააღმდეგ საბრძოლველად და თქვენ დარწმუნდებით, რომ კოალიცია გააკეთებს ყველაფერს, რათა ებრძოლოს ამბოხებას, რათა ერაყელ ხალხს ჰქონდეს წარმატებული არჩევნები თვის ბოლოს.”

არჩევნების წინ ბაღდადში მეამბოხეთა გააქტიურებას თავად ალი ჰაიდარიც ვარაუდობდა. მან 2 კვირის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ტერორისტული აქტები ძალიან აფერხებს ბაღდადის აღდგენის პროცესსო. ჰაიდარმა გუბერნატორის პოსტზე მუშაობისას ასობით მილიონიანი კონტრაქტების გაფორმება შეძლო ბაღდადის მუნიციპალური მომსახურების, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. 2004 წლის სექტემბერში ბაღდადის გუბერნატორზე ერთხელ უკვე განხორციელდა თავდასხმა, რასაც მისი ორი პირადი მცველი ემსხვერპლა.

ბოლო 4 თვის მანძილზე ერაყში ამბოხებულები არაერთი მაღალი თანამდებობის პირის მოკვლას შეეცადნენ. ამთ შორის იყვნენ: ერაყის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე აჰმედ ჩალაბი, ერაყის დროებითი მინისტრები, კირკუკის გუბერნატორი და ერაყის დროებითი ხელისუფლების ეროვნული უშიშროების ამჟამინდელი მრჩეველი.
XS
SM
MD
LG