Accessibility links

logo-print

ვის ერგო საქართველოს მოქალაქეთა ფული ამ 12-13 წლის წინ?


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული წლის ბოლო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი გამორჩეულად აქტუალური პრობლემის წამოწევით აღინიშნა: ესაა განსაკუთრებით დიდი ოდენობის კრედიტები,

რომელიც ამ 12-13 წლის წინათ ათეულობით სხვადასხვა ორგანიზაციამ აიღო სესხად და მათ უდიდეს ნაწილს აღარც დაუბრუნებია. კრედიტების უანგარიშოდ გაცემამ გააუფასურა საქართველოს მოქალაქეთა ფინანსური დანაზოგი და ანაბრები. 2004 წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ უარი თქვა ბოლომდე მიჰყოლოდა სიმართლის ძიებას და გამოემზეურებინა კრედიტის გამტანთა ვინაობა მაინც. სამაგიეროდ, გაზეთმა “24 საათმა” გამოაქვეყნა იმ კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაციების სია, რომელთაც ხსენებულ კრედიტებს აძლევდნენ. მე შევეცადე დამედგინა თუნდაც რამდენიმე პიროვნება, ვისაც ამ საქმეში ხელი ერია.

გაზეთ “24 საათის” რედაქტორმა პაატა ვეშაპიძემ უარი განმიცხადა იმ ადამიანთა დასახელებაზე, ვინც გამოქვეყნებული ორგანიზაციების სახელთა მიღმა დგას. პაატა ვეშაპიძე ამბობს, რომ პიროვნებათა დასახელება მთლიანად სამძებრო ორგანოების საქმეა, ისიც მას შემდეგ, რაც პროკურატურა გამოიკვლევს. ვეშაპიძის აზრით, სახელთა გამომზეურება მედიის კომპეტენციას სცილდება.

[ვეშაპიძის ხმა] “ჩვენს ნუსხაში არიან ისინი, ვინც კეთილსინდისიერად გამოიყენა კრედიტები და ისინიც, ვინც არაკეთილსინდისიერად და პირადი გამდიდრების მიზნით მოიხმარა ისინი.”

კრედიტების კეთილსინდისიერი გამოყენების ნიმუშად პაატა ვეშაპიძე ორ ბიზნესჯგუფს ასახელებს - “თი-ბი-სი”-სა და “კოკა-კოლა”-ს, შესაბამისად, თემურ ჭყონიასა და მამუკა ხაზარაძეს. რაც შეეხება აღებული კრედიტებით არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებას, არამედ მათ დაბრუნებას მევალისათვის, პაატა ვეშაპიძე აღნიშნავს:

[ვეშაპიძის ხმა] “დაბრუნება მაშინ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა იმ პერიოდის ჰიპერინფლაციისა და რუსული მანეთისა თუ ქართული კუპონის დევალვაციის გამო. თუ გაგქონდა, უხეშად რომ ვთქვათ, მილიონი დოლარის ეკვივალენტი კუპონებში, 6 ან 8 თვის შემდეგ იმავე რაოდენობის კუპონის დაბრუნება შეიძლებოდა 100 დოლარის ღირებულების კუპონებით.”
პაატა ვეშაპიძე ამბობს, რომ კრედიტის გამტანი უამრავი ორგანიზაცია ცრუმაგიერი იყო და შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ კრედიტი აეღო. ასეთია, მაგალითად, “უცხოეთთან ურთიერთობის გურჯაანის განყოფილება”, მირიანის მეფრინველეობის ფაბრიკა, წნორის მეცხოველეობის ფერმა, დიზაინისა და არქიტექტურის ცენტრი, რომელთაც დიდი ოდენობით აქვთ კრედიტი გატანილი. “24 საათის” რედაქტორი პაატა ვეშაპიძე არ ამხელს ამ ორგანიზაციათა უკან მდგომ პიროვნებებს, თუმცა დასძენს, რომ სამართალდამცავი სამსახურებისათვის მათი დადგენა ძალიან იოლია.

პაატა ვეშაპიძეს ერთი გვარი, ასე ვთქვათ, მაინც დავტყუე, როცა ვთხოვე ისეთი კომპანია ან პიროვნება დაესახელებინა, რომელიც ან აღარ არსებობს, ან საქართველოდან არის გაქცეული. ასეთი აღმოჩნდა ვინმე სურგულაძე: თვითონ საზღვარგარეთაა, ხოლო მისი კუთვნილი ვესტაბანკი აღარ არსებობს.

ჩვენი საუბრის ბოლოს პაატა ვეშაპიძეს ვკითხე, თუ არიან 12-13 წლის წინანდელ კრედიტის გამტანთა შორის ის ადამიანები, დღეს საქართველოს სახელისუფლებო და ბიზნეს ელიტას რომ განეკუთვნებიან.

[ვეშაპიძის ხმა] “ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ არიან, თანაც ხელისუფლების ძალიან მაღალი რანგის მოხელეები. აგრეთვე არის ეჭვი, რომ საქართველოში ცნობილმა ბიზნესორგნიზაციებმა სწორედ კრედიტებით აიდგეს ფეხი და დღესაც იმ ფულს ატრიალებენ.”

ჩვენთან საუბრისას პაატა ვეშაპიძეს არაერთხელ მოუხდა გამეორება, რომ გვარების დასახელებისგან თავს იმიტომაც იკავებს, რომ ცდილობს, დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია.
XS
SM
MD
LG