Accessibility links

logo-print

წლის მოვლენები, წლის ადამიანი, წლის წარმატება და წარუმატებლობა - რუსული


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წლის მოვლენები, წლის ადამიანი, წლის წარმატება და წარუმატებლობა - რუსული პრესის ყურადღების ცენტრში სწორედ ეს თემები იყო მოქცეული.

გაზეთის და ინტერნეტგამოცემის სიმპათიებიდან გამომდინარე, ჩამონათვალი განსხვავებულია, თუმცა რამდენიმე მოვლენა თითქმის ყველა გამოკითხვაში ფიგურირებს. რომელი მოვლენები მიიჩნიეს 2004 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებად რუსმა ჟურნალისტებმა?

ბესლანის მოვლენები, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია, აფეთქებები მოსკოვის მეტროში, აკვაპარკის ჩამონგრევით გამოწვეული მსხვერპლი - ეს ის მოვლენებია, რომლებიც თითქმის ყველა გაზეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალში მოხვდა. სხვათა შორის, თუ გაზეთის ჟურნალისტები მხოლოდ საკუთარი გემოვნებით აკეთებდნენ არჩევანს, ინტერნეტგამოცემებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები იმ სტატიების დახმარებით დაადგინეს, ვინც ყველაზე მეტმა მკითხველმა წაიკითხა. მაგალითად, ინტერნეტგამოცემა „ლენტას“ ჩამონათვალში აღმოჩნდა ის მოვლენები, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე, და ასევე თემები, რომლებიც 2004 წლის მანძილზე მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა. ასეთთა შორის აღმოჩნდა ტელეკომპანია „ნტვ“-დან ჟურნალისტ ლეონიდ პარფიონოვის დათხოვნის ამბავი - როგორც გახსოვთ, იგი ტელეკომპანიის ეთერში ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ზელიმხან იანდარბაევის ქვრივის ინტერვიუს გაშვება-არგაშვების საკითხს შეეწირა. მკითხველთა და ჟურნალისტთა აზრით, პარფიონოვის მაგალითი ყველაზე უკეთ მეტყველებს რუსეთში სიტყვის თავისუფლების ხარისხზე.
მკითხველი არ მოჰკლებია სტატიას მიხეილ სააკაშვილის რუსეთისადმი ფარული სიძულვილის შესახებ. „ლენტას“ ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში მოქმედებს არა ზუსტი გათვლით, არამედ თავისებური გეოპოლიტიკური მითოლოგიის მიხედვით, რომელიც მას რუსეთთან დაპირისპირებისკენ უბიძგებს.
კიდევ ერთი სტატია, რომელმაც მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია და რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს საქართველოსთან, არის რუსი პოლიტილოგის სტანისლავ ბელკოვსკის სტატია. მისი გმირია რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც ავტორი მარტოხელა ტრაგიკულ ფიგურას უწოდებს. ბელკოვსკის აზრით, პუტინის სიმარტოვე და ტრაგიკულობა 2004 წელს შემდეგმა მოვლენებმა გამოიწვია: ვარდების რევოლუციამ საქართველოში, პოლიტიკური სცენიდან ასლან აბაშიძის წასვლამ და ჩეჩნეთის პრეზიდენტის ახმედ კადიროვის მკვლელობამ. ბელკოვსკის აზრით, დსთ-ს მომავალი, მეტწილად, უკრაინის არჩევნების შემდეგ გაირკვევა. „იგი, როგორც ჩანს, მართალი აღმოჩნდა,“ - წერს „ლენტა“.

და ბოლო სტატია, რომელიც საქართველოს ლიდერს ეხება: ინტერნეტგამოცემა „ლენტას“ ცნობით, საქათველოში 2004 წლის ყველაზე გავლენიან და პოპულარულ ადამიანად მიხეილ სააკაშვილი აღიარეს მაშინ, როცა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთის ყველაზე პოპულარულ პიროვნებად არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი ფრადკოვი დასახელდა. თანაც იგი, ანუ ფრადკოვი, ყველაზე გავლენიან ადამიანად არა რუსმა ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა, არამედ გაზეთმა „გარდიანმა“ დაასახელა, რომლის აზრითაც, 2004 წლის ყველაზე წარუმატებელი ადამიანი რუსეთში ვლადიმირ პუტინია.
XS
SM
MD
LG