Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის პრეზიდენტის არჩევნები - ცვლილებების დასაწყისის ახალი შანსი


9 იანვარს პალესტინელები არჩევნებზე წავლენ, რათა იასირ არაფატის შემცვლელი ახალი ლიდერი აირჩიონ. არჩევნები განიხილება იმ საკვანძო მოვლენად, რომელმაც ხელი უნდა

შეუწყოს არაბებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო პროცესის განახლებას. მაგრამ კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად იზრდება ძალადობის ტალღა, გახშირდა პალესტინელთა თავდასხმები ისრაელზე, რასაც თან სდევს ისრაელთა ფართომასშტაბიანი ოპერაციები ღაზას სექტორში. ასეთი მოვლენები კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას და საარჩევნო კამპანია არასასურველ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.

იასირ არაფატის შემცვლელის, პალესტინის ახალი პრეზიდენტის გამოსავლენად დაგეგმილი არჩევნები განიხილება ახალ იმპულსად ისრაელებისა და პალესტინელებისთვის, რათა მათ სამშვიდობო პროცესში წინ წაწევა შეძლონ.

დიდ იმედებს ამყარებენ მაჰმუდ აბასზე, რომელიც ფავორიტია კვირას დაგეგმილ არჩევნებში. მისი კანდიდატურა ვაშინგტონისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. აბასის მიმართ სიმპათიები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში განაცხადა, ოთხი წლის მანძილზე ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლები შეცდომა იყო და ეს უნდა დამთავრდესო.

მაგრამ ბოლო დღეებში, ღაზას სექტორში მომხდარი შეტაკებების გამო, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ამის შემდეგ აბასის გაწონასწორებული გამოსვლები თანდათან რადიკალურმა რიტორიკამ შეცვალა.

სამშაბათს, მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორში ისრაელი სამხედროების მიერ მოკლული იქნა 7 პალესტინელი, აბასმა ”სიონისტი მტერი” უწოდა ისრაელს. ამას წინ უძღოდა ებრაულ დასახლებაზე პალესტინელთა თავდასხმები.

(აბასის ხმა არაბულად)
”ჩვენ ვლოცულობთ იმ წამებულთა სულებისთვის, რომლებიც დღეს დახოცა ჩვენმა სიონისტმა მტერმა.”

აბასის ამ განცხადებას უმალვე გამოეხმაურა ისრაელი. საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა განაცხადა, აბასის გამონათქვამი მიუღებელია, გაცხარებული საარჩევნო კამპანიის მიუხედავადო.

(შალომის ხმა ინგლისურად)
”ის ახლა იყენებს სიტყვებს, რომლებიც ადრე არასდროს უხმარია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნების ან საარჩევნო კამპანიის დროს მას არ უნდა წამოეყენებინა ასეთი ბრალდებები.”

აბასთან დაკავშირებით მეორე უცნაურ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი გასულ კვირას, როდესაც პალესტინელ მეომრებს იგი ხელში აყვანილი მიჰყავდათ ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეკრებაზე. ამ ინციდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კრიტიკა დაიმსახურა.

მანამდე აბასმა მოუწოდა პალესტინელ მეომრებს შეეწყვიტათ რაკეტების სროლა ებრაულ დასახლებათა მიმართულებით. მისმა ამ განცხადებამ განრისხება გამოიწვია რადიკალური შეიარაღებული დაჯგუფებებისა - ისეთების, როგორიცაა ჰამასი. ამ დაჯგუფებებმა მოითხოვეს, რომ აბასს ბოდიში მოეხადა და განაცხადეს, რომ არ შეწყვეტენ ეგრეთ წოდებული ”თავისუფლების რაკეტების” გაშვებას. აბასმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე, მაგრამ მეომრების დასაშოშმინებლად განაცხადა, რომ ხელს არასოდეს აღმართავს მათ წინააღმდეგ.

აბასს ისიც არაერთხელ უთქვამს, რომ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება სურს. ეს კი ძალადობის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელი იქნება.

თური მუნთე, ლონდონელი ანალიტიკოსი, აბასის ახალ უკომპრომისო რიტორიკასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარ ელექტორატთან ბანქოს თამაშობს:

(მუნთეს ხმა ინგლისურად)
”ჩემი აზრით, რასაც ვხედავთ, ეს აგიტაციაა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აბასის პოზიცია ზომიერი იყო. ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ის, რომ იგი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ხმები მიიღოს.”

თუ აბასი პალესტინელი ხალხის ლიდერად აირჩიეს, მას, ასე თუ ისე, მოუწევს თავისი პოპულარული რიტორიკა ისეთ პოლიტიკად აქციოს, რომელიც ყველა პალესტინელს დააკმაყოფილებს.

ასეთი წინააღმდეგობრივი ვითარების მიუხედავად, თუ პალესტინელთა ახალი ლიდერი სამშვიდობო რეფორმების გატარებას შეძლებს, ამერიკის შეერთებული შტატები 200 მილიონიანი დახმარების პირობას იძლევა.
პალესტინელთა ახალ არჩევანს ოპტიმიზმით მოელის ისრაელის ხელისუფლებაც და იმედოვნებს, რომ ახალი ლიდერი შეძლებს ძალადობის შეწყვეტას.
XS
SM
MD
LG