Accessibility links

logo-print

ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად კიდევ 540-მდე ქართველი ჯარისკაცი უნდა გაემგზავროს


იანვრის შუა რიცხვებში ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად კიდევ 500 - ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი ჩავა. მათ - შავნაბადას, იმავე მეთერთმეტე

ბრიგადის 113-ე ბატალიონის, ჯარისკაცებს - თავდაპირველად კუვეიტში ჩაიყვანენ, იქიდან კი დაახლოებით 2 კვირაში ბაღდადში გადააფრენენ. ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში ამჟამად კომანდოს ბატალიონის 300-მდე მოსამსახურე მონაწილეობს, ბაღდადში შავნაბადას ბატალიონის ჩასვლის შემდეგ კი საქართველოს სამშვიდობო მისია საგრძნობლად გაიზრდება. რატომ და რა ფუნქციით მიდიან ქართველი ჯარისკაცები ერაყში?

ბაზების დაცვა, პატრულირება, სნაიპერული და ნაღმმტყორცნელთა საწინააღმდეგო ოპერაციები, ძებნა, ჩხრეკა, რეიდები - ერაყში, ქალაქ ბაქუბაში, ამ ფუნქციებს კომანდოს ბატალიონის 300-მდე ჯარისკაცი ასრულებს. ერაყში, კერძოდ კი, ბაღდადში ჩასვლის შემდეგ შავნაბადას ბატალიონის ჯარისკაცებს ბაქუბაში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისგან ცოტა განსხვავებული მისიის შესრულება მოუწევთ. ზუსტად რა დავალებებს შეასრულებენ ისინი, ამის შესახებ განმარტება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გიორგი კაკიაშვილს ვთხოვეთ.

[გიორგი კაკიაშვილის ხმა] “ისინი იქნებიან ბაღდადში, მთელი ბატალიონი მიდის. აქედან 200 ჯარისკაცი გაეროს მისიას დაიცავს - არჩევნებთან დაკავშირებით იქ დიდი მისია იქნება. დანარჩენი - დაახლოებით 340 კაცი - იქნება მუდმივ მზადყოფნაში, მუდმივ წვრთნაში იმ შემთხვევებისთვის, თუ მოხდება დესტაბილიზაცია ან რაიმე სერიოზული ამბავი. “

შავნაბადას ბატალიონის სამხედროთა ერაყში გამგზავრება 10-დან 20 იანვრამდე იგეგმება. ჯარისკაცებს კუვეიტში - შემდეგ კი ბაღდადში - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით გადააფრენენ. კონტრაქტის მიხედვით, მათი სამშვიდობო მისია ერაყში 6 თვეს უნდა გაგრძელდეს. შავნაბადას ბატალიონის ერაყში ჩასვლით საქართველოს სამშვიდობო მისია ამ ქვეყანაში საგრძნობლად გაიზრდება:

[გიორგი კაკიაშვილის ხმა] “იზრდება, სერიოზულად იზრდება. სულ მალე საქართველოს ერაყში 850-მდე სამხედრო მოსამსახურე ეყოლება. “

ერაყში საქართველოს სამშვიდობო მისიის დაახლოებით ოთხჯერ, 850 კაცამდე, გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლის ნოემბერში მიიღო და ეს გადაწყვეტილება ანტიერაყული კოალიციის წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებით ახსნა. ითქვა ისიც, რომ ერაყში ქართველ მშვიდობისმყოფელთა დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის მოთხოვნა შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან წამოვიდა. და მაინც, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში საქართველოს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლობის მკვეთრად გაზრდის განზრახვა საზოგადოების ნაწილმა მაინცდამაინც გონივრულად არ მიიჩნია, ნაწილმა კი საკითხს პოლიტიკის კუთხით შეხედა და გაამართლა.


ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მანძილზე ქართველმა ჯარისკაცებმა კოალიციური ჯარების სამხედრო სარდლობის არაერთი მადლობა დაიმსახურეს. 4 ქართველი ჯარისკაცი იქ დაიჭრა კიდეც. ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობის გავლის შემდეგ ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ჯარისკაცებმა ამას ერაყში დაბრუნება და სამხედრო სამსახურის ამოწურვა ამჯობინეს. პრეზიდენტის 355-ე განკარგულებით, ერაყის სამშვიდობო ოპერაცია მაღალი რისკის ოპერაციად განისაზღრა და იქ მომსახურე ქართველი ჯარისკაცებისთვის ხელფასი 30 პროცენტით გაიზარდა. მაღალი რისკის ოპერაციაში მონაწილეობისთვის ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს ბიუჯეტიდან თვეში 900 დოლარს უხდიან. მიუხედავად იმისა, ღირს თუ არა ასეთი ანაზღაურება თავის განწირვად, ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ენთუზიაზმით მიდიან.
XS
SM
MD
LG