Accessibility links

logo-print

საქართველოში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს


7 იანვარს საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები - რუსი, უკრაინელი, ბულგარელი და სერბი ერთმორწმუნეების მსგავსად - იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.

ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა, ხოლო წმინდა სამების საკათედრო ტაძარში პირველი საშობაო წირვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

7 იანვრის დილა საქართველოში საშობაო ალილოთი დაიწყო. შობის მახარობლები თბილისის ქუჩებში დილის 12 საათიდან, საზეიმო წირვის დასრულებისა და ზიარების მიღების შემდეგ, გამოჩნდნენ.

[მღერიან ბავშვები] “ოცდა, ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და…”

მამა მიქაელ ბუკია, რომელსაც მე ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ველაპარაკე, განმარტავს, რომ სიტყვა “ალილო” “ალილუიადან” მოდის, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს - “ ვაქებ, ვადიდებ უფალს”:

[მამა მიქაელის ხმა] “თან ერთვის ამ დღესასწაულს ისიც, რომ ალილოზე გროვდება შემოწირულობები, ნებაყოფლობით მოსახლეობისაგან გაღებული, ძირითადად, პროდუქტის სახით. შემდეგ კი მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ…”

და მართლაც, მეალილოეთა თქმით, შობის დღესასწაულზე შეგროვებულ შემოწირულობებს ისინი მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს, საავადმყოფოებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადასცემენ.

[ბავშვის ხმა] “ბავშვთა სახლში უნდა გავგზავნოთ, იმიტომ რომ ჩვენ მათზე შეძლებულები ვართ, ისინი კი მიტოვებულები არიან.”

თუმცა ალილომდე იყო საზეიმო წირვა, რომელიც საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღევლინა. წმინდა სამების ახლად გახსნილ ტაძარში კი თავად კათალიკოს-პატრიარქი წირავდა.

[კათალიკოს-პატრიარქის ხმა] “ეს არის პირველი შობა ამ წმინდა ტაძარში და ნიშანია იმისა, რომ მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება აუცილებლად მოელის საქართველოს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვწამდეს, სიკეთე ვაკეთოთ, სიყვარული ვთესოთ და ყველაფერი კარგად იქნება.”

მშვიდობა და სიყვარული, ქვეყნის კეთილდღეობა და სიძლიერე - ეს არის ის სურვილები, რომელიც შობაღამით ეკლესიებში მისული ადამიანების უმეტესობამ ჩაუთქვა.

[ქალბატონის ხმა] “პირველ რიგში, გადავწერ ხოლმე პირჯვარს საქართველოს. თუ საქართველო ფეხზე არ დადგება, ჩვენთვის მშვიდობა არასდროს არ იქნება.”

[ქალბატონის ხმა] “გზა ჰქონდეს საქართველოს ნათელი და მერე ეს სინათლე ჩვენს ოჯახებშიც შემოაღწევს.”

[მამაკაცის ხმა] “ღმერთს ვთხოვე, რომ ჩემი ოჯახი ამყოფოს კარგად და მთლიანად საქართველო. ამას ვიძახი ყოველთვის.”

[ქალბატონის ხმა] “ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს, აფხაზეთს, სამაჩაბლოს - სიტკბო, სიხარული მოუტანოს შობამ, შერიგდნენ. ჩვენი ერი რომ გაერთიანდება, მერე ნამდვილად აღარაფერი გაუჭირდება.”

და მართლაც, ქართველი მართლმადიდებლები შობას ყველაზე დიდ დღესასწაულად მიიჩნევენ. მათი თქმით, რომ არა შობა, არ იქნებოდა არც ჯვარცმა, არც აღდგომა და, შესაბამისად, ადამიანი დარჩებოდა სამუდამო ცოდვაში. ქრისტეს დაბადებით ადამიანებს გაეხსნათ გზა უფლისკენ. თუმცა მამა მიქაელ ბუკია შობას მხოლოდ 20 საუკუნის წინათ მომხდარ სასწაულად არ მიიჩნევს:

[მამა მიქაელის ხმა] “მთავარი არის ადამიანმა ეს შობა რაღაც დროში და სივრცეში კი არ წარმოიდგინოს, რომ რაღაც კონკრეტულ დროს მოხდა, არამედ
შობა შეიძლება ყოველ წელს მოხდეს, ყოველ წუთს მოხდეს თითოეული ჩვენგანის გულში, ყოველი ადამიანის გულში. - მთავარია, უფალი ჩვენში იშვას.”

[ისმის გალობა]
XS
SM
MD
LG