Accessibility links

logo-print

საზოგადოების ნაწილი საქართველოს შესაძლო ფედერალიზაციის წინააღმდეგ გაერთიანდა

  • ნინო როდონაია

კვირას ოფიციალურად დაარსდა მოძრაობა ,,უნიტარული საქართველო,” რომელიც ინდივიდუალურად გაწევრიანებულ მოქალაქეთა არაპარტიულ, დროებით საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენს.



მისი ერთადერთი მიზანია, არ დაუშვას ქვეყნის ფედერალიზაცია, რომელსაც მოძრაობის წევრები ,,ერის სახელმწიფოებრივ თვითმკვლელობად” აფასებენ.
მინდა ,,უნიტარული საქართველოს” წარმომადგენელთა არგუმენტებზე მოგითხროთ:

საქართველოს ფედერალიზაცია, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის იქნება ის, საბოლოოდ მოშლის ქართულ სახელმწიფოებრიობას, - ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც მოძრაობა ,,უნიტარულმა საქართველომ” გამოაქვეყნა:

[მიხო ნანეიშვილის ხმა] ,,ფედერალიზაციის იდეას არანაირი საფუძველი არ გააჩნია საქართველოში - არც მისი პოლიტიკური ტრადიციის თანახმად, არც საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის თანახმად. როგორც ცნობილია, ფედერაციული სახელმწიფოები იქმნება სულ სხვა პირობებში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის ყოფილი წევრი, ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი განმარტავს, რომ, ფედერალური მოწყობის შემთხვევაში, აფხაზეთი გამოცხადდება არაქართულ ტერიტორიად, რომელიც ეკუთვნის აფხაზ ერს, ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” კი თავისთავად ცხადყოფს, რომ ეს საქართველო არ არის:

[მიხეილ ნანეიშვილის ხმა] ,,ამას პირდაპირ მივყავართ იქითკენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ოსეთი განაცხადებს პრეტენზიას, რომ რა დავაშავეთ ასეთი, რომ ცივი ომის დროინდელი გერმანიასავით ორად ვართ გაყოფილი? რადგან ჩვენ ვაღიარეთ, რომ ეს ტერიტორია სამხრეთ ოსეთია, ჩვენ ვერანაირად ვერ აღვუდგებით წინ ამ ორი, ასე ვთქვათ, მიწის გაერთიანებას. იგივე ეხება აფხაზეთსაც.” (სტილი დაცულია)

პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ფედერალური მოწყობა ქვეყნის შემდგომი დანაწევრების საფუძველს შექმნის. იგი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფედერალიზმი მიმზიდველი იქნება საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის:

[მარიამ ლორთქიფანიძის ხმა] ,,აქ ერთი რამ არის, იმათ უნდა დაკარგონ ზურგი. მეტი არაფერი მათთან არ გამოვა. თუ იმათ ზურგი ეყოლათ და ეს არის რუსეთი, ვერაფერი, რაც არ უნდა შევთავაზოთ, ისინი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შემოსვლას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, არავითარი ფორმით. მე ამაში დარწმუნებული ვარ.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, უნიტარიზმის მომხრე მარიამ ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ამგვარი მოდელი არაქართველი მოსახლეობის თვითმმართველობის საფუძველს შექმნის.
მოძრაობა ,,უნიტარული საქართველოს” წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის ფართო ავტონომიას, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ ავტონომიას და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილობრივ თვითმმართველობას ყველაზე უკეთ საქართველოს დეცენტრალიზებული უნიტარული მოწყობა უზრუნველყოფს. ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი საგანგებოდ შენიშნავს, რომ ავტონომია სწორედ უნიტარულ სახელმწიფოებში არსებობს და არ წარმოადგენს ფედერაციის სუბიექტს.
საქართველოს ფედერალიზაციაში საფრთხეს ხედავენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ექსპერტებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი დაქუცმაცებული ფეოდალური ქვეყნის ერთგვარი აღდგენა იქნება.
საქართველოს შესაძლო ფედერალიზმის მიღმა მიხეილ ნანეიშვილი კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ხედავს:

[მიხეილ ნანეიშვილის ხმა] ,,არანაირად არ არის ეს დაკავშირებული, როგორც ხშირად ლაპარაკობენ ამ იდეის მომხრეები, აშშ-ის მთავრობასთან. ეს არის წმინდა რუსული იდეა.” (სტილი დაცულია)

,,უნიტარული საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში მოხსენიებულია რუსეთიც, უფრო კონკრეტულად კი საუბარია საქართველოდან რუსული სამხედრო ძალის, მათ შორის, სამშვიდობო კონტინგენტის გასვლის აუცილებლობაზე. ქვეყანაში მათ ყოფნას ოკუპაციას უწოდებს პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე:

[მარიამ ლორთქიფანიძის ხმა] ,,სასურველია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა იზრუნონ იმის შესახებ, რომ სამშვიდობო ჯარი შეიცვალოს ინტერნაციონალური სამხედრო ნაწილებით, მაგრამ ამ ინტერნაციონალურში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ჩვენი უშუალო მოსაზღვრე სახელმწიფოების ჯარის წარმომადგენლები.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ მარიამ ლორთქიფანიძეს ეს პრობლემა რთულად გადასაწყვეტად მიაჩნია, ის ამბობს, რომ საქართველომ საკითხი აუცილებლად უნდა დასვას.
მოძრაობა ,,უნიტარული საქართველო,” რომლის დეკლარაციას ხელს არაერთი ცნობილი პიროვნება აწერს, მზად არის ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და ხელისუფლებასთან, რათა განისაზღვროს ქვეყნის მოწყობის ყველაზე მისაღები მოდელი. რაც შეეხება მოძრაობის მხარდაჭერას უნიტარიზმისადმი, ფედერალიზმის მომხრეთა მიერ ამ მოდელის გაიგივებას მხოლოდ ძლიერ ცენტრთან, მიხეილ ნანეიშვილი ფუნდამენტურ უმეცრებას ან ბრძოლის არცთუ სუფთა ხერხს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებით ყველაზე დამძიმებული სწორედ ფედერალური სახელმწიფოა:

[მიხეილ ნანეიშვილის ხმა] ,,ავტონომიაც და ფართოდ განვითარებული თვითმმართველობაც სწორედ უნიტარული სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი. ფედერალურში ავტონომია არ შეიძლება, მაგრამ თვითმმართველობა შეიძლება იყოს განვითარებული, შეიძლება - არა. დამისახელონ ერთი სახელმწიფო, რომელიც აღემატებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებით ისეთ უნიტარულ ქვეყანას, როგორიცაა ინგლისი ან ჰოლანდია.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ამა თუ იმ მოდელით მოწყობილ სახელმწიფოში უნდა იცხოვრონ, მათი უდიდესი ნაწილისთვის უცნობია, თუ რას ნიშნავს ფედერალიზმი ან უნიტარიზმი და რომელი მათგანი გვჭირდება. მოსახლეობისთვის ამის განმარტებისა და საჯარო დისკუსიისა და კონსულტაციების სურვილს ხელისუფლება ჯერჯერობით არ ამჟღავნებს.
XS
SM
MD
LG