Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული წელი საბიუჯეტო წარმატებით აღინიშნა, მაგრამ ბიზნესის ძირითადი მოლოდინი 2005 წელთანაა დაკავშირებული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული წლის მთავარი ეკონომიკური მიღწევა, რომელსაც წლის შედეგების შეჯამებისას ხაზგასმული კმაყოფილებით აღნიშნავს ხელისუფლება, საბიუჯეტო სფეროსთან იყო დაკავშირებული.

2004 წელი მართლაც განსხვავებული აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს გახლდათ წელი, რომელიც მთავრობამ შესრულებული ბიუჯეტით დაასრულა, უფრო მეტიც, წლის განმავლობაში მთვარი ფინანსური კანონი 3-ჯერ შეიცვალა და წინა წლებისაგან განსხვავებით ეს ცვლილებებიც ასევე პირველად შემოსავლების ზრდის მიმართულებით განხორციელდა. საბიუჯეტო წარმატება მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა. 2004 წელს საქართველომ ასევე აქამდე ეკონომიკურ თეორიაში უნიკალურ ეფექტს მიაღწია და ქვეყნის ხაზინა კორუმპირებული ჩინოვნიკების დაჭერის და მათ მიერ გადახდილი თანხების ხარჯზე ასეული მილიონი ლარით შეავსო. საახალწლოდ კი საკანონმდებლო ორგანომ რეკორდულ ტემპში და უჩვეულოდ უხმაუროდ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ასევე პირველად საქართველოს ისტორიაში 2 მილიორდ ლარს აღემატება.

[ზურაბ ჟვანიას ხმა]- „აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ერთი წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ასეთი რამე მართლაც არ მომხადა არსად და არასოდეს დედამიწის ზურგზე. ამასთან ერთად ლაპარაკია, რომ წელს ბიუჯეტი უბრალოდ ტაბულები კი აღარ არის, არამედ წელს პირველად, შეიძლება ეს დოკუმენტი სრულყოფილი არ არის და ამქვეყნად აბსოლუტურად სრულყოფილი არაფერია, მაგრამ არასოდეს რაც არ მომხდარა, ასე გაწერილი ტექსტის მიხედვით თითოეული უწყებაში თითოეული ლარი რაზე უნდა დაიხარჯოს, აი ასეთი სახით შესთავაზა წლევანდელ წელს საქართველოს ბიუჯეტი პარლამენტს მთავრობამ“.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტი წლის ბოლოს ლამის ერთსულოვანი იყო, 2004 წლის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტრიგა მაინც ამ კანონთან იყო დაკავშირებული, რამაც „რევოლუციურ ტრიუმვირატში“ ბზარიც კი გააჩინა. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ საბიუჯეტო კანონის პროექტს პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ გამჭვირვალობა დაუწუნა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] – „ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ იმას, რომ ბიუჯეტი არ იყოს დეტალურად გაწერილი და ჩვენ არ ვიცოდეთ ელემენტარულად რა თანხები რაში იხარჯება“.

ქვეყნის მეორე და მესამე პირის დაპირისპირებაში პრეზიდენტი ჩაერია, რომელმაც საბიუჯეტო „ჰეფი-ენდი“თავის სანაძლეოში იწინასწარმეტყველა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] – „დაგენიძლავებით რაზეც გინდათ, რომ შეთანხმდებიან ბოლომდე და ბიუჯეტს მიიღებენ“

პრეზიდენტები, როგორც წესი, სანაძლეოებს არ აგებენ და საბოლოოდ, ყველაფერი ამ სცენარით წარიმართა.
ოფიციალური სტატისტიკით გასულ წელს საქართველოში დსთ-ს სივრცეში ყვალაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] – „წლევანდელ წელს დსთ-ს სივრცეში, ყოფილი საბჭოთა კავსირის სივრცეში, საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის – ალბათ 9-10 პროცენტზე გავალთ ჩვენ ამ წლის ბოლოს“.

ხელისუფლების ამ მოსაზრებას ნაკლებად ეთანხმებიან ეკონომიკური ექსპერტები, რომლებიც უმუშევრობის ზრდის მაღალი მაჩვენებლის, ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შეზღუდვის და კაპიტალის გადინების ფონზე ეკონომიკურ ზრდაზე საუბარს ალოგიკურად მიიჩნევენ.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] – „იმ ფონზე, როდესაც უმუშევრობა გეზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სამუშაო ადგილები შეგიმცირდა წარმოება ვიღამ გაზარდა ამ ქვეყანასი. ამ შემთხვევაში ალოგიკურია წარმოების ზრდაზე ლაპარაკი.“

ბიუჯეტთან ერთად ხელისუფლების საგანგებო სიამაყის საგანს გასული წლის ბოლოს მიღებული ახალი საგადასახდო კოდექსი წარმოადგენს, რომელიც პრემიერ მინისტრის თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ფისკალური კანონი იქნება.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] – „ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს ახალი საგადასახადო კოდექსი, კოდექსი, რომელითაც საქართველოში იქნება ყველაზე ცოტა და ყველაზე დაბალი გადასახადები, არამარტო მსოფლიოს ამ ნაწილში, არამედ მთლიანად მსოფლიო მასშტაბით ალბათ ცოტა არის ქვეყანა, სადაც ასეთი დაბალი გადასახადები დარჩა.“

ამდენად, 2004 წელი საქართველოს ეკონომიკაში აქამდე არნახული საგადასხადო ადმინისტრირებით და საბიუჯეტო დისციპლინით აღინიშნა, თუმცა საბიუჯეტო წარმატების ფონზე ზოგადად სოციალური მდგომარეობის სახიერი გაუმჯობესება ქვეყანაში არ იგრძნობა, ჯერჯერობით არც ბიზნეს გარემოს მკევთრ გაუმჯობესებაზე, ან შეპირებულ საინვესტიციო წვიმაზეც ნაადრევია საუბარი. წმინდა უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით კლებაც კი შეინიშნება. ამასთან მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ხოლო გაურკვეველი საგადასახადო პოლიტიკის და ერთგვარი მოლოდინის გამო ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო ამდენად, ხელისუფლების და ბიზნესის ძირითადი მოლოდინი მაინც 2005 წელთან არის დაკავშირებული, როდესაც ახალი საგადასახდო კოდექსი და მთავრობის მიერ დეკლარირებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა თავის პირველ შედეგებს გამოიღებს.
XS
SM
MD
LG