Accessibility links

''ქართველები პრაღაში'': მაკა სოსელია


კვლავ განვაგრძობთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში”. თუ ამ ციკლის წინა გადაცემებში პრაღაში მცხოვრები ქართველი მამაკაცები გაგაცანით,

ამჯერად ახალგაზრდა ქალბატონზე, მაკა სოსელიაზე, გესაუბრებით. ის უკვე 8 წელია ჩეხეთში იმყოფება. აქედან - შვიდი წელია, რაც პრაღაში ცხოვრობს და კარლოსის უნივერსიტეტში სწავლობს. მაკა, სწავლის გარდა, მუშაობს კიდეც პრაღის უძველეს ”სტარომესტკას” უბანში, ტურისტებით სავსე პატარა ქუჩაზე მდებარე გალერეაში.

[ისმის ქუჩის ხმაური]

ამ პატარა, ლამაზ, ქვაფენილით მოკირწყლულ ქვეითად მოსიარულეთა ქუჩაზე ბევრი სალონი და გალერეაა. მაკა სოსელია ერთ-ერთ მათგანში, ”გალერეა მიხალსკაში”, მუშაობს. მან 8 წლის წინ, სკოლის დამთავრებისთანავე, დატოვა საქართველო, რადგან კარლოსის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა გადაწყვიტა. თავდაპირველად ეს პროგრამა მსურველებს ჩეხური ენის შესწავლის საშუალებას აძლევს, შემდეგ კი შესარჩევი გამოცდები ტარდება და კარლოსის უნივერსიტეტში სწავლის პროცესი იწყება.

მაკა სოსელიამ ყველა ეს საფეხური გაიარა და ახლა ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურის მოსამზადებელ კურსზე სწავლობს - პოლიტოლოგიას, საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიას ეუფლება.
მე მას ვკითხე, ასეთი პროფესიის შესწავლის პროცესში რატომ გადაწყვიტა გალერეაში მუშაობა.

[მაკა სოსელიას ხმა] ”უბრალოდ, შემთხვევით მოვხვდი გალერეაში. ადრე ვმუშაობდი მაღაზიაში და ჩემმა მეგობარმა მთხოვა, ჩემთან იმუშავეო... ...აუცილებელია მუშაობა, ვინაიდან არავითარი დახმარება არ მაქვს მშობლებისგან და მარტო ვარ პრაღაში. 5000 კრონი არ არის საკმარისი და, უბრალოდ, მუშაობა მჭირდება.”

მიუხედავად ამ აუცილებლობისა, მაკა სიამოვნებით ასრულებს თავის სამუშაოს და გალერეის ყველა დამთვალიერებელს საინტერესოდ უხსნის სხვადასხვა მხატვრის ფერწერული თუ კერამიკული ნამუშევრის შექმნის სპეციფიკას და ისტორიას.

[მაკას ხმა] ”გალერეას ჰქვია ”გალერეა მიხალსკა”. არსებობს დაახლოებით 10 წელია, გვყავს უამრავი მხატვარი...
...ქართველი მხატვრის ნახატებს ყიდულობენ, ძირითადად, ბერძნები ესპანელები, ხანდახან - ამერიკელები.”

მაკა სოსელიას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამ სასიამოვნო გალერეაში აღარ მოუწევს არათავისი პროფესიით დასაქმება. კარლოსის უნივერსიტეტის განათლების მქონე ახალგაზრდისთვის რთული არ იქნება აქ, პრაღაში, პოლიტიკურ მეცნიერებებთან დაკავშირებული სამუშაო ადგილის პოვნა. თუმცა მაკა ამაზე არ ოცნებობს და 2 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
მე მას ვკითხე, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც საქართველოში მცხოვრები მისი თანატოლების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრებაზე ოცნებობს.

[მაკას ხმა] “სამშობლო და სახლი მაინც სამშობლოა. უბრალოდ, საქართველოს არაფერი არ ჯობია ჩემთვის...
... ყველაფერი ძნელია, მაგრამ ადამიანი რომ იბადება, ლაპარაკი არ იცის. რომ ჩავალ, ალბათ, შევძლებ რაიმეს გაკეთებას.”

[მეგრული ”ცირა”]
XS
SM
MD
LG