Accessibility links

logo-print

[ხმა -“მთრთოლვარე სხეული”] ეს ვიქტორ პლაცას ხმაა


[ხმა -“მთრთოლვარე სხეული”] ეს ვიქტორ პლაცას ხმაა

– პედრო ალმოდოვარის ფილმის, “მთრთოლვარე სხეულის”, მთავარი გმირის ხმა. ვიქტორს შობაღამეს შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ ელენამ სამშობიარომდე ვეღარ მიაღწია და მადრიდის ქუჩაში იმშობიარა. 26 წლის წინ, ფრანკოს ეპოქაში, ვიქტორიც ქუჩაში დაიბადა... “მაშინ ჩემი ქალაქი სულ სხვანაირად ხვდებოდა ახალ წელს, – ეუბნება თავის ახლად დაბადებულ ვაჟს ვიქტორი. – ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა, მადრიდი ჩაბნელებული და ცარიელი იყო. დღეს ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ესპანელები სახლებში აღარ იკეტებიან და ახალ წელს ქუჩაში ეგებებიან.”

2005 წლის პირველ დღეს - უფრო სწორად, პირველ ღამეს - ფრანკოს ეპოქის ერთი საწყალი მადრიდელი მეძავის შვილის, ვიქტორ პლაცას, ამ სიტყვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმეორებდნენ. 1986 წლის მადრიდისა არ იყოს, 2005 წლის თბილისში 30 000-მდე ადამიანი შეხვდა ახალ წელს თავისუფლების მოედანზე.

[ხმა. ახალი წლის შეხვედრა თავისუფლების მოედანზე] “ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი... გილოცავთ 2005 წელს!”

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია ორი წლის წინ, ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში, დამკვიდრდა, ახალი წლის ახლებურად შეხვედრას მაინც ახალი თაობის პოლიტიკოსების იდეად მიიჩნევენ. ხელისუფალთა ახალმა თაობამ კურსი ევროპაზე აიღო და 2005 წელს არა მარტო ევროპულად – ქუჩაში შეხვდა, არამედ ევროპული “შოუ-კოლექტივებიც” მოიწვია – ბრიტანული “აის-კოქტეილი” და გერმანული ლაზერ-შოუს სპეციალისტები. ინგლისელი მოციგურავეებისთვის საგანგებოდ დაიგო ყინული, რომელზეც მხოლოდ ევროპელი სტუმრები სრიალებდნენ... ქართველმა ბავშვებმაც მოინდომეს გასრიალება, ვიღაც-ვიღაცებმა დაიჯერეს კიდეც, რომ საციგურაო მოედანს თავისუფლების მოედანზე არდადეგების დასრულებამდე მაინც არავინ ახლებდა ხელს (სხვათა შორის, იმავე ევროპაში, პარიზის ცენტრში, პომპიდუს ცენტრთან, ასეთი მოედანი მთელი ზამთარი ღიაა ფრანგებისთვის), მაგრამ, ნურას უკაცრავად – ევროპა ჩვენთვის ისევ სცენად რჩება, ჩვენ შორის ისევ რამპაა, რომელსაც ახალ წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ: უყურეთ, დატკბით, თუ გნებავთ შამპანურიც შესვით, მაგრამ იყავით მხოლოდ მაყურებელი... მით უმეტეს, რომ ახალ წელს მთელი ცხოვრება ამ როლს თამაშობდით – სახლებში, სუფრასთან ისხედით და ტელევიზორს უყურებდით...

პატრულსა და ტელევიზორზე თუ ჩამოვარდა სიტყვა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ პოპულარული სატელევიზიო გადაცემის, “პატრულის”, საახალწლო გამოშვება, სადაც საპატრულო პოლიციის ფორმაში ცნობილი სახეები – პოლიტიკოსები, ტელეწამყვანები, ესტრადის მომღერლები - მანქანებს აჩერებდნენ და საახალწლოდ “ეხუმრებოდნენ” მძღოლებს: წესრიგი რატომ დაარღვიეთ, საბუთები რატომ არა გაქვთ წესრიგში, ნარკოტიკი რატომ გიდევთ მანქანაშიო... შეშინებული მძღოლები თავდაპირველად ვერ ცნობდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლებს – ანდა რა “ეელიტებოდათ” – ზოგმა შიშისგან ფერი ისე დაკარგა, რომ თუ არა ჯანმრთელი გული, ინფარქტი არ ასცდებოდა...

საერთოდ, ქართულ საახალწლო სივრცეში ახალი მოდა შეინიშნება – მოდა “ფარულ კამერებზე”, როცა მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს იდიოტურ მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე და ამაზე გაერთოს... ზოგიერთ ჟურნალისტს კი ისევ ეძლევა საშუალება გამოხატოს თავისი ძალაუფლება და ისიამოვნოს პაპარაცის როლით, რომელიც მშვენიერი საშუალებაა თვითდამკვიდრებისთვის.

არადა, მეტი რაღა დამკვიდრება უნდათ: 2005 წლის საშობაო და საახალწლო პროგრამებში ისინი ქართველი პოლიტიკოსებისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების თანასწორებად გრძნობდნენ თავს... საახალწლო “კარნავალი” ხომ ნიღბების ცვლას გულისხმობს – ჰოდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში შინ დარჩენილი მაყურებელი განსხვავებულ ქართულ არხებზე ხედავდა ერთსა და იმავე სურათს – როგორ იცვლიდნენ ნიღაბს პოლიტიკოსები, მომღერლები და ტელეჟურნალისტები... სწორედ ეს “სამება” იქცა საახალწლო-საშობაო ტელეეთერის ერთადერთ გმირად.

[ხმა] “რომელი ხარ შენ?” “ნათაძე, ნოდარი, სახალხო ფრონტის...”

საახალწლო-საშობაო გადაცემების ავტორებს, როგორც ჩანს, მართლაც უხარიათ, როცა პოლიტიკოსების მანიპულაციას ახერხებენ. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ქართველი პარლამენტარები, მინისტრები ადვილად ემორჩილებიან ამ გადაცემების ავტორთა მოწოდებას, ითამაშონ და იმღერონ ყველაფერი, რასაც სთავაზობენ, მაშინაც კი, როცა პირი უნდა გააღონ მხოლოდ.

[ხმა] “ასეთია ქურდი კაცის ბედი.”

ეს შარშანდელი საახალწლო პროგრამის განმეორებაა. “ქურდი კაცის” როლში აქ გურამ აბსნაძე მოგვევლინა. საახალწლო პროგრამების ავტორები ბატონ გურამის არტისტული ნიჭით ისე მოიხიბლნენ, რომ წელსაც გადაიღეს საახალწლო შოუში. ოღონდ ამჯერად გია ბარამიძესთან, კახა ბენდუქიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად. კიდევ ერთი განსხვავებით – მთავრობა ამ საახალწლო ხუმრობაში არა მარტო პირს აღებს, არამედ თავისი ხმით ლაპარაკობს კიდეც:

[ხმა. ზურაბ ჟვანია] “სალამი, პატივცემულო დევებო... თქვენ რა უფლებით გყავთ ეს კაცი დაპატიმრებული... ვიცე-პრემიერ-მინისტრია.”

წლევანდელ საახალწლო-საშობაო პროგრამებში ქართველმა პოლიტიკოსებმა, ფაქტობრივად, განდევნეს ტელეეკრანებიდან მსახიობები. და რატომ არ უნდა განედევნათ? მთელი წლის განმავლობაში სწორედ ეს ხალხი გადააქციეს ქართული ტელევიზიების ვარსკვლავებად და ახალმა წელმა რა დააშავა ვითომ?

[ხმა. “ახალი მემარჯვენეები”: “რაჭა, ჩემი სიყვარული”]

ეს საახალწლო ეთერის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნომერია... სიმღერას კინოფილმიდან “რაჭა, ჩემი სიყვარული” “ახალი მემარჯვენეების” ფრაქციის მამაკაცები მღერიან... უფრო სწორად, უმღერიან სადღაც ზევით, აივანზე მდგარ ქალბატონ მზია თოთლაძეს, მინდვრის ყვავილების თაიგულით ხელში. “ქეთო და კოტეს” მიზანსცენა ისეა გათამაშებული, თითქოს “ახალი მემარჯვენეები” ყარაჩოხელები იყვნენ, ქალბატონი მზია კი – ქეთო. თუმცა “კონტრაპუნქტი” მაინც მიღწეულია. კაცები სხვა სიმღერას მღერიან, სულ სხვა კინოფილმიდან.

[ხმა. რომან გოცირიძე] “გაუმარჯოს იმ დემოკრატიას, რომელსაც პირდაპირი ეთერი ჰქვია. საქართველოში არის პრესის თავისუფლება... მოდით, საქართველოს მასმედიას გაუმარჯოს, რომელიც დაბეგვრისგან განთავისუფლდა.”

ეს – პარლამენტარი რომან გოცირიძეა. მისი სადღეგრძელო წარმოთქმულია ტელეკომპანია 202-ის ეთერში. სხვათა შორის, 31 დეკემბერს, თავისუფლების მოედნის ტრანსლიაციას თუ არ ჩავთვლით, 202-ის შოუ ერთადერთი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადმოსცეს - ნათხოვარი კამერებით, ცუდი განათებით და უამრავი ტექნიკური ხარვეზით. საინტერესოა, რომ აქ, საახალწლო-სატელევიზიო სუფრასთან, თავი მოიყარეს იმ პოლიტიკოსებმაც, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს. მოკლედ, საახალწლოდ აქ კინაღამ “დებატები” დაიწყო. ვერ გეტყვით, როგორი იყო ამ შოუს რეიტინგი, მაგრამ ფაქტია: ტელეკომპანია 202-მა უარი თქვა საახალწლო მასკარადზე და ყოველგვარი ბერიკაობისა და ნიღბების ცვლის გარეშე მაყურებელს უჩვენა ის ხალხი, ვინც რეიტინგს უქმნის საქართველოს ტელეარხებს – ახალი ვარსკვლავები, ქართველი პოლიტიკოსები – პოზიცია და ოპოზიცია.

არა... 2005 წლის საქართველო ჯერ ნამდვილად არ არის 1986 წლის ესპანეთი. საახალწლოდ ხალხი ისევ მაყურებლის როლში რჩება - ქუჩაშიც და სახლშიც. მერე კი, როცა საახალწლო-საშობაო დღესასწაულები მთავრდება, ნაბახურევზე, თავის ტკივილი როცა აწუხებს, ყოველ წელს ერთსა და იმავეს ამბობს: “რა ცუდი გადაცემები იყო ახალ წელს."
XS
SM
MD
LG