Accessibility links

logo-print

ზუსტად 10 დღეში რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყება


ზუსტად 10 დღეში რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყება. საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების, ტვირთების გადაზიდვისა

და ექსპლუატაციის დროებითი წესების შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმება უკვე გაფორმებულია. მას საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა მოაწერა, რუსეთის მხრიდან კი - ამ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა. რუსეთი იქნება რიგით მეხუთე ქვეყანა, რომელთანაც საქართველო პირდაპირ საბორნე მიმოსვლას განახორციელებს.

დღემდე საქართველო პირდაპირ საბორნე- სარკინიგზო მიმოსვლას უკრაინასთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ახორციელებს. ზუსტად 10 დღეში ამ ქვეყნებს რუსეთიც დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთისკენ და, პირუკუ, რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალ ტვირთებს აღარ დასჭირდება უკრაინის გადაკვეთა. მხარეები მიიჩნევენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში - მათ შორის, კომბინირებულ გადაზიდვებს - და საგრძნობლად შეამცირებს ტვირთებზე ტარიფებს.


ფოთის პორტსა და პორტ კავკაზს შორის პირდაპირი საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლის პროექტი რუსეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ნოემბერში განიხილეს. პროექტის რეალიზაცია მაშინ აპრილისთვის დაიგეგმა, თუმცა პროცესი დაჩქარდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი და რუსეთის ტრასპორტის მინისტრი თბილისში ბორნის ამოქმედებისა და ტვირთის გადაზიდვის დროებით წესებზე შეთანხმდნენ. იანვრის შუა რიცხვებიდან ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ კავკაზს შორის ბორანი იმოძრავებს.

[გენო მურადიანის ხმა] “ პირველ ეტაპზე კვირაში ერთხელ 30 ვაგონი გადავა, შემდგომში იქნება კვირაში 2-3 ბორანი. ეს ნიშნავს, რომ 80-90 ვაგონი გადავა რუსეთში. რუსეთი კი არის სერიოზული ბაზარი ჩვენთვის და მთლიანად რეგიონისთვის, მათ შორის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. “

ეს იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გენო მურადიანი. მისივე თქმით, თუ აქამდე საბორნე გადასასვლელით საქართველოდან დაახლოებით 350 ვაგონი ტვირთი გადიოდა, პორტ კავკაზის ჩართვის შემდეგ ამას კიდევ 500 დაემატება. ამ ყველაფრის მიღმა იგულისხმება ეკონომიკური სარგებელი, თუმცა საკითხი, გარკვეულწილად, პოლიტიკურიცაა. ამის თაობაზე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა საქართველოში გამომგზავრებამდე თქვა: “ არ შეიძლება არ დააფასო სამხრეთ კავკასიის ტერიტორიის მნიშვნელობა. საბჭოთა პერიოდში ამ ტერიტორიით 15 მილიონ ტონა ტვირთს ვატარებდით. დღეს ეს ბაზა დაკარგულია. თუმცა ფოთსა და კავკაზს შორის საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლის დაწყება სომხეთისთვის სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნას წაადგება, იმის მიუხედავად, აღდგება თუ არა ტრანსკავკასიური სარკინიგზო მიმოსვლა.”

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის თხოვნით, რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმების გაფორმებას სომხეთის და აზერბაიჯანის დელეგაციებიც ესწრებოდნენ.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ საბორნე-სარკინიგზო მოძრაობაზე შეთანხმებით სომხეთის დელეგაცია კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, აზერბაიჯანისა - ნაკლებად. ბაქო კარგა ხანია აპროტესტებს ერევნის მოთხოვნას, აღდგეს მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზი, იმ მოტივით, რომ ამ გზით სომხეთში იარაღი შევა. საბორნე-სარკინიგზო ხაზი ფოთი -კავკაზი სომხეთისთვის არ იქნება ის, რაც მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზი იქნებოდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია აზერბაიჯანის ხელისუფლება არ გაეღიზიანებინა რუსეთისა და საქართველოს იმ შეთანხმებას, რომელმაც სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადის პირობები უნდა შეუმსუბუქოს.
XS
SM
MD
LG