Accessibility links

”დემოკრატიის ჯგუფი” - გაეროს რეფორმირების შესაძლო კატალიზატორი


ვარაუდობენ, რომ ეგრეთ წოდებული ”დემოკრატიის ჯგუფი” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინსტიტუტთა რეფორმირების კარგ შესაძლებლობებს ქმნის.

ამ ჯგუფში გაერთიანებული ქვეყნები მუშაობის პროცესში სხვადასხვა პრობლემებს შეეჭიდნენ, მაგალითად, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული ადამიანის უფლებები. ჯგუფში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების მონაწილეობა მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. მომდევნო ერთი წლის მანძილზე, მაშინ როდესაც დღის წესრიგში დადგება გაეროს რეფორმირების საკითხი, დემოკრატიის ჯგუფს შეუძლია აქტიური როლი ითამაშოს ამ პროცესში.

”დემოკრატიის ჯგუფის” მონაწილეობა გაეროს მოსალოდნელი რეფორმირების პროცესში ჯერჯერობით უფრო კარგ პერსპექტიულ იდეას წარმოადგენს, ვიდრე რეალურ მოვლენას.

შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული დემოკრატიის ფორუმში, იმედოვნებენ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეას ფორუმი დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში დაეხმარება.

მაგრამ გასული წლის შემოდგომაზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში ფორუმის მიერ ინიცირებული საკითხების განხილვა უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს სასურველია. მიუხედავად ამისა, ”დემოკრატიის ფორუმის” ამჟამინდელი თავმჯდომარე, ჩილეს ელჩი გაეროში ჰერალდო მუნოზი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

[ჰერალდო მუნოზის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია დარჩება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად, იმის მიუხედავად, რომ ამას არ ითვალისწინებს გაეროს წესდება. თუმცა ეს მაინც უშიშროებოების საბჭოს მსჯელობის საკითხია. ასე რომ, რეფორმაზე მსჯელობისას ეს იქნება მთავარი კომპონენტი.”

დემოკრატიის ჯგუფის პირველ ფორუმზე 2000 წელს ვარშავაში მიწვეული იყო საქართველოც. საქართველოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა კი სტრატეგიული კვლევევების ინსტიტუტის თანადირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ”დემოკრატიის ჯგუფის” მსგავსი დაჯგუფებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდის საწინდარია.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ეს გაერთიანება ცდილობს დემოკრატიული პრინციპები დაამკვიდროს გაეროში და რომ გაერო მსოფლიოში დემოკრატიის გარანტად იქცეს.”

უფრო კონკრეტულად კი, გაეროს რეფორმირება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ იქ გადაწყვეტილებების მიღება დემოკრატიული პრინციპების დაცვით მიმდინარეობდეს, ანუ უშიშროების საბჭოს ქმედობაუნარიანობას ვეტოს უფლება არ უნდა აკნინებდეს.

ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დაცვის გარანტად უნდა იქცეს. ამ მიზნის მისაღწევად ყოფილი სოციალისტური ქვეყნები - ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოები - აქტიურობენ, რადგან საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ სხვებსაც დაეხმარონ დემოკრატიის განმტკიცებაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კოალიციის” დირექტორი ტედ პიკონი ამბობს, რომ ”დემოკრატიის ჯგუფს” დიდი როლის შესრულება შეუძლია გაეროს რეფორმირების პროცესში:

[ტედ პიკონის ხმა] ”ეს უნდა მართონ იმ ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც უშუალოდ თავის თავზე განიცადეს დიქტატურა და დევნა, ახლა ხელისუფლებაში არიან და კარგად ესმით დემოკრატიულ რეფორმებზე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის მნიშვნელობა.”

დემოკრატია იყო გაეროს 2004 წლის სექტემბრის სესიის მსჯელობის მთავარი საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროში დემოკრატიის ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორი ფორმით იარსებებს ეს ინსტიტუტი.
XS
SM
MD
LG