Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჩოხა-ფართი”, როგორც თანამედროვე ქართული კულტურის მეტაფორა


საშობაოდ თბილისში უჩვეულო კულტურული პროექტი განხორციელდა – “მაედანზე” დედაქალაქის არტისტულმა ელიტამ და ცნობილმა პოლიტიკოსებმა ჩოხა-ახალუხში

იზეიმეს შობის დღესასწაული. ესტრადის ვარსკვლავებს მხარს უმშვენებდა თბილისის მერი, ხოლო საგანგებოდ გაშლილ სუფრას ნიკო ლეკიშვილი თამადობდა. “ჩოხა-ფართი” ერთ-ერთი ღონისძიებაა ციკლისა, რომელიც 25 დეკემბრიდან ტარდება შარდენის ქუჩაზე. ამ აქციების სახელწოდებები დღევანდელი ქართული კულტურის თავისებური მეტაფორაა.

სახელწოდებებიც და შინაარსიც. “ევროპულ შობადღეს” დაწყებული და 7 იანვარს დასრულებული აქციების ციკლი ფორმისა და შინაარსის ისეთი ერთიანობით გამოირჩევა, რომ ამ ღონისძიებათა ორგანიზატორების
სოციალისტური რეალიზმის კლასიკოსებსაც კი შეშურდებოდათ. “ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტურიო,” – გვასწავლიდა მაქსიმ გორკი... ახლა კი, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ რიგით მეორე შობა-ახალ წელს, მივიღეთ “ფორმით ეროვნული, შინაარსით კი ევროპული” ღონისძიებები... უფრო მეტიც, მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკის დიალექტიკის პრინციპი აქ უფრო მეტად იყო დაცული, ვიდრე იმავე გორკის ნაწარმოებებში. “დიალექტიკური” იყო ღონისძიებების სათაურები – მაგალითად, “გუდ ლაქ-ფართი”., რომელიც 2 იანვარს, ე.ი. ბედობადღეს, გაიმართა... და, რა თქმა უნდა, “ჩოხა-ფართი”, რომელიც ციკლის პროგრამაში მოხსენიებულია როგორც “დიდი ქართული ფართი”. შინაარსიც “დიალექტიკური” იყო: ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ქალაქის მერი, ლელა წურწუმია – ჩიხტიკოპში, ნიკო ლეკიშვილი, გია ბარამიძე – ჩოხებში... “ჩოხა-ფართიმ” გააერთიანა ყველა – “ძველებიც” და “ახლებიც”, კონსერვატორები და ლიბერალები, ქართული ტრადიციები და დასავლური ფასეულობები, 25 დეკემბრის შობა და ის შობა, რომელიც ქართველმა მართლმადიდებლებმა 7 იანვარს იზეიმეს.

[რატი ამაღლობელის ხმა] “ქართველებს უყვართ თეატრი და იუბილეები / საქართველოში კლასიკური ჯაზის დღეები / უყვართ უილიამ შექსპირი/ და განსაკუთრებით ჰამლეტი, ლირი, დასაბუთება, რომ შაილოკის დადგმა იყო არცთუ იოლი, ისევე როგორც “ქალი-გველის”, “კავკასიურის”/რამე საგნის, მოვლენათა შორის კავშირის უყვართ აღნიშვნა და შეფასება.”

რატი ამაღლობელმა თავისი ეს ლექსი დაახლოებით ორი წლის წინ გამართულ ქართველ მწერალთა ერთ თავყრილობაზე წაიკითხა. როგორც ხედავთ, რატის პოეზიის პათოსი ისევ აქტუალურია. ქართველებს გვიყვარს “მოვლენათა შორის კავშირის აღნიშვნა”... ამ შემთხვევაში სიტყვებით “ჩოხა” და “ფართი”. ახალი ხელისუფლებისთვის, რომლის წარმომადგენლები მრავლად ვიხილეთ “ჩოხა-ფართიზე”, ასეთი ღონისძიებები შესანიშნავი საბაბია უჩვენოს საზოგადოებას, რომ არ არის მხოლოდ დასავლური ფასეულობების ერთგული და რომ ჭკუას კარგავს ეროვნულ ფასეულობებზე, უფრო სწორად, დასავლურსა და ეროვნულზე “ერთად” – დიალექტიკურად. პუბლიცისტი ნოდარ ლადარია ამ მოვლენას “სნობიერებას” უწოდებს:

[ნოდარ ლადარიას ხმა] “ჩვენი საზოგადოების სნობური მუხტი... ეს არ არის ადამიანი, რომელიც თავს იწონებს რაღაცის ცოდნით, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველნაირად ცდილობს არ აწყენინოს ძლიერს, ძლიერს – შესაძლოა, ეს იყოს ინტელექტუალი, შესაძლოა, ეს იყოს სახელმწიფო მოხელე, შესაძლოა, ეს იყოს კათალიკოს-პატრიარქი.”

და, შესაძლოა, ეს იყოს თავად საზოგადოება, რომლის შესახებ ქართულ “პოლიტიკურ-კულტურულ” ელიტას თავისი აზრი აქვს – მიაჩნია, რომ ასეთი ღონისძიებებით ყველას ერთად მოაწონებ თავს – იმას, ვისაც “ჩოხა” მოსწონს და იმასაც, ვინც სიტყვა “ფართის” დამკვიდრებას ცდილობს ქართულ ენაში. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს, რომელიც ორი წლის წინ ჩვენთან საუბარში ქართული ენის კრიზისზე, ენაში დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობდა, დღეს შეიძლება აღარ გაუჭირდეს – ქართული და ინგლისური სიტყვები დღეს დეფისით იწერება: “ჩოხა-ფართი”, “პახმელ-შოუ” და ა.შ.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] “ძალიან ჭირს დღეს წერა, მე, მაგალითად, ძალიან მიჭირს არა მარტო მხატვრული, არამედ ჩვეულებრივი ტექსტის დაწერაც, რადგან როცა ვხმარობ სიტყვას “ეროვნული”, მაგონდება, ვინ ხმარობს ამ სიტყვას.”

ლაშა ბაქრაძეს “ფართების” ციკლის შემდეგ დავუკავშირდით. მან გვიამბო, როგორ გადაიკეტა შარდენის ქუჩა 25 დეკემბერს, “ოფენინგ-ფართის” დაწყების წინ. ნაძვის ხეების კონკურსის სანახავად ხალხს მხოლოდ “ფართების ციკლისთვის” დაბეჭდილი მოსაწვევებით უშვებდნენ. რევოლუციამდე ქუჩებს, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ კეტავდნენ ხოლმე, როცა ამა თუ იმ ღონისძიებას ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა. დღეს დრო შეიცვალა – “დასავლურ-ქართულ” ელიტას და მასთან დაახლოებულ პოლიტიკოსებს არ სურთ, რომ მათხოვრებმა, მაწანწალებმა ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე ადამიანებმა ჩაუმწარონ ქეიფი... არა, სიტყვა “ქეიფი” დღეს სხვა ასოციაციებს ბადებს... “ფართი”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG