Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიყვანს თუ არა უკრაინა ჯარებს ერაყიდან


უკრაინამ გამოაცხადა, რომ ამ წლის პირველ ნახევარში ერაყიდან გამოიყვანს თავის 1600 ჯარისკაციან სამხედრო კონტინგენტს. ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის მოქმედმა

პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერაყში, იარაღის საწყობში, მომხდარი აფეთქების გამო 8 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 6 დაიჭრა. უკრაინის განცხადება დაემთხვა ანტიტერორისტული კოალიციის სხვა წევრების განცხადებებს ერაყში სამხედრო კონტინგენტის შემცირების თაობაზე, რაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მრავალეროვნული კოალიციის სხვა წევრთა შეიარაღებულ ძალებს.

ერაყში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვითარება სულ უფრო და უფრო მწვავდება, რაც ერთიორად აორმაგებს იქ განლაგებული მრავალეროვნული კოალიციური ძალების სამუშაოს. ამავე დროს, პოლონეთი აპირებს ერთი მესამედით შეამციროს ჯარისკაცების რაოდენობა ერაყში. პოლონეთი მესამე ადგილზე იყო მრავალეროვნულ ძალებში, სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის მიხედვით. ახლა ამას დაერთო უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას გადაწყვეტილებაც 1600 კაციანი სამხედრო კონტინგენტის ერაყიდან გამოყვანის თაობაზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსანდრ კუზმუკის განცხადება:

[ალექსანდრ კუზმუკის ხმა] ”უკრაინის პრეზიდენტმა დაავალა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა უკრაინის კონტინგენტის ერაყიდან მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოსაყვანად.”

ეს იყო უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც შეიძლება სულ სხვაგვარი ბრძანება მიიღოს ორიოდე კვირაში, უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ინაუგურაციის შემდეგ.
მიმავალი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მიერ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, როგორიცაა ერაყიდან ჯარების გამოყვანა, არამართებულად მიიჩნევს მრავალეროვნული კოალიციური ძალების მთავარი სუბიექტი - ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

[ადამ ერელის ხმა] ”რაც შეეხება მომავალ ცვლილებებს უკრაინის ძალებში, ეს არის მომავალი პრეზიდენტისა და მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტი პრობლემა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება უკრაინულ კონტინგენტში უნდა განხორციელდეს მრავალეროვნულ ძალებთან კონსულტაციის შედეგად, წესის და რიგის მიხედვით.”

მიუხედავად ამისა, უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნი რადამ, 11 იანვარს კიდევ ერთხელ მიიღო დადგენილება, რომლითაც პრეზიდენტს მოსთხოვა ერაყიდან დაუყოვნებლივ გამოიყვანოს უკრაინელი ჯარისკაცები. მსგავსი დადგენილება ვერხოვნი რადამ ჯერ კიდევ გასული წლის 3 დეკემბერს მიიღო.

სამხედრო საკითხების ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის ჯარების ერაყიდან გამოყვანას, სამხედრო მნიშვნელობის გარდა, პოლიტიკური მხარეც აქვს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”მათი გამოყვანა წმინდა რიცხვობრივად ბევრს არაფერს დააკლებს იმავე შეერთებულ შტატებს, რომლის კონტინგენტი ერაყში 130 ათასს აღწევს. მაგრამ აქ არის სხვა მხარე. ამერიკა ნელ-ნელა კარგავს პარტნიორებს. ამ მხრივ, ისეთი ქვეყნის დანაყოფების გამოყვანა, როგორიც უკრაინაა, - საკმაოდ ანგარიშგასაწევი ქვეყნის, - რა თქმა უნდა, ამერიკელებისთვის მისასალმებელი არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.”

ამასვე ამბობს კიეველი პოლიტოლოგი ვალერი ჩალი და დასძენს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკური ნაბიჯია და მეტი არაფერი. ოფიციალურად ერაყიდან უკრაინული კონტინგენტის გამოწვევის მთავარ მიზეზად სახელდება ერაყში ვითარების გართულება და იქ უკრაინულ ძალთა განლაგების დღიდან 17 ჯარისკაცის დაღუპვა.
XS
SM
MD
LG