Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინოვნიკების ხელფასს, ”სოროსის” გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიც გადაიხდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ წელს „განვითარებისა და რეფორმების ფონდისგან“ დაფინანსებული მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გარკვეულ ნაწილს 2005 წელს სახელმწიფო

ბიუჯეტი გაიღებს. რა ოდენობით გადანაწილდება თანხები ფონდსა და ბიუჯეტს შორის და რამდენ ჩინოვნიკს შეეხება შარშან დაწყებული პროექტი?

საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები მიმდინარე წლიდან ხელფასს, დონორთა ფონდის ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ.
ამიერიდან მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე გადავლენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მათი მოადგილეები, რომლებიც გასულ წელს ხელფასს ფონდიდან იღებდნენ.

თავად ”რეფორმებისა და განვითარების ფონდი” 2004 წლის 14 იანვარს ჩამოყალიბდა. მასში ერთ-ერთი პირველი შენატანი, 1 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, ცნობილმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა განახორციელა. ალბათ, ამის გამო ოპოზიცია მაღალი რანგის ჩინოვნიკებს ”სოროსის კმაყოფაზე მყოფ მოხელეებს” უწოდებდა და, შესაბამისად, მათ უცხოელთა ინტერესების გამოხატვაშიც ადანაშაულებდა.

”რეფორმებისა და განვითარების ფონდი“ სულ 12 ათასი საჯარო მოხელის სახელფასო დანამატს გასცემს. გასულ წელს ფონდიდან ამ მიზნით 15 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა გაიცა, რაც სოროსის ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობების ხარჯზე მოხდა.

რეფორმებისა და განვითარების ფონდის შექმნისთანავე გათვალისწინებული იყო, რომ 2005 წელს ჩინოვნიკთა ხელფასის ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებდა, თუმცა არსებობდა შიში, რომ, გასულ წლებში არსებული საბიუჯეტო პრობლემების ფონზე, ქვეყნის ხაზინას საკუთარი ბიუროკრატიის გაზრდილი ხელფასების ”დაძლევა” გაუჭირდებოდა.მაგრამ, საბედნიეროდ, 2004 წლის საბიუჯეტო წარმატებამ ეს ეჭვები გააქარწყლა. ”ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები იძლევა იმის საშუალებას, რომ უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელფასები და 12 ათასამდე საჯარო მოხელის სახელფასო დანამატის გასაცემი თანხის 35 პროცენტი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს, ხოლო ფონდში შემავალი თანხის 65 პროცენტს კვლავ დონორები დააფინანსებენ“, - აცხადებს რეფორმებისა და განვითარების ფონდის დირექტორი კოტე კუბლაშვილი. 2006 წლიდან კი საჯარო მოხელეთა სახელფასო დანამატების გასაცემი თანხის 70 პროცენტი ქვეყნის ბიუჯეტმა უნდა გაიღოს.


მიუხედავად იმისა, რომ უცხოელების მიერ დაფინანსებული უმაღლესი ხელისუფლება გარკვეულ უხერხულობას ქმნის, ექსპერტ გიორგი ჯანდიერს უფრო მეტ პრობლემად თავად შრომის ანაზღაურების დადგენის წესი მიაჩნია. ხელფასი წარმოადგენს გარკვეული სამუშაოს საფასურს და, ამ მხრივ, მისი ოდენობა, ჯანდიერის აზრით, ბაზარმა უნდა დაადგინოს და არა რომელიმე კონკრეტულმა პირმა:

[გიორგი ჯანდიერის ხმა] ”ნებისმიერი შრომა უნდა ფასდებოს იმით, თუ ბაზარზე რა ღირს. როდესაც ვიღაცა თვითნებურად წყვეტს, ვის რამდენი ხელფასი უნდა ჰქონდეს, ამით შრომის შეფასების სფეროში დისბალანსს იწვევს, რასაც არ მოაქვს მაინცდამაინც კარგი შედეგი. აქამდე ჩვენ გვქონდა დისბალანსი, რომ ხელფასები ძალიან დაბალი იყო და, შესაბამისად, შრომა სათანადოდ არ ფასდებოდა. ამის შემდეგ შემობრუნდა ეს და დაწესდა ისეთი ხელფასები, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, აჭარბებს შრომის რეალურ ღირებულებას, ანუ ღირებულებას, რასაც ესა თუ ის კონკრეტული მოხელე ქმნის. ამიტომ კარგი იქნება, თუ ტენდენცია გაჩნდება საბაზრო ღირებულებასთან გატოლების, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა იყოს დაშორებული არც ზემოთ, არც ქვემოთ.” (სტილი დაცულია)

ნორმალურ ქვეყანაში ამა თუ იმ ღირებულებას, მართლაც, ბაზარი ადგენს, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ბაზარზე ამა თუ იმ მინისტრის ფასის დადგენა საკმაოდ გაძნელდება. თუმცა არც ის იქნება სამართლიანი, ყველა მინისტრს შრომა ერთნაირი განაკვეთით ავუნაზღაუროთ.
XS
SM
MD
LG