Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭო – "მეტი გადავადება აღარ იქნება"


როგორც უნდა ეჩვენებოდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს საქართველოში, მატიაშ ეორშისა და ევგენი კირილოვის

ხელმძღვანელობით შედგენილი დოკუმენტი, მისი რეზოლუციის ნაწილი საკმაოდ მკაცრია; იქნებ, იმაზე ბევრად მკაცრი, ვიდრე ამას საქართველოს ხელისუფლება ელოდა, იმდენად დიდი იყო ერთი წლის წინ ევროსაბჭოს (როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის) მხრიდან მომდინარე მხარდაჭერა და აღფრთოვანება საქართველოში მომხდარისა და მისი ახალი ხელისუფლების მიმართ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სხდომაზე, რომელიც 24-28 იანვარს ჩატარდება, ბევრი საიტნერესო საკითხი განიხილება. მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბღზე არსებული კონფლიქტი, რუსეთში კომპანია "იუკოსის" ხელმძღვანელთა პატიმრობა და ა.შ.

სხვათაშორის, საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულებაზე მსჯელობისა და რეზოლუციის მიღების შემდეგ, 27 იანვრის სხდომის პროგრამაში მასობრივი გადასახლებებისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა მემორიალური ცენტრის დაფუძნების საკითხი განიხილება, რაც სავარაუდოდ საქართველოს ერთ-ერთი შეუსრულებელი ვალდებულების ე.წ. თურქი მესხების საკითხს ალბათ სიმწვავეს შემატებს.

რასაკვირველია, ევროპის საბჭო არც ევროკავშირია და არც ნატო, მაგრამ მას შეუძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო სახეზე.

მაშ ასე, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები აღიარებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც მტკიცედ ადგას პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების კურსს და კვლავაც დიდი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან. "ხელისუფლების ნამოქმედარი (და განსაკუთრებით ეს აჭარის მშვიდობიან რეინტეგრაციას შეეხება) პოზიტიური ხასიათი აქვს, მაგრამ მან უნდა შეინარჩუნოს რეფორმების ინერცია და ისინი ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად უნდა განახორციელოს".

უპირველეს ყოვლისა, მომხსენებლები შენიშნავენ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების გატარება ქვეყნის ტერიტორიული დანაწევრების ფონზე უხდება და ურჩევენ მას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ურთიერთობების მოგვარების მშვიდობიან გზას მისდიოს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია: "2004 წლის იანვარში მიღებული რეზოლუციით ასამბლეამ საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერის ნიშნად, განაცხადა თანხმობა საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების გადავადების თაობაზე... თუმცა, საფუძველშივე უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომ განხილვასა და გადავადებას ადგილი არ ექნება და ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებისგან დაპირებათა სრულად და დროულად შესრულებას ელის". მეტიც, დოკუმენტის ავტორები განმარტავენ: "პოსტ-რევოლუციური ვითარება არ უნდა იქცეს წინდაუხედავი გადაწყვეტილებების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ალიბიდ".

განვაგრძობ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის რეზოლუციის ნაწილის მიმოხილვას და მსმენელის ყურადღებას შევაჩერებ იმ ნაწილზე, სადაც საქართველოს ხელისუფლების ძლიერებაზეა საუბარი: ""ვარდების რევოლუციამ" და ამის შემდეგ ჩატარებულმა ორმა არჩევნებმა შედეგად ძალიან ძლიერი მთავრობა მოიტანა, რაც ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებისთვის მისწრება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ამ ძლიერი მთავრობის ძალაუფლება ეფექტიანი ბერკეტებით დაბალანსდებოდა. საქართველოში ეს ასე არ არის. დღეს საქართველოში ნახევრად-საპრეზიდენტო მმართველობაა, სადაც პრეზიდენტს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს, პრაქტიკულად არ არსებობს საპარლამენტო ოპოზიცია, შედარებით სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, ჯერ კიდევ არაეფექტიანად და არასაკმარისად დამოუკიდებლად მოქმედებს სასამართლო სისტემა, განუვითარებელია, ან არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია თვით-ცენზურის პირობებში მუშაობს...". რეფორმებიც წარმატების უმთავრეს წინაპირობად ევროსაბჭოს მომხსენებლები სწორედ ხელისუფლების დაბალანსების ბერკეტების შექმნაში ხედავს.

რაც შეეხება ვალდებულებებს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტმა დაამტკიცოს ევროპის ქარტია რეგიონებისა და უმცირესობათა ენების შესახებ, აგრეთვე ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის ევროპული პრინციპები, ევროპის განახლებული სოციალური ქარტია და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენცია. ყველა ამ დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიკაცია 2005 წლის სექტემბრამდე უნდა მოხდეს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო საკითხებს, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი უნდა გახდეს ორპალატიანი, სადაც სახელმწიფო დონეზე წარმოდგენილი იქნებიან ავტონომიური რეგიონები. რეზოლუციაში არის აჭარის ავტონომიის ამჟამინდელი მოდელის გადახედვის მოთხოვნაც.

ბუნებრივია, 27 იანვრის რეზოლუციის პროექტში ნახსენებია ე.წ. მესხების საკითხიც. კერძოდ, დოკუმენტში წერია: "დაუყოვნებლივ შეიქმნას სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პოლიტიკური პირობები მესხების რეპატრიაციისათვის ახლო მომავალში".

რეზოლუციის პროექტში არის ქვეპუნქტი სახელწოდებით "1990-94 წლების კონფლიქტებთან დაკავშირებით", სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2005 წლის სექტემბრამდე უნდა შექმნას საკანონმდებლო ბაზა ამ კონფლიქტების შედეგად დაკარგული ქონების რესტიტუციის, ან კომპენსაციისათვის. ამავე ქვეპუნქტში საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების სხვა მოქალაქეების უფლებებთან თანაბრობის უზრუნველყოფაზე (განსაკუთრებით, როცა ეს დასაქმებასა და საცხვორებლით უზრუნველყოფას შეეხება) და ქვეყნის ტერიტორიული და ადმინისტრაციული რეფორმის დასრულებაზე.

სასამართლო სისტემაზე რეზოლუციაში წერია, რომ აუცილებელია მისი ისევე, როგორც პროკურატურისა და პოლიციის რეფორმის დასრულება. საქართველოს ციხეებზე აღნიშნულია, რომ ისინი გადატვირთულია და ხელისუფლებამ პატიმრების ყველაზე დაუცველი კატეგორიის ამნისტიის გზით უნდა განტვირთოს ციხეები. რეზოლუციის ავტორები ხელისუფლებას ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებში ძალადობის დაუყოვნებლივ აღმოფხვრის აუცილებლობას შეახსენებენ.

რეზოლუციის პროექტის მეათე პუნქტი კვლავ ხელისუფლების, კონკრეტულად კი პრეზიდენტის ძალაუფლების დამაბალანსებელი ბერკეტების შექმნის აუცილებლობას ეხება და იქვე მითითებულია მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე 7 პროცენტიანი ბარიერის დაწევის აუცილებლობაც.

ბოლოს წინა – 11 პუნქტში კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ინტენსიურად შეეცადის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტების მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გამოიყენოს მისი მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოს ხელისუფლების მცდელობათა ხელშწყობისათვის, რაც საბოლოოდ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიური უფლებების მინიჭებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უნდა მოემსახუროს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG