Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამაჩაბლოში ქართველი რეზერვისტების რიგით მე-11 ბატალიონის შეკრება დაიწყო


აფხაზეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ქართული შეიარაღებული ფორმირებების აქტიურობა არა მხოლოდ ქართულ-აფხაზური, არამედ ქართულ-ოსური

კონფლიქტის ზონის სიახლოვესაც შეინიშნებოდა. იქ - კერძოდ კი, სოფელ ძევერაში - სტარტი აიღო რეზერვისტებით დაკომპლექტებული რიგით მე-11 ბატალიონის მოსამზადებელმა პროგრამამ, რომელიც 4 კვირას გასტანს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და რეზერვისტების ბანაკი პირადად მოინახულა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რეზერვისტების გადამზადების პროგრამაში სამომავლოდ ამერიკის ჯორჯიის შტატის გვარდიის ინსტრუქტორებიც მიიღებენ მონაწილეობას.

რეზერვისტების სამხედრო შეკრების ორგანიზება საქართველოში გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ამ პროცესმა ისეთი სიჩქარე განავითარა, რომ უკვე წლის ბოლოსთვის ათი ბატალიონის დაკომპლექტება მოხერხდა. საჩხერის, ოსიაურისა და ძევერას რეზერვისტთა ბანაკებში გადამზადების სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა მოხალისემ გაიარა. მათ უმრავლესობას სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელეები და პარლამენტის წევრები შეადგენენ. მე-11 სარეზერვო შეკრება ამჯერად შეეხო კასპის საკრებულოსა და ადმინისტრაციული ორგანოს 300-მდე წარმომადგენელს, რომლებიც ტელეკამერების წინაშე საკუთარ პატრიოტულ მოვალეობაზე საუბარს არ გაურბოდნენ:

[ორი რეზერვისტის ხმა] “მე ვარ ნომერ პირველი რეზერვისტი, რომელიც გამოვიდა, და ყველაფერი, რომ იტყვიან, კარგია, რა.” \”აქ ყველას აქვს სამხედრო გამოცდილება და ყველას აქვს შეგნებული თავისი პატრიოტული მოვალეობა.”

ქართული სარეზერვო გადამზადების წესი მარტივია: მოხალისეებს ეროვნული გვარდიის სამსახურები სამობილიზაციო გეგმის მიხედვით იწვევენ, იმავე გვარდიის ინსტრუქტორები უძღვებიან მომზადების ერთთვიან სამხედრო პროგრამას, რისი დასრულების შემდეგაც ბატალიონის წევრები ძირითად საქმიანობას უბრუნდებიან, ხოლო იარაღსა და ფორმის ტანსაცმელს შემდგომ გამოძახებამდე, ანუ საბრძოლო ამოცანამდე, ადგილობრივი პოლიციისა და თვითმმართველობის ორგანოებში აბარებენ. თუმცა, რეზერვისტისათვის საბრძოლო ამოცანა არ ნიშნავს მაინცდამაინც ომში მონაწილეობას ან ვინმეს მიმართ მუქარას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს, ძევერას სარეზერვო ბანაკში ყოფნის დროს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ შეიარაღებული ძალები იმისთვის კი არ გვყავს, რომ ვინმეს დავემუქროთ. პირიქით, სუსტი, დამცირებული, განადგურებული საქართველო არის ყველაზე საშიში საკუთარი თავისთვისაც და მეზობლებისთვისაც.”

ოფიციალური ინფორმაციით, საერთო ჯამში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას დავალებული აქვს რეზერვისტთა 17 ბატალიონის გაწვრთნა და ამ ამოცანის შესასრულებლად ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს დახარჯავს. თუმცა, როგორც ეროვნული გვარდიის სარდალმა გენერალმა სოსო ქუთათელაძემ რადიო “თვისუფლებას” უთხრა, შესაძლოა, ციფრი 17 არ იყოს საბოლოო, და არც ის გამორიცხა, რომ მომავალში ქართველი რეზერვისტების გადამზადების პროცესში ამერიკელმა გვარდიელებმაც მიიღონ მონაწილეობა:

[ სოსო ქუთათელაძის ხმა] “მათ შემდგომში სამეთაურო მომზადებას... ამერიკელების ჯგუფია ჩამოსული და ისინი ჩაუტარებენ სამეთაურო მომზადებას - ოცმეთაურიდან ზემოთ, ბატალიონის მეთაურებამდე.”(სტილი დაცულია)

ძევერაში დაბანაკებულ 320 ქართველ რეზერვისტს საქართველოს პრეზიდენტმა გმირები უწოდა და სამახსოვროდ საქართველოს ეროვნული დროშა და პეიჯერები დაურიგა, რათა საგანგებო შემთხვევაში გაიოლდეს თითოეული რეზერვისტის განგაშით გამოძახება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG