Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საპრივატიზებო მარათონი პირდაპირ ეთერში” გრძელდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობამ ”საზღვაო სანაოსნოსა” და ”ჭიათურმანგანუმთან” დაკავშირებით საპრივატიზებო წინადადებების მიღება დაასრულა. ხელისუფლება ამ

ობიექტებით დაინტერესებული ინვესტორების ოდენობითა და მათ მიერ შემოთავაზებული ფასით კმაყოფილია. წინადადებების მიღებიდან დაახლოებით 10 დღეში კი მთავრობა ამ ობიექტების ახალ მფლობელებს გამოავლენს. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ ვინ აცხადებს პრეტენზიას ორ უმსხვილეს ქართულ საპრივატიზებო ლოტზე და როგორ მიმდინარეობდა წინადადებების მიღება.

მინისტრებით დაკომპლექტებულმა სატენდერო კომისიამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ”საქართველოს საზღვაო სანაოსნოსა” და ”ჭიათურმანგანუმის” საპრივატიზებო წინადადებების გახსნა ”პირდაპირ ეთერში” დაასრულა. მთავრობის ამგვარი ”ჯერარნახული” გამჭვირვალობა გასული წლის ბოლოს სანაოსნოს ყიდვასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ცნობილ პრეტენდენტთან მთავრობის მიერ საკმაოდ გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაფორმებულმა ე.წ. ინტერესის ოქმმა და შემდგომ აგორებულმა სკანდალმა განაპირობა.

როგორც ჩანს, ამ სკანდალმა თავისი შედეგი გამოიღო: თუ აქამდე მთავრობა იმავე სანაოსნოსთან დაკავშირებით, ძირითადად, ერთ მყიდველს - დანიურ Greenoak Group-ს - მოიაზრებდა, საბოლოოდ, ამ მართლაც მიმზიდველი ობიექტის მიმართ ინტერესი 7-მა საკმაოდ სოლიდურმა უცხოურმა კომპანიამ გამოამჟღავნა.

არანაკლები ინტერესი გამოიწვია ”ჭიათურმანგანუმმა”, რომელზეც პრეტენზიას 4 კომპანია: უკრაინული ”ინტერპაიპი”, ავსტრიული ”DCM-ფერო”, ჩეხური ”მორავია ჯორჯია” და რუსული ”ევრაზია ჰოლდინგი” აცხადებს. ”პირდაპირ ეთერში” გახსნილი სატენდერო განაცხადების შემდეგ პრემიერი ჟვანია კმაყოფილებას ვერ მალავდა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”საპრივატიზებო მარათონი შედგა ძალზე წარმატებულად. ჩვენ მოვიზიდეთ და გამოვახატვინეთ ინტერესი უმსხვილეს კომპანიებს, რომლებიც მზად არიან როგორც სახელმწიფოს გადაუხადონ, სანაოსნოს შემთხვევაში, განუზომლად მაღალი თანხა, ვიდრე ვინმე იფიქრებდა, პლუს იღებენ სერიოზულ ვალდებულებებს ქართველ მეზღვაურებთან და მათ დასაქმებასთან დაკავშირებით, პლუს რამდენიმე ჯგუფი იღებს შემდგომი ინვესტიციების ვალდებულებას. ანალოგიურად -”ვარციხე”- ”ჭიათურმანგანუმის ” შემთხვევაში.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო პაკეტების გახსნა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდა, მთავრობის წარმომადგენლებს თავად საპრივატიზებო წინადადებების დეტალები ჯერ არ გაუხმაურებიათ. სამაგიეროდ, პრემიერი იღებს ვალდებულებას უმოკლეს ვადაში დაასრულოს ეს პროცესი და ობიექტების მფლობელები მათ მიერ შემოთავაზებული ე.წ. მაღალი ფასისა და ვალდებულებების მიხედვით გამოავლინონ.


[ზურაბ ჟვანიას ხმა] ” ჩვენ არ ვაპირებთ მუშაობის გაჯანჯლებას ძალიან დიდხანს. მომდევნო ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში საკითხი უნდა იყოს საბოლოოდ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა მუდმივად ამის გაჯანჯლება. გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, გვაქვს ფართო და ძალიან კარგი არჩევანი. ახლა მთავარია წერტილის დასმა.”

წინადადებების გახსნისთანავე პრეტენდენტები ”გაიცხრილებიან” აშკარა აუტსაიდერებისაგან, ხოლო დანარჩენ ჯგუფებთან გაგრძელდება მოლაპარაკება, რომლის მსვლელობისას სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე საპრივატიზებო თანხის გაზრდის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ” ლაპარაკი არის სერიოზულ თანხებზე. ჩემი აზრით, ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა გააუმჯობესოს თავისი წინადადება – დამატებითი პირობები ამოიღოს, ფასი გაზარდოს, საგარანტიო თანხა დადოს და ა.შ.”

ამდენად, ”დიდი საპრივატიზებო მარათონი”, რომლიდანაც ხელისუფლება წელს მინიმუმ 200 მლნ. აშშ დოლარს ელის, სავარაუდოდ, 10 დღეში დასრულდება.
XS
SM
MD
LG