Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი 1990-92 წლებში განვითარებული მოვლენების შეფასებას ცდილობს


რა მოხდა საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში? ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდა,

რასაც მოგვიანებით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა მოჰყვა? - საქართველოს პარლამენტი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა “1990-92 წლებში განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ” საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. რა წერია კანონპროექტში და რას აპროტესტებენ “პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა კავშირის” წევრები?

იშვიათია საქართველოში ისეთი ადამიანი, რომელიც 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში რუსთაველის გამზირზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას უარყოფითად არ აფასებდეს. “ ხელისუფლების დამხობა”, “სამხედრო გადატრიალება” - მოქალაქეების უმეტესობა 14 წლის წინანდელ მოვლენებს სწორედ ამ სიტყვებით იხსენებს:

[მამაკაცის ხმა] “კრიმინალური გადატრიალება იყო. ეს არ იყო ამბოხი, ეს იყო გადატრიალება მიზანდასახული. ეროვნული მთავრობა დაამხეს და მოვიდა კორუმპირებული მთავრობა, შევარდნაძის მეთაურობით.”

[ქალბატონის ხმა] “ალბათ, ეს იყო სამხედრო გადატრიალება, რომელმაც პრეზიდენტი გააძევა თავისი სამშობლოდან.”

[მამაკაცის ხმა] “ამას ორგანიზება გაუკეთა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ, შევარდნაძემ და ძველმა ნომენკლატურამ.”

თუმცა, რიგითი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებისათვის დღემდე ოფიციალური შეფასება არ მიუცია. ხარვეზის გამოსწორებაზე ზრუნვა ბოლო მოწვევის პარლამენტმა დაიწყო, როცა დეპუტატების ჯგუფმა, კახა კუკავას თაოსნობით, 2004 წლის აგვისტოში შეფასების პროექტი შეიმუშავა:

[კახა კუკავას ხმა] “პოლიტიკური ნაწილი საერთოდ ამოვიღეთ და ბოლო ვარიანტში, კომპრომისებისა და კონსულტაციების შემდეგ, დავტოვეთ ორი პუნქტი. პირველი: რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და მისი სტრუქტურები იყო ლეგიტიმური და მეორე: სამხედრო გადატრიალება, რომელიც 6 იანვარს მოხდა, იყო ანტიკონსტიტუციური.”

მოგვიანებით, 2004 წლის 29 დეკემბერს, პარლამენტში შედის უმრავლესობის მიერ დაწერილი ალტერნატიული პროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი, გიგა ბოკერია, სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზად მაშინდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებს მიიჩნევს:

[გიგა ბოკერიას ხმა] “მაშინ, როცა სამხედრო გზით ხელისუფლების შეცვლას ცალსახად ვგმობთ (მიგვაჩნია ძალიან მძიმე ლაქად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში), უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამ მიიყვანა ქვეყანა ამ ვითარებამდე. ფაქტია, რომ ხალხი უკვე მაშინ იჯდა ციხეში თავისი პოლიტიკური მრწამსის გამო. და ეს ყველაფერი გააკეთა იმ ხელისუფლებამ. ბევრი სხვა რამის გახსენებაც შეიძლება, მათ შორის - უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული იდეოლოგიის კათედრების შექმნა.”

გიგა ბოკერია მაშინდელი ხელისუფლების შეცდომად ასევე მიიჩნევს რეფორმებზე უარის თქმას, პოლიტიკური ოპონენტებისაგან მტრის ხატის შექმნას და ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩართვას:

[გიგა ბოკერიას ხმა] “იმის მაგივრად, რომ რეფორმები ჩაეტარებინა ქვეყანაში, სამოქალაქო დაპირისპირება შექმნა; მისი წარმოდგენები ქვეყნის განვითარებაზე ძალიან შორს იყო იმისგან, რასაც საბჭოთა წარსულთან დამშვიდობება და ევროპისკენ სვლა ჰქვია.”

პარლამენტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობას ოპონირებას, ძირითადად, “კონსერვატორები” უწევენ, თუმცა პროექტით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტი პარლამენტს გარეთაა. მათ შორის არიან რეპრესირებულთა კავშირის წევრები, რომლებიც უკვე მოქმედებათა გეგმას სახავენ:

[ეთერ მგალობლიშვილის ხმა] “ჩვენ ვიჩივლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ვიჩივლებთ სტრასბურგში და, ბოლოს და ბოლოს, უარს ვიტყვით საქართველოს მოქალაქეობაზე.”

საქართველოს პარლამენტი გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენების შეფასების თაობაზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, თებერვლის სესიაზე მიიღებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG