Accessibility links

logo-print

საქართველოში სამორინეთა ამოქმედება ძვირად ფასობს


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის: ვისაც ქვეყანაში სამორინეს, იმავე კაზინოს, გახსნა სურს, ლიცენზიის საფასურად 3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს.

მინდა ამ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ინიციატივის სხვა ასპექტებზე გესაუბროთ.

აქამდე სამორინეს ასამოქმედებლად აუცილებელ ლიცენზიაში მფლობელს 20 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. საქართველოს ახალ საგადასახადო კოდექსში სათამაშო ბიზნესის გადასახადებს ცალკე თავი ეთმობა. გადასახადის განაკვეთები კაზინოებისთვის არცთუ დიდია: თითოეულ სათამაშო მაგიდაზე თვეში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე უნდა გადაიხადონ. თუ კაზინოში სათამაშო ავტომატიც დგას, თითოეულზე თვეში 50-დან 200 ლარამდე გადახდა მოუწევთ. მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვობაა იმასთან შედარებით, რაც კაზინოს გახსნას სჭირდება: 3 მილიონი ლარი, მართლაც, ასტრონომიულ თანხად მოჩანს.

ამ ინფორმაციის გახმაურებამ, ბუნებრივია, შეაშფოთა თბილისში კაზინოთა მეპატრონეები, რომლებიც ამ სიუჟეტზე მუშაობის დროს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძესთან იმყოფებოდნენ მოსალაპარაკებლად. ჩემთან საუბარი ვერც რომან გოცირიძემ შეძლო, თუმცა მითხრა, რომ კომიტეტში ამ კანონპროექტზე მსჯელობა 20 იანვარს გაიმართება.

იოლი მისახვედრია: თუ ეს ნორმა ამოქმედდა, მემორინეთა უმეტესობას თბილისში საქმის დახურვა მოუწევს. და არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოში, ალბათ, ყველგან, ორი ქალაქის გარდა. ეს ქალაქებია ბათუმი და, არ გაგიკვირდეთ, წყალტუბო.

ჩემს კოლეგას ქუთაისში, ნინო ღაჭავას, ახსენდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩასვლა ქუთაისსა და წყალტუბოში გასულ შემოდგომაზე. როგორც ჩანს, წყალტუბოს ქცევა სათამაშო ბიზნესის ნავთსაყუდელად - ეს თვეების მანძილზე გამოტანჯული იდეაა.

[ღაჭავას ხმა] “თავიდან, როცა ჟვანია ბიზნესმენებთან ერთად იყო ჩამოსული, ითქვა, სანატორიუმების ქსელი უნდა აღდგესო. ამას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა, მაგრამ მერე კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ - არა, კაზინოები კეთდებაო, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ზოგი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ამას, ზოგიც ამბობდა, თუ შემოსავალი იქნება და ხალხი დასაქმდება, რა უჭირსო.”

წყალტუბოში კაზინოთა გასახსნელ ლიცენზიას უფასოდ აიღებენ, ხოლო ბათუმში ამავე საქმეს 500 ათასი ლარი დასჭირდება. დღეს ასეთი სახე აქვს საქართველოს მთავრობის ინიციატივას.

ისე, წყალტუბოს გადაქცევას ქართულ პარნიფას მთად (ასე ეწოდება სათამაშო ბიზნესის ადგილს საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს), რომ იტყვიან, გარკვეული რეზონი აქვს. ყოფილი გამაჯანსაღებელი კერები, სანატორიუმები, საბჭოთა იმპერიულ-ცრუკლასიცისტური შენობები, რომელთაც აღარ მოეთხოვებათ არანაირი სიდიადის გამოხატვა, ბუნებრივად დაიტვირთებიან, ახალი - ერთგვარად პაროდიული - ფუნქციით: თუ იქ ადრე ადამიანებს კურნავდნენ, ახლა მათში თამაშის ვნებას გააღვივებენ და ჩააცხრობენ კიდეც. წყალტუბო პატარა, კარგად გამწვანებული ქალაქია და გასაგები ხდება, რატომ ამჯობინებს მას საქართველოს მთავრობა, მაგალითად, რუსთავს: ქარხნებს მიშენებული ქალაქი ვერასოდეს ისე ვერ მიიზიდავს Homo Ludens-ს, როგორც ქალაქი, სადაც ჯერაც არ დავიწყებიათ საკავშირო დონის სერვისისა და დასვენების ტრადიციები. არადა, რევოლუციური სამების არშემდგარი მეოთხე წევრის - ეროსი კიწმარიშვილის - საქართველოში ყოფნისას სერიოზულად ლაპარაკობდნენ რუსთავში სათამაშო ბიზნესის კონცენტრირების შესახებ.
XS
SM
MD
LG