Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვლადისლავ არძინბა სერგეი ბაღაფშმა შეცვალა


12 იანვარს ჩატარებული არჩევნები აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემდგარად ცნო. ცნობილია ამ არჩევნების წინასწარი შედეგებიც,

რომლის მიხედვით სერგეი ბაღაფშს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პოსტზე აფხაზეთის ამჟამინდელ ამომრჩეველთა 90 პროცენტმა დაუჭირა მხარი. უკვე 13 იანვარს ბაღაფში მილოცვებს იღებდა. მილოცვას ის საქართველოს პრეზიდენტისგანაც მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი მას მიმართავდა როგორც პრეზიდენტს და არა როგორც აფხაზი ხალხის ლიდერს. ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს, თუმცა აფხაზეთის პრობლემაზე მუშაობისას მას ამიერიდან სერგეი ბაღაფშთან ექნება საქმე და არა ვლადისლავ არძინბასთან.

აფხაზეთში, განსაკუთრებით კი - გალის რაიონში, არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს რომ ჰქონდა ადგილი, ეს აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლად მიწვეულმა სერგეი ბაბურინმაც აღიარა:

[სერგეი ბაბურინის ხმა] “ გალის რაიონში არჩევნების მიმდინარეობას ჩვენ 5 უბანზე ვაკვირდებოდით. ხუთივე უბანზე ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს. “

ასეა თუ ისე, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლის ხანგრძლივი პერიოდი დასრულებულია. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა იმაზე მეტმა რაოდენობამ, რაც არჩევნების ჩატარებულად ცნობისთვის იყო საჭირო. სერგეი ბაღაფში გამარჯვებას ზეიმობს:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] “მილოცავენ მეგობრები, ჩემი თანამებრძოლები, საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ხალხი. დღეს ისინი მეუბნებოდნენ, ძველ ახალ წელს, შობას, ყველაფერს ამაღამ შევხვდებითო. “

სერგეი ბაღაფშმა პირველი მილოცვა ყოფილი კონკურენტისგან, რაულ ხაჯიმბასგან, მიიღო, შემდეგ - სოხუმში მყოფი რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერისა და ამავე ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილისგან. ბაბურინის, კოლესნიკოვის და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ყოფნას სოხუმში, ე.წ. საარჩევნო პროცესში მათ უხეშ ჩარევას, მათ მიერ იქ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში საპროტესტო განცხადების გაგზავნით გამოეხმაურა და კატეგორიულად მოითხოვა აღიკვეთოს აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების დესტრუქციული, საქართველოს სუვერენიტეტის შემლახავი ქმედებები. რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადება უპასუხოდ დატოვა. თუმცა ითქვა, რომ თბილისიდან მიღებული განცხადება უპასუხისმგებლო ხასიათს ატარებს. ამ და სხვა ფაქტებმა - თუნდაც იმან, რომ უსაფრთხოების ზონაში ქართველების წინააღმდეგ აფხაზები რუსი მშვიდობოსმყოფელების თვალწინ მოქმედებენ - გააცოცხლა საკითხი, რომელიც გადაჭრას ამდენი ხანია ითხოვს. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეიძლება სერიოზულად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის ყოფნის საკითხი.

მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთთან ურთიერთობის გარკვევაზე ფიქრობენ, აფხაზეთში არძინბას ეპოქა ბაღაფშის ეპოქით იცვლება. ის აცხადებს, რომ ქართველი დევნილები შეიძლება გალის რაიონში დაბრუნდნენ, მაგრამ არამც და არამც სხვა რაიონებში. ბაღაფშის სიტყვებით, ამას ახალი ომი მოჰყვება. როგორ შეხვდნენ თბილისში მის გამარჯვებას, ამასთან დაკავშირებით მოგასმენინებთ ირაკლი ალასანიას განცხადებას:

[ირაკლი ალასანიას ხმა] “არჩევნები ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, როცა მოსახლეობის ორი მესამედი გამოდევნილია. უბრალოდ, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში გაჩნდება ქართველების მიერ მხარდაჭერილი პირი და ჩვენ მზად ვართ მასთან სერიოზული დიალოგისთვის. “

მაგრამ ბაღაფში ჯერ ინაუგურაციისა და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. ცნობილია, რომ მის გარემოცვაში პრემიერ-მინისტრის პოსტი ალექსანდრე ანქვაბმა უნდა დაიკავოს.
XS
SM
MD
LG