Accessibility links

logo-print

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის კანონი დღემდე ხელმოუწერელია

  • ნინო როდონაია

საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს დამტკიცებული ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის

კანონი ოფიციალურად დღემდე არ ამოქმედებულა.
მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალი კანონისთვის პრეზიდენტს ხელი ჯერჯერობით არ მოუწერია.
ფინანსური ამნისტიის გამოცხადების დამკანონებელი დოკუმენტის ხელმოწერის ვადა 23 იანვარს იწურება.

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის კანონი პრეზიდენტს მაგიდაზე უდევს, თუმცა ხელს როდის მოაწერს, არავინ იცის, თავად მიხეილ სააკაშვილის გარდა. კანონის მიხედვით, პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ 10 დღის ვადა აქვს.
ამ პროცესის გაჭიანურებამ რამდენიმე ვერსია წარმოშვა.
ვერსია პირველი: ფინანსური ამნისტიის განმსაზღვრელი კანონის შინაარსი ფარულად იცვლება.
ამ ვერსიის სიზუსტეში ეჭვი ეპარება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრ ზურაბ ტყემალაძეს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ,,რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს, ვერ გეტყვით. შეიძლება იქ რაღაც ჩაამატეს ან მოაკლეს, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვიცი. წესით, ეგ არ შეიძლება, იმიტომ რომ საორგანიზაციო დეპარტამენტი მაგას არ დაუშვებდა არავითარ შემთხვევაში.” (სტილი დაცულია)

გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის კანონპროექტი საბოლოოდ ისე დაამტკიცა, რომ რამდენიმე შესწორება დოკუმენტში არ იყო შეტანილი. პარლამენტი და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტის ხელმოწერამდე შესწორებები კანონში სტენოგრამის მიხედვით ჩაიწერებოდა. ფინანსური ამნისტიის კონკრეტული შინაარსი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ოფიციალურად გამოქვეყნდება პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ,,მე მინდა ვნახო ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ვიმსჯელებ, რომ ეს ადეკვატურია იმისა, რასაც ჰქვია ფინანსური ამნისტიის კანონი, ან ეს ნორმა აბსოლუტურად არაადეკვატურია. ამიტომ, სადაც აქამდე დავიცადეთ, მე მგონი, ღირს კიდევ დაცდა და მერე ვნახოთ.” (სტილი დაცულია)

ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე ვერაფერს ამბობს კიდევ ერთ გავრცელებულ ვერსიაზე იმის შესახებ, რომ კანონის ხელმოწერის გაჭიანურება ამნისტიას დაქვემდებარებულ გარკვეულ პირთა მიმართ ფარულად მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას უკავშირდება:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ,,ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრო, თუ არ ვცდები, ამზადებდა ამ დოკუმენტის საფუძველზე დაახლოებით ოთხი ათეული ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მათი გათავისუფლებით და, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება დროში იგვიანებს სწორედ ამ დოკუმენტის ძალაში არშესვლის გამო.” (სტილი დაცულია)

ვერსიას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის მიერ ფინანსური ამნისტიის კანონის ხელმოწერა ცალკეულ პირთა ფარული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ჭიანურდება, ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძეც გამოეხმაურა:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ,,ეს შეიძლება, ჩემი აზრით, რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება, ძალიან დიდი იმედი მაქვს.” (სტილი დაცულია)

,,ამ კანონის მიზანია, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიების სახით” - ამ სიტყვებით იწყება ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის ჯერჯერობით ხელმოუწერელი კანონის ის ვარიანტი, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. შესავალს მოჰყვება იმის განმარტება, თუ ვის შეეხება და ვის არა ფინანსური ამნისტია. ჯერჯერობით უცნობია, შეესაბამება თუ არა გაზეთებით გავრცელებული ვარიანტი კანონის საბოლოო შინაარსს.
ამნისტიას დაქვემდებარებული პირები საგადასახადო დოკუმენტაციის განადგურებას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ახალი კანონი პრეზიდენტის ხელმოწერით გამოქვეყნდება. თუმცა ამის შემდეგაც ექსპერტები ყველა დაინტერესებულ ადამიანს იურისტებთან დეტალურ კონსულტაციებს ურჩევენ.
XS
SM
MD
LG