Accessibility links

გაზის კორპორაცია შეიძლება ნავთობკორპორაციასთან გაერთიანდეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა მთავრობის სხდომის განსჯის საგნად იქცა. პრემიერ-მინისტრმა თავად გაზის საერთაშორისო

კორპორაციის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და მისი ნავთობის კორპორაციასთან გაერთიანების საკითხიც დასვა. რა მდგომარეობაა მაგისტრალურ გაზსადენზე და რა ბედი ელის მის მფლობელ სტრუქტურას?

ამ დღეებში საქართველოს მთავრობა მაგისტრალურ გაზსადენზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას განიხილავდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ენერგეტიკის სამინისტრომ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, კორპორაციის მძიმე ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა იპოვოს.

სხდომაზე მოწვეულმა გაზის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელმა დავით ინგოროყვამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია მილსადენების რეაბილიტაცია, რაც 1992 წლიდან არ განხორციელებულა და რასაც 40 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება.

სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაში ხედავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”გაყიდვა არის უფრო ადვილი გამოსავალი. მთავრობის ფუნქცია არის ჯარი და ციხე და სასამართლო და არა მილსადენი და დენსადენი. მაგრამ ეს გაყიდვა ისე უნდა მოხდეს, რომ ჩვენ მაქსიმალური თანხა მივიღოთ.”

მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების საკითხი ადრეც დაისვა, რასაც სერიოზული ხმაური მოჰყვა, რადგან ამ სატრანზიტო მაგისტრალის დაპატრონების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ პრეტენდენტად რუსული ენერგოგიგანტი მოიაზრებოდა, რაც, ოპონენტების აზრით, საბოლოოდ, ეჭვქვეშ დააყენებდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას. გაზსადენის პრივატიზებას ხელს უშლის ისიც, რომ, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, მისი გასხვისება, რამდენიმე ე.წ. სტრატეგიულ ობიექტთან ერთად, აკრძალულია. თუ მთავრობა მის პრივატიზებას მაინც გადაწყვეტს, ამ შემთხვევაში მას პარლამენტთან შუამდგომლობა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება მოუწევს. პრივატიზების პერსპექტივას არცთუ დიდი ხალისით ხვდება თავად გაზის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე დავით ინგოროყვა, რომელიც აქცენტს სხვა რესურსების მოძიებაზე აკეთებს:

[დავით ინგოროყვას ხმა] ”მე მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო ხმამაღლა: არავინ არაფერს არ ყიდის, არც ვაპირებთ. ეს ერთ-ერთი ვარიანტი არის. პირველ რიგში, ჩვენ განვიხილავთ იმ ვარიანტს, რომ კორპორაციამ თვითონ მოახერხოს სახსრების მოზიდვა და სისტემის გადარჩენა და რეაბილიტაცია. ერთ-ერთი ვარიანტია დონორი სახსრები, საბიუჯეტო და ა.შ. მაგრამ თუ ჩვენ ეს ყველაფერი ვერ შევძელით უახლოესი 5 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ორგანიზაცია იფიქრებს აქციების პრივატიზებაზე. მაგრამ ეს არის შორეული პერსპექტივა.”

მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება მაინც ყველაზე რეალურ პერსპექტივად იკვეთება. ამასთან, არ არის გამორიცხული, თავად გაზის საერთაშორისო კორპორაცია ნავთობის კორპორაციასთან გაერთიანდეს. ამგვარი რეორგანიზაციის თემა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გაახმიანა:

[ზურაბ ჟვანია] „რამდენად არის საჭირო, რომ ცალკე იყოს ნავთობის კორპორაცია, ცალკე - გაზის კორპორაცია. მით უფრო, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სფერო იყო მუშაობა შახდენიზის გაზზე, ხოლო თურქმენულ და რუსულ გაზზე მუშაობდა გაზის საერთაშორისო კორპორაცია. არანაირი ლოგიკა არ არის ამაში.”

ამ თემაზე მთავრობა უახლოეს პერიოდში კიდევ იმსჯელებს. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის ბედიც, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გადაწყდება.
XS
SM
MD
LG