Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გზებზე მსჯელობენ


ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზები, დინამიკა და გადაჭრის გზები - ასე ეწოდება ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” შიდა პროექტს, რომლის მიზანი ქართულ-ოსური კონფლიქტის,

მისი დინამიკისა და გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის შესახებ არსებული მონაცემების დახარისხებაა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დაგროვილი მასალის საფუძველზე ანალიტიკური სურათის შექმნა და ნდობის აღდგენის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯების მოხაზვა. რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გზებზე?

პროექტში ის ექსპერტები მონაწილეობენ, რომლებიც წლების განმავლობაში აგროვებდნენ კონფლიქტთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალას და აკეთებდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ პრესაში გასული ინფორმაციის ანალიზს. ყოველივე ამის საფუძველზე, როგორც ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი დავით დარჩიაშვილი ამბობს, შეიქმნა ერთგვარი ანგარიში, რომელიც უკანასკნელ ათ წელიწადს მოიცავს და რომელიც შეიძლება კონფლიქტის მოგვარების კონცეფციას დაედოს საფუძვლად:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “ამ საკითხზე ცოტა უფრო ნაკლებად ხდებოდა საზოგადოების კონცენტრირება. რატოღაც ითვლებოდა, რომ თავისთავად მოგვარდებოდა ან მეორეხარისხოვანი იყო, რაც თავისთავად დიდი შეცდომა იყო. ამ ეტაპზე საფიქრალია სტატუსზეც, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, უფრო მეტი საფიქრალია ნდობის აღდგენაზე.”(სტილი დაცულია)

ნდობის დეფიციტი კი, მართლაც, არსებობს. ამის შესახებ განცხადებას ჩემთან საუბარში პარლამენტში შექმნილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის აპარატის უფროსი ზურაბ ბენდიანაშვილი აკეთებს. მისი თქმით, მილიტარისტული სულისკვეთებით გაჟღენთილი ერთი განცხადება ათ სამშიდობო ინიაციატივას ფარავს:

[ზურაბ ბენდიანაშვილის ხმა] “წონის თუნდაც ერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ძალისმიერი მეთოდებით შეიძლება კონფლიქტის მოგვარება, - ეს წონის ყველაფერ დანარჩენს. მით უმეტს, რომ ოქრუაშვილმა თქვა, რომ წელს ის ერთ-ერთ დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებს.”(სტილი დაცულია)

ექსპერტთა თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც ჰქონდა ილუზია, რომ ცხინვალის პრობლემას შედარებით მარტივად გადაჭრიდა. აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ ხელისუფლების ეს განწყობა საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს გადაედო.

[ქალბატონის ხმა] “ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს აქვს ჩაფიქრებული. ასპროცენტიანი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. დაკარგულ ტერიტორიებს - აფხაზეთს, სამაჩაბლოს - ყველაფერს დავიბრუნებთ რიგრიგობით. დავაცადოთ ცოტა და ყველაფერს გააკეთებენ. ესენი არიან ღვთით ბოძებულნი, ამათი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნა.”(სტილი დაცულია)

თუმცა ღმერთის მიერ გამოგზავნილმა და ხალხის ლამის ერთსულოვანი მხარდაჭერით არჩეულმა ხელისუფლებამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მეტიც, ხელისუფლებას დღემდე არ უზრუნია ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების კონცეფციის შექმნაზე, ხოლო არათანმიმდევრული ნაბიჯებით ხელი შეუწყო დაპირისპირებული მხარეების კიდევ უფრო მეტად გაუცხოებას.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “ნდობის აღდგენა მთავარი კომპონენტია. ჩვენ შეიძლება ძალიან ლამაზი ფორმულები შევიმუშაოთ ურთიერთობებისა ერთიან სახელმწიფოში, მაგრამ არ იქნეს აღქმული სათანადოდ ან იქნეს აღქმული როგორც ხაფანგი, თუ არ არის ნდობა. ამიტომ, პირველ რიგში, საფიქრალია, როგორ აღდგეს ნდობა.”

ნდობის აღდგენა და ურთიერთობის ისეთი მოდელის შემუშავება, რომლითაც ქართული მხარე სტატუსის განსაზღვრამდე იხელმძღვანელებს, - დავით დარჩიაშვილის თქმით, ეს არის ის ორი მიმართულება, რომელზეც ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” პროექტში ჩართული ექსპერტები მუშაობენ. თავად ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კი იმედოვნებს, რომ მთავრობა შარშანდელ პოსტრევოლუციურ რადიკალიზმს თავს დააღწევს და დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მეტად საქმიანი იქნება.
XS
SM
MD
LG