Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების გულმოწყალება მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების მიერ დასჯილ გენერლებზე ვრცელდება


ხუთშაბათს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულიად რეაბილიტირებულია

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიის ერთ-ერთი მეთაური, პოლკოვნიკი აკაკი ელიავა, რომელიც პოლიციასთან შეტაკების დროს, 2000 წლის 9 ივლისს, დაიღუპა. ბევრად უფრო ადრე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამუდამო პატიმრობამისჯილი ეროვნული გვარდიის სარდალი ლოთი ქობალია შეიწყალა. თუმცა ქობალია გაცილებით მძიმე დანაშულისთვის იხდიდა სასჯელს, ვიდრე გენერლები, რომლებიც საპატიმროებში ახალი ხელისუფლების დროს მოხვდნენ. რას ითვალისწინებს სიკვდილის შემდგომი რეაბილიტაცია, როგორ ცხოვრობს შეწყალებული გენერალი ქობალია და რისი იმედი აქვთ საპატიმროში მყოფი გენერლების ახლობლებს?


პოლკოვნიკი აკაკი ელიავა თითქმის ერთადერთი მაღალჩინოსანი სამხედრო იყო ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიიდან, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ შემოირიგა და თანამდებობაც მისცა. მაგრამ აკაკი ელიავამ 1998 წლის 19 ოქტომბერს სენაკის ბრიგადაში ამბოხება მოაწყო, გადაიბირა ოფიცრების ნაწილი და ტანკები ქუთაისისკენ დაძრა. ელიავას ამბოხი მხოლოდ ხუთ საათს გრძელდებოდა, იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ მეამბოხეთა შესაჩერებლად ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა და ქუთაისთან კოჯრის სპეცდანიშნულების ნაწილი გადაისროლა.
[ტაქნკების და სროლის ხმა]

ამბოხი ჩაიშალა, პოლკოვნიკმა აკაკი ელიავამ და მისმა მებრძოლებმა კი სამეგრელოს ტყეებს შეაფარეს თავი. თითქმის 2 წლიანი აბრაგობის შემდეგ აკაკი ელიავა და მისი თანამებრძოლი გოჩა გვილავა პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილმა ზესტაფონში მანქანაში ჩაცხრილა. მათ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, იმერეთის რეგიონული პოლიციის უფროსის რუბენ ასანიძის მრჩევლად აყვანა, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და სხვა სახის მძიმე დანაშაულებებში ედებოდათ ბრალი. შესაბამისად, რაკი უზენაესმა სასამართლომ მოკლული პოლკოვნიკის სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო, ელიავას ადვოკატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ შემდგომში წინასწარ განზრახვის ფაქტზე შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს:

[ეკა ბესელიას ხმა] “ დაიწყება ამ ლიკვიდაციის ფაქტზე გამოძიება, ანუ უკვე უნდა გამოიკვეთოს, ალბათ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები იმ დროისათვის, ვინც უშუალოდ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია და გასცა ბრძანება ლიკვიდაციის.”

პოლკოვნიკ აკაკი ელიავას სახელის რეაბილიტაციას მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის სარდალი ვახტანგ(ლოთი) ქობალია, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაზაფხულზე შეიწყალა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლება ლოთი ქობალიას სეპარატისტულ რეგიონებში გარკვეულ საბრძოლო დავალებებს მისცემდა. შეწყალებული გენერალი და მისი მომხრეები, მართლაც, გამოჩნდნენ ცხინვალის მისადგომებთან ივლის-აგვისტოს კრიზისის დღეებში, რასაც ლოთი ქობალია არ მალავს:

[ლოთი ქობალიას ხმა] “კი, ვიყავი, მოწვეული ვიყავი. ჩვენი თანამებრძოლები, უამრავი ხალხია იქა, ათასობით არის ჩვენი თანამებრძოლი, ვისთან ერთადაც მე მიბრძოლია იქ, სამაჩაბლოში, და აქაც.”(სტილი დაცულია)

ლოთი ქობალია ამჟამად სოფელ ოდიშში, საკუთარ სახლში, ცხოვრობს და საკუთარ მატერიალურ სიდუხჭირეზე ჩივის. შეწყალებულ გენერალს არა აქვს პენსია და ამაოდ ელის სახელმწიფოსგან დაპირებულ სესხს რაიმე ბიზნესის დასაწყებად. მაგრამ რაც აქვს ლოთი ქობალიას, თავისუფლების სახით, ამას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ეღირსებიან ახალი ხელისუფლების პირობებში საპატიმროებში მოხვედრილი გენერლები ასლან აბაშიძის გარემოცვიდან - გოგი კუპრეიშვილი და რომან დუმბაძე. მთელი მათი დანაშაული იმაში მდგომარეობს, აცხადებს ადვოკატი ეკა ბესელია, რომ ასრულებდნენ ასლან აბაშიძის ბრძანებებს და არ ემორჩილებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებას. საქართველოს ხელისუფლების გულმოწყალება კი ჯერჯერობით მხოლოდ მისი წინამორბედის მიერ დასჯილ გენერლებზე ვრცელდება.
XS
SM
MD
LG