Accessibility links

თბილისში მიმდინარე მშენებლობების კანონიერებას მერიის სპეციალური კომისია აღარ სწავლობს

  • ნინო როდონაია

სპეციალური კომისია, რომელსაც თბილისში მიმდინარე მშენებლობების კანონიერების შესწავლა ევალებოდა, საბოლოოდ, არალეგიტიმური აღმოჩნდა.

დედაქალაქის მერის მითითებით შექმნილმა კომისიამ, რომელიც უკანონო მოქმედებაში არაერთხელ დაადანაშაულეს, მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა.
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ ჯგუფს იმედი ჰქონდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მის საქმიანობას კონკრეტული კანონი დაადასტურებდა.
კომისიამ მუშაობა სწორედ კანონთან შეუსაბამობის გამო შეწყვიტა.


რა უყავით ამ ქალაქს! - ამგვარია რეაქცია ბევრი ადამიანისა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან და თბილისში ხშირად ჩამოსვლა უყვარდათ. ჩვენზე უკეთ სწორედ ისინი ამჩნევენ, რომ ბოლო წლებში თბილისმა საკუთარი იერი უარესობისკენ შეიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაში თვალის შეჩვევის პრინციპი ნაკლებად მოქმედებს, რადგან ადგილობრივი თვალიც კარგს ვერაფერს ხედავს.
თბილისში უკანონო მშენებლობების თაობაზე უამრავჯერ თქმულა, დაწერილა, საპროტესტო აქციებიც გამართულა და ცალკეულ შემთხვევებში -ალბათ, უფრო ერთჯერადი ეფექტის მიზნით - საქმეში პირადად ამჟამინდელი პრეზიდენტის - საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის - მიერ მართული მძიმე სამშენებლო ტექნიკაც ჩართულა. თუმცა ყოველივე ამას თბილისის იერსახე უკეთესობისკენ ჯერჯერობით არ შეუცვლია.
დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობათა კანონიერების გარკვევას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა მერიისა და საკრებულოს წევრებით დაკომპლექტებული კომისია, რომელმაც მუშაობა შესაბამისი კანონის არარსებობის გამო შეწყვიტა:

[თემურ ქურხულის ხმა] ,,ჩვენ დავინახეთ, რომ წინააღმდეგობაში მოვდიოდით ძალიან ბევრ კანონთან, ძალიან ბევრ სამსახურთან. ამის გამო მე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნიე, რომ კომისიას ემუშავა. ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ რამის გაკეთება როცა მინდოდა, მე ვავალებდი არქმშენინსპექციას, ადმინისტრაციულ ინსპექციას, არქიტექტურის სამსახურს და კომისიის ლეგიტიმურობის ხარისხი ჩვენ ვერ განვსაზღვრეთ, ვერ მოვარგეთ დღევანდელ კანონმდებლობას.” (სტილი დაცულია)
კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, თბილისის ამჟამინდელი პრემიერი თემურ ქურხული ამბობს, რომ კომისიის გაუქმებამ დააჩქარა არქმშენინსპექციის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის პროცესი. მანამდე ეს სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექვემდებარებოდა.
რამდენიმე პროცედურის დასრულების შემდეგ თბილისის მერიას, არქმშენინსპექციის სახით, უკანონო მშენებლობებთან მებრძოლი კონკრეტული სამსახური ექნება.
არაკანონიერ მშენებლობათა პრობლემის დაძლევის ერთ-ერთ ეფექტურ გზად სამშენებლო კოდექსის შექმნას ასახელებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ანა ქათამიძე. ის ამბობს, რომ, საერთოდ, საქართველოში მშენებლობის დაწყებას წინ უძღვის თითქმის ერთწლიანი ურთულესი პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი უკვე მოპოვებული ნებართვა ვადაგასული აღმოჩნდება ხოლმე:

[ანა ქათამიძის ხმა] ,,უკანონო მშენებლობასაც, გარკვეულწილად, ის გარემოება იწვევს, რომ ძალიან მაღალი ბარიერებია გადასალახი და გარემოს ქმნის ისეთს, რომ უბიძგებს უკანონო მშენებლობას. აი, ამჟამად როგორც მიმდინარეობს, უკვე აშენებულებს რომ ანგრევენ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩვენ შევისწავლეთ, უმრავლესობას კი აქვს ნებართვა აღებული, მაგრამ საქმეც ისაა, როგორ. საერთოდ, უნებართვოდ როდესაც მშენებლობა მიდის, ბუნებრივია, ექვემდებარება დანგრევასაც, დემონტაჟსაც. ამ შემთხვევაში უნდა დაწესდეს და, ალბათ, დაწესდება კიდეც სერიოზული ფინანსური სანქციები.” (სტილი დაცულია)

უკანონო მშენებლობათა აღკვეთის მიზნით უახლოეს ხანში ფინანსური სანქციების მოცულობა გაიზრდება. ამავე მიზნით უკვე შეიცვალა 4 კანონი და მუშაობა მიმდინარეობს სამშენებლო კოდექსზეც, თუმცა თბილისის უკვე საგრძნობლად დამახინჯებულ იერსახეს ყოველივე ეს, ალბათ, ნაკლებად შეცვლის. თუკი სამომავლოდ, მართლაც, ეფექტური კანონმდებლობა გვექნება, ამას აუცილებლად უნდა დაემატოს ესთეტიკის გათვალისწინება და იმის შეგნება, რომ თბილისი თითოეული ჩვენგანის ქალაქია.
XS
SM
MD
LG