Accessibility links

რუსეთი რევოლუციების ექსპორტის წინააღმდეგ

  • ნინო როდონაია

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში რევოლუციური ტალღის შემდგომი გავრცელების შესაძლებლობაზე მოსკოვი მწვავედ რომ რეაგირებს,

ამ დღეებში ნიუ-იორკში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ივანოვმა.
პოლიტტექნოლოგიების მეშვეობით სახელისუფლებო ელიტის შეცვლის პრაქტიკას 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი რუშაილოც, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ სამდივნოს ხელმძღვანელობს.

რას უფრთხის მოსკოვი და ფლობს თუ არა იგი რეალურ საპასუხო რესურსებს? - ამის გარკვევას პოლიტოლოგ დავით აფრასიძესთან ერთად შევეცადე.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა კვლავ მოსკოვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება, რადგან ამ გაერთიანების ქვეყნებში 25 მილიონი რუსი ცხოვრობს - ამის თაობაზე ნიუ-იორკში, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა. მან დაადასტურა, რომ მოსკოვს საკმაოდ მკვეთრი რეაქცია აქვს და ექნება თანამეგობრობის სივრცეში რევოლუციის ექსპორტზე. ამავე საკითხზე მოსკოვში განსხვავებული ტერმინოლოგიით ისაუბრა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელმა მდივანმა ვლადიმირ რუშაილომ, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ კრემლის პოზიციას გამოხატავს. რუშაილოს მიაჩნია, რომ პოლიტტექნოლოგიების მეშვეობით ხელისუფლების შეცვლა საფრთხეს უქმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, მათ შორის - რუსეთს, რასაც შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს.
მოსკოვის გაღიზიანების რამდენიმე მიზეზს ასახელებს პოლიტოლოგი დავით აფრასიძე:

[დავით აფრასიძის ხმა] ,,ცხადია, თუ რატომ რეაგირებს რუსეთი ასე მწვავედ იმდენად, რამდენადაც დემოკრატიული პროცესების განვითარება პოსტსაბჭოთა სივრცეში რეალურად უსვამს წერტილს საბჭოთა კავშირის აღორძინების ნებისმიერ მცდელობას და, უფრო მეტიც, ის, პრინციპში, თვითონ რუსეთშიც აღწევს ნელ-ნელა შიგნით და რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასაც, საშუალო თუ არა, გრძელვადიან მომავალში შეიძლება შეუქმნას საფრთხე.” (სტილი დაცულია)

საგულისხმოა, რომ ,,ვარდების რევოლუციად” წოდებული მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთმა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა. თუმცა მანამდე მოსკოვმა თბილისში მოავლინა იგორ ივანოვი, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის მიტინგსაც დაესწრო და სიტუაციის უსისხლოდ მოგვარების ერთ-ერთ ხელშემწყობადაც გამოცხადდა.
იმ ფაქტს, რომ რევოლუციებზე მოსკოვის რეაქცია განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შემდეგ გამწვავდა, პოლიტოლოგი დავით აფრასიძე ამგვარად ხსნის:

[დავით აფრასიძის ხმა] ,,არსებობს თვისებრივი განსხვავება უკრაინასა და საქართველოს შორის. პირველი ის, რომ უკრაინა მაინც სლავური სახელმწიფოა, ანუ, თუ იდეოლოგიურად ავიღებთ, საკუთარ ბანაკში მოხდა უკვე განხეთქილება. მეორეც, თუ საქართველოს შემთხვევაში საქმე იყო რაღაც პატარა ქვეყანასთან, რომელიც არსებობს თუ არ არსებობს, კაცმა არ იცის, უკრაინის შემთხვევაში ეს არის ევროპის, სიდიდით საკმაოდ მნიშვნელოვანი, ქვეყანა, რომელიც, როცა იქმნება, ვთქვათ, ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა, ისეთი ქვეყნების გვერდით იკავებს წამყვან ადგილს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი.” (სტილი დაცულია)

ფლობს თუ არა რუსეთი რეალურ რესურსებს თანამეგობრობის სივრცეში რევოლუციური ტალღის შესაძლო გავრცელების შესაჩერებლად? - დავით აფრასიძეს მიაჩნია, რომ, თუკი კრემლის მიერ თუნდაც უკრაინაში დაშვებულ შეცდომებს გავითვალისწინებთ, რუსეთისგან რაიმე სერიოზულ საფრთხეს, ამ თვალსაზრისით, არ უნდა ველოდეთ. თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, მოსკოვის სასარგებლოდ იმოქმედოს:

[დავით აფრასიძის ხმა] ,,თუ ხელისუფლების შეცვლის გზით დემოკრატიული პროცესების განვითარების ექსპერიმენტები წარუმატებელი იქნება, ანუ თუ ის საზოგადოებრივ დასაყრდენს ვერ იპოვის ამ ქვეყნებში, აი, მაშინ შეიძლება რუსეთის დანაპირები გარკვეულწილად ასრულდეს კიდეც. თეორიაში ამას ეძახიან ხოლმე დემოკრატიზაციის ტალღებს. ნებისმიერ მოქცევას ხანდახან მიქცევაც სდევს თან და ამიტომ საჭიროა, რომ ამ შემთხვევაში უკრაინისა და საქართველოს მაგალითი იყოს სტაბილური, იყოს განვითარებადი დადებითი მიმართულებით, რათა ეს იქცეს ერთგვარ მოდელად სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის.” (სტილი დაცულია)

სამწუხაროდ, მოდელად საქართველოს გადაქცევაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ქვეყნისადმი უკვე არაერთი შენიშვნა გაუჩნდა.

ერთი წლის წინ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ქართული რევოლუცია პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ ნაწილში დემოკრატიის პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებად აღიქმებოდა. დღეს დასავლეთის ანალიტიკოსთა ნაწილი უკრაინის მოვლენებით აღფრთოვანებულ ადამიანებს მოცდას ურჩევს, საქართველოსკენ მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ვარდების სუნი გაქრა.
XS
SM
MD
LG