Accessibility links

logo-print

სამხედრო უწყების თანამშრომელთა მორიგი შემცირების ჰუმანური და სოციალური პრობლემები


თავდაცვის მინისტრების შეცვლა,

რაც რიგით მესამეა ახალი ხელისუფლების ერთწლიანი მმართველობის განმავლობაში, სოციალურ დისკრიმინაციად შემოუტრიალდა თავდაცვის მინისტრის სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის ასეულობით თანამშრომელს. სამხედრო უწყების ბევრმა მოხელემ, რომლებმაც ირწმუნეს პრეზიდენტ სააკაშვილის წინასაახალწლო დაპირება, რომ მინისტრების მორიგი შეცვლა უბრალო მოხელეთა სამსახურებრივ მდგომარეობაზე არ იმოქმედებდა, გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს. უმუშევრად დარჩენილი ადამიანების უმრავლესობა ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც სამხედრო უწყებაში სამსახური შეგნებულად აირჩიეს და ვერასოდეს იფიქრებდნენ, რომ სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა- განმარტებისა და სოციალური გარანტიების გარეშე გამოისტუმრებდნენ. როგორც ირკვევა, შემცირების აღნიშნული ტალღა კანონით დადგენილი საკომპენსაციო თანხების გაცემას მხოლოდ 2006 წლიდან ითვალისწინებს.

აქვს თუ არა სამხედრო უწყებაში მიმდინარე საკადრო შემცირებებს “ადამიანური სახე” და ითვალისწინებს თუ არა დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე საქართველოს ხელისუფლება სოციალურ და ჰუმანიტარულ ასპექტებს მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში? ამ შეკითხვაზე 24 წლის ეკა ჭოჭუას უარყოფითი პასუხი აქვს. 24 წლის იურისტი, რომელსაც 5 წლის შვილი და შრომის უნარს მოკლებული მშობლები ჰყავს, სამსახურიდან ახალი წლის დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს, ისე რომ არ გაითვალისწინეს არც მისი პროფესიონალიზმი და არც ოჯახური მდგომარეობა:

[ეკა ჭოჭუას ხმა] “ მე მქონდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება, რადგან მყავს 5 წლის შვილი, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, მამა პენსიონერია. მაგრამ ეს პირობები არ იქნა გათვალისწინებული. ეს, პირველ რიგში, შეურაცხმყოფელია. მეორე მხრივ კი, უნდა ჩატარდეს ტესტირება და არა ისე, რომ ხელმძღვანელმა სუბიექტურად გადაწყვიტოს თანამშომლის თანამდებობაზე დარჩენა- არდარჩენა.”(სტილი დაცულია)

თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტიდან ყოველგვარი ტესტირებისა და ატესტაციის გარეშე გამოისტუმრეს 24 წლის ნინო თურმანიძეც, რომელმაც 2 წლის წინ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და გადაწყვიტა კარიერა სახელმწიფო სამსახურში გაეკეთებინა. ნინო იხსენებს, რომ ორი წლის წინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში დაინიშნა, სამოქალაქო პირების ხელფასი მხოლოდ 30 ლარს შეადგენდა, სამუშაო კი აურაცხელი იყო. ახლობლები მას ამის გამო გამოუსწორებელ იდეალისტს ეძახდნენ, თუმცა, როგორც ნინო ამბობს, მას იმედი ჰქონდა, რომ ახალი ხელისუფლების დროს ვითარება შეიცვლებოდა და ახალგაზრდა გამოცდილ კადრებს სამოქალაქო თანამდებობაზე მუშაობის შესაფერისი პირობები შეექმნებოდათ. თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მინისტრების ხშირი ცვლის გამო, ნინო თურმანიძე სამჯერ გახდა საორგანიზაციო-საშტატო ექპერიმენტის მსხვერპლი:

[ნინო თურმანიძის ხმა] “ყველა მინისტრის მოსვლის დროს ჩვენ შიშის კანკალით ველოდებოდით ახალ ხელმძღვანელს, იმიტომ რომ ვიცოდით რა სიტუაციაც იყო. ყოველთვის ისეა, რომ ნაცნობები მოჰყავთ. ოქრუაშვილის მოსვლის დროსაც ისე მოხდა, რომ არ შეიცვალა ჩვენი ხელმძღვანელი, მაგრამ მაინც დაგვითხოვეს თანამდებობიდან. მე პირადად არ ველოდი, რომ დამითხოვდნენ სამსახურიდან.”

ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრად დანიშვნისას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ თანამდებობას არა საშუალო და დაბალი რგოლის მოხელეები, არამედ, ძირითადად, მინისტრის მოადგილეები და რამდენიმე საკვანძო დეპარტამენტის უფროსი დატოვებდა. მაგრამ ახალი წლის წინ ყველა დეპარტამენტმა მიიღო დავალება 40 პროცენტით შეემცირებინა საშტატო თანამდებობები. მათ შორის იურიდიულმა დეპარტამენტმა, რომელსაც, პირველ რიგში, კანონების მომზადება და მათ შესრულებაზე კონტროლი ევალება. ამ დეპარტამენტის უფროსმა მამუკა კიკალეიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ზემოხსენებული ექვსი თანამშრომელი სამსახურიდან დაბალი კვალიფიკაციისა და კანონების უცოდინრობის გამო გაათავისუფლა. თუმცა ჩვენს შეკითხვაზე, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით განსაზღვრა მან ხელქვეითების პროფესიონალიზმი, გვიპასუხა, რომ ასეთი საკონკურსო კრიტერიუმები დამტკიცებული არ არის:

[მამუკა კიკალეიშვილის ხმა] “საკონკურსო კრიტერიუმები, სამწუხაროდ, ამ გაუთავებელი რეორგანიზაციების გამო, თუმცა შემუშავებულია, მაგრამ დამტკიცებული არ არის - არც ბარამიძის დროს და ჯერ ვერც ოქრუაშვილმა მოასწრო. მაგრამ პირადად მე გაკეთებული მაქვს ოფიციალური წერილი, სადაც ის საკონკურსო მოთხოვნები წარვადგინე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ამ შემთხვევაში იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები.”(სტილი დაცულია)

მამუკა კიკალეიშვილი არ მალავს, რომ ნებისმიერი რანგის მოხელის შემცირების დროს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ ადამიანი ქუჩაში არ დარჩეს, იზრუნოს მის პროფესიულ გადამზადებაზე და, ასევე, უნდა გადაუხადოს ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა, ორი თვის ხელფასის ოდენობით. მაგრამ სახელმწიფო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლებას საქართველოში არა აქვს ადამიანური სახე. დღემდე არ არსებობს გადამზადების პროგრამა. მეტიც, წელს, სამხედრო უწყების თანამშრომელთა მესამე შემცირების წინ, თავდაცვის ხელმძღვანელობამ ისე მოაწყო საქმე, რომ უმუშევრად დარჩენილი სამასი თანამშრომელი ერთჯერადი ანაზღაურების თანხას მხოლოდ 2006 წელს მიიღებს. რჩება ერთადერთი გამოსავალი: სამხედრო უწყებიდან დათხოვნილი თანამშრომლები აპირებენ სასამართლოს გზით მიიღონ კანონით დაწესებული თანხა და მიაღწიონ იმას, რომ მათი კვალიფიკაცია რომელიმე თანამდებობის პირმა კი არ შეაფასოს სუბიექტური კრიტერიუმებით, არამედ ის კონკურსის წესით განისაზღვროს. მაგრამ, როგორც ჩვენმა რესპონდენტებმა მითხრეს, მაშინაც კი, თუკი ისინი სასამართლოს გზით აღდგებიან თანამდებობაზე, მათ უკვე აღარ სურთ იმ სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება, საიდანაც ადამიანებს კონვეიერული წესით ერეკებიან.
XS
SM
MD
LG