Accessibility links

logo-print

როგორ იცნობენ საქართველოში ქვეყნის სახელმწიფო დროშას


ზუსტად ერთი წლის წინ, 2004 წლის 14 იანვარს, საქართველოს ყოფილმა პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. ამით სამფეროვანი დროშა

ისტორიას ჩაბარდა და მისი ადგილი ახალმა სახელმწიფო სიმბოლომ დაიკავა - დროშამ, რომელიც, საქართველოს ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის გარდა, ბოლო პერიოდში მომხდარ რევოლუციებთან ასოცირდება. რამდენად და როგორ გაითავისეს ხუთჯვრიანი დროშა საქართველოში, როგორც საქართველოს სახელმწიფო დროშა?

“ეს არის რელიგიის, კულტურის, ევროპულობის - ყველაფრის ერთად - შემაერთებელი,” - თავის დროზე ასე განმარტავდნენ ხუთჯვრიანი დროშის მნიშვნელობას ამ დროშის სახელმწიფო დროშად მიღების მომხრეები. მათ ოპონენტები ჰყავდათ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თეთრ ტილოზე დატანილი წითელი ჯვარი - ოთხკუთხივ პატარა, ასევე წითელი ჯვრებით - კათოლიკური დროშაა. მათ პრეტენზიებზე საპასუხოდ ხუთჯვრიანი დროშის მომხრეებს გამოჰქონდათ მეთოთხმეტე საუკუნის საქართველოს ისტორიული რუკების ასლები, რომლებზეც დატანილია ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულება, აგრეთვე იმოწმებდნენ ბოჭორმისა და ჩხერის ეკლესიებზე შუა საუკუნეებში ამოტვიფრული ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულებებს. ვნებათაღელვა მაშინ დაცხრა, როცა საქართველოს ყოფილი პარლამენტის უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სწორედ ხუთჯვრიანი დროშის მნახველს შეიძლება ვუთხრათ, რომ ეს დროშა 2500 წლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ქვეყნის სიმბოლოა. გავიდა ხანი, ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ მომხდარი რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას პოპულარობა თუ ცოტათი მაინც გაუხუნდა, დროშისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა. თუმცა, როგორც ტრადიციონალისტი გუბაზ სანიკიძე შენიშნავს, ბევრმა არ იცის, რა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია საქართველოს სახელმწიფო დროშა:

[გუბაზ სანიკიძის ხმა] “ქართველმა ხალხმა არ იცის, როგორ აიხსნება ეს დროშა. რას ნიშნავს ეს დროშა. ეს ნიშნავს ქრისტეს 5 ჭრილობას? ეს ნიშნავს წმინდა გიორგის? მაცხოვარს და მის 4 მოციქულს? არავინ არ იცის, იმიტომ რომ დაზუსტებული არ არის. ზოგი ამას გეტყვით, ზოგი იმას. “

ჩვენ დავინტერესდით იმით, როგორ ახსნიდნენ საქართველოს სახელმწიფო დროშაზე დატანილ სიმბოლოებს პარლამენტარები და ამისთვის რამდენიმე მათგანს მივმართეთ:

[მაია ნადირაძის ხმა ] “მე არ მინდა ის, რაც მაინცდამაინც ამ სპეციალობისთვის არის დამახასიათებელი, მე ვილაპარაკო. “ (სტილი დაცულია)
[ელენე თევდორაძის ხმა] “უკვე აღარ მახსოვს, არ მახსოვს და ვერ დავიწყებ მარჩიელობას, არ მახსოვს. “

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “ამბობენ, რომ დიდი ჯვარი არის მაცხოვარი და პატარა ჯვრები - ოთხი მახარებელი; ასევე ამბობენ, რომ ეს ჯვრები ჭრილობებს აღნიშნავს ქრისტეს სხეულზე. ქრისტიანული სიმბოლიკაა, რელიგიური დატვირთვა აქვს თავიდან ბოლომდე. “

ჰერალდიკის ზოგიერთი სპეციალისტი კი განმარტავს, რომ წითელი ჯვრები დროშაზე არა იმდენად ქრისტიანობის, კულტურული ქრისტიანობის სიმბოლოა.
სიმბოლოს ერთი დაზუსტებული ახსნა, მართლაც, არა აქვს. ვისაც ძალიან მოსწონს, მათ შორის - მაია ნადირაძეს, ის ასეთ ახსნას იძლევა:

[მაია ნადირაძის ხმა] “ძალიან ლამაზია, ახალი რუკები გამოვიდა და რომ დახედავ, ანათებს ჩვენი დროშა. ამ დროშით დაიწყო ჩვენი გამარჯვებები და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. ამიტომ ძალიან მიყვარს. “
XS
SM
MD
LG