Accessibility links

logo-print

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვი 400 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვმა რეკორდულ მოცულობას, 400 მილიონ აშშ დოლარს, მიაღწია. აქამდე ქვეყანას ამ ოდენობის რეზერვი არ ჰქონია.

საფინანსო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაღალი რეზერვი, ტრადიციულად, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. რის ხარჯზე მოხერხდა ერთი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვის მკვეთრი ზრდა და რით არის მნიშვნელოვანი ეს პარამეტრი?

გასული წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საბიუჯეტო წესრიგის დამყარებასთან ერთად ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემის სტაბილურობა სახელდება. საფინანსო სტაბილურობის ერთ-ერთ აღიარებულ კომპონენტს კი, ტრადიციულად, ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მდგომარეობა და მოცულობა წარმოადგენს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში, მართლაც, შთამბეჭდავი ზრდა აღინიშნა და ქვეყნის სავალუტო რეზერვი 2004 წელს 200 მლნ. აშშ დოლარზე მეტით შეივსო. დღეისათვის არსებული სავალუტო რეზერვი საქართველოს 2,3 თვის იმპორტის მოცულობის ეკვივალენტია, რაც ბოლო წლებში ჩვენთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის სავალუტო დეპარტამენტის უფროსის კახა სეხნიაშვილის თქმით, რეზერვის ეს მოცულობა რეკორდულია საქართველოს ისტორიაში:

[კახა სეხნიაშვილის ხმა] ”დღეისათვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ მიაღწია 400 მლნ. აშშ დოლარს, რაც თავისთავად რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს ეროვნული ბანკისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის. რეზერვები დღეს გამოიყენება როგორც ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნების, ისე საგარეო ვალების მომსახურებისათვის. რეზერვების ეს მოცულობა ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის საფუძველს იძლევა.”

საერთაშორისო სავალუტო რეზერვის მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევა გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებით და რევოლუციის შემდეგ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურებითაც არის განპირობებული. საგადასახადო ადმინისტრირების ზრდამ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა გაზარდა, რის გამოც სამეურნეო სუბიექტებმა უცხოურ ვალუტაში არსებული აქტივების გადახურდავება დაიწყეს. ამის და რიგი ეკონომიკური ფაქტორების გამო სავალუტო ბაზარზე გასულ წელს, ძირითადად, ამერიკულ დოლარს ახურდავებდნენ. მხოლოდ 2004 წელს ეროვნულმა ბანკმა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაახლოებით 200 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა. რეზერვები გაიზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენისა და კრედიტების გამოყოფის ხარჯზეც. ფონდის ბოლო 21 მლნ. დოლარის ოდენობის ტრანში ცენტრალურმა ბანკმა წლის ბოლოს მიიღო. ეს თანხები მთლიანად რეზერვების შევსებას მოხმარდა.

რეზერვის მოცულობის ზრდა, გარდა იმისა, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობაა, საქართველოს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად მოემსახუროს თავის საგარეო ვალებს და პირნათელი იყოს საერთაშორისო კრედიტორებთან.
XS
SM
MD
LG