Accessibility links

logo-print

იმის მიუხედავად, რომ იანვრის თვე, ტრადიციულად, მოვლენების სიუხვით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იმის მიუხედავად, რომ იანვრის თვე, ტრადიციულად, მოვლენების სიუხვით არ გამოირჩევა ხოლმე, ქართული პრესა მთელი კვირის მანძილზე მკითხველს საინტერესო

პუბლიკაციებს სთავაზობდა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. გასულ კვირას ქართველმა ჟურნალისტებმა ყველაზე დიდი ყურადღება თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუთმეს.

„უნიჭო რუსული სპექტაკლი“, „არძინბას ეპოქა დასრულებულია“, „ბაღაფში სააკაშვილის მილოცვას ამაოდ ელოდება“ - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა გასული კვირის ქართული პრესა 12 იანვარს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს. 14 იანვრის გაზეთ „ხვალინდელი დღის“ ცნობით, ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი საპრეზიდენტო სავარძელში ჩაჯდომას ჩქარობს, ინაუგურაციის თარიღის გადმოწევას აპირებს და აფხაზეთში კრასნოდარის გუბერნატორს ტკაჩოვს ეპატიჟება. „ხვალინდელი დღე“ წერს:



აფხაზურ არჩევნებში რუსი დეპუტატების აქტიურობის გამო რუსეთ-საქართველოს საგარეო უწყებებს შორის დიდი მიწერ-მოწერა გაჩაღდა. აფხაზეთში ბაბურინისა და მისი კოლეგების „ოფიციალურ“ ვიზიტს მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში ადანაშაულებს.
ქართული მხარე კატეგორიულად ითხოვს რუსეთისგან, აღკვეთოს აფხაზეთში მისი ოფიციალური წარმომადგენლების დესტრუქციული ქმედებები და იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა სათანადო შეფასებას მისცემს რუსეთის მხარის მცდელობას, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეში და შელახოს მისი სუვერენული უფლება.
ბაბურინის აფხაზური ვოიაჟი თავად რუსეთის დეპუტატებს შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა. დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პარლამენტის პოზიცია სრულებითაც არ ემთხვევა ვიცე-სპიკერ ბაბურინისას, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. გრიზლოვის თქმით, ბაბურინი აფხაზეთში კერძო ვიზიტით იმყოფება და, შესაბამისად, თავის საკუთარ და არა ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს. „რუსეთი არასოდეს აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ დააყენებდა,“ - აცხადებს გრიზლოვი. ამასთან, მისი თქმით, დუმას დეპუტატები აფხაზეთში დამკვირვებლებად არ გაუგზავნია.
თავად ბაბურინი კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ის სწორედაც რომ ოფიციალური პირის სტატუსით აკვირდებოდა აფხაზურ არჩევნებს.



აფხაზეთში გამართულ არჩევნებს, ასე ვთქვათ, აკვირდებოდა გაზეთ „24 საათის“ სპეციალური კორესპონდენტი, აფხაზი ჟურნალისტი, რომლის ვინაობასაც გაზეთი გასაგები მიზეზების გამო არ აკონკრეტებს. ანონიმი კორესპონდენტის რეპორტაჟს საარჩევნო აფხაზეთიდან 14 იანვრის გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს. სოხუმური კორესპონდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება არჩევნების ჩაშლით იყო დაინტერესებული. მაგრამ არჩევნები შედგა. გაზეთი წერს:



12 იანვარს აფხაზეთში არჩევნები შედგა. საკუთარი ნება ამომრჩეველთა 58-მა პროცენტმა გამოხატა. 13 იანვარს, სოხუმის დროით 10 საათზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამართა პრესკონფერენცია, სადაც ბაღაფშის გამარჯვება გამოცხადდა. ბაღაფშმა თითქმის სააკაშვილის შედეგით გაიმარჯვა - ხმათა 90,1 პროცენტი მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გალის რაიონში აღმოჩენილი დარღვევები არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
13 იანვრის დილა სოხუმში უჩვეულოდ მშვიდი გათენდა. არჩევნები, მართალია, მეორე სვლაზე, მაგრამ მაინც შედგა. ყოველ შემთხვევაში, განსხვავებით შემოდგომისაგან, როდესაც არჩევნების მეორე დილასვე სოხუმი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა, დღეს პრეტენზიები არავის აქვს. წამყვანი პოლიტიკოსებიც საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ. ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც, ალბათ, აფხაზეთის ახალი პრემიერი გახდება, მხოლოდ ეს თქვა: „ მადლობა ღმერთს!“ სტანისლავ ლაკობა, რომელიც შემოდგომის არჩევნებზე ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად მოიაზრებოდა, შემდეგ კი ადგილი ხაჯიმბას დაუთმო, მხოლოდ ამას ამბობს: „დავიღალე, სახლში მინდა...“





ავარიულ სახლებში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც, შესაძლოა, პრეზიდენტ სააკაშვილის მეზობლები გახდნენ. რა ეღირება პრეზიდენტის რეზიდენცია - ამ თემაზე ჟურნალისტური მოკვლევა გაზეთმა „ახალმა ვერსიამ“ მოაწყო. მოკვლევის შედეგს გაზეთი 14-16 იანვრის ნომერში აქვეყნებს.




რეზიდენციის მშენებლობის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია. „ახალი ვერსიის“ კითხვებს სიტყვაძუნწად უპასუხებდა მხოლოდ დაცვის თანამშრომელი ლევან გელაშვილი, რომელმაც იქვე მდგარ ბილბორდზე მიგვითითა, სადაც მომავალი რეზიდენციის ფოტოებია გამოსახული. ამ სურათებზე რეზიდენცია რაღაცით აშშ-ის თეთრ სახლსაც ჰგავს, თუმცა მშენებარე ობიექტი ამ ფოტოსგან ჯერ კიდევ შორსაა.
მარტივი მისახვედრი არ არის, რომ ის თანხები, რაც მის აშენება-კეთილმოწყობას დასჭირდება, გამაოგნებლად არა, მაგრამ საკმაოდ დიდი იქნება. თავიდან საუბარი იყო 60 მილიონ დოლარზე. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ეს ციფრი, შესაძლოა, 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. ასეთ ინფორმაციას ფლობენ, მაგალითად, ლეიბორისტები, რომელთა ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდუ ბაღათურია, ამბობს, რომ 60 და 80 მილიონი მარტო სასახლის მოწყობა და უსაფრთხოების ტექნიკა დაჯდება.
ჩვენ დავინტერესდით, არის თუ არა ქალაქის ან ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული - და, თუ არის, რა ფორმით - აღნიშნული თანხები. ქალაქის პრემიერმა თემურ ქურხულმა გვიპასუხა, რომ ქალაქი ამ საქმეზე არაფერს დახარჯავს. საკრებულოს წევრის, ლეიბორისტ გაგა გუგავას თქმით კი, ასე პირდაპირ რეზიდენციისთვის გათვალისწინებული თანხები არსად არ არის. თუმცა მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტში ჩადებულია 2 მილიონ-ნახევარი ლარი რეზიდენციის ახლოს მცხოვრები ხალხის გასასახლებლად. 15 მილიონად გაყიდული კრწანისის რეზიდენციიდან შემოსული ფულიც, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ჩაიდება ამ მშენებლობაში, რაზეც რამდენიმე დღის წინ თავად პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა.





„26 იანვარს ქართულ დელეგაციას ევროპის საბჭოს კრიტიკის მოსმენა მოუწევს“ - იუწყება 15 იანვრის გაზეთი „რეზონანსი“, რომლის ცნობითაც, თუ ევროსაბჭოს მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს ოპოზიცია ძალიან მკაცრს უწოდებს, უმრავლესობა უნგრელი მათიას იორშისა და ბულგარელი ევგენი კირილოვის პროექტს დაბალანსებულად მიიჩნევს. გაზეთი “რეზონანსი” წერს:



ევროსაბჭო პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირებასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოითხოვს. კირილოვ-იორშის პროექტი საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას შეეხება. დოკუმენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი კატეგორიული მოთხოვნა: აჭარის ავტონომიის მოდელის სასწრაფოდ შეცვლა, გარიგებითი მართლმსაჯულების გაუქმება და პრეზიდენტის ძალაუფლების შეკვეცა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდგომ საქართველოში ჩამოყალიბდა საკმაოდ ძლიერი ხელისუფლება, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ეს ხელისუფლება არ არის დაბალანსებული ასევე ძლიერი ოპოზიციური ძალებით და განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებით: “ამჟამად საქართველოს აქვს ნახევრად საპერზიდენტო სისტემა პრეზიდენტის ძალიან ძლიერი ძალაუფლებით. ამავდროულად, თითქმის არ არსებობს საპარლამენტო ოპოზიცია, სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, განუვითარებელია ან საერთოდ არ არსებობს რეალური თვითმმართველობა, მედია - შეზღუდულია, ხოლო აჭარის ავტონომიის სტატუსი - არაადეკვატური.“
გაზეთ “რეზონანსის” ვარაუდით, ამ დოკუმენტს ევროპის საბჭოს ასამბლეა მხარს დაუჭერს.
XS
SM
MD
LG