Accessibility links

logo-print

გასულ კვირას მთავრობა პრივატიზების თემით იყო დაკავებული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ძირითადად, „საპრივატიზებო ვნებები“ დომინირებდა. მთავრობამ კვირის დასაწყისში საქართველოს საზღვაო

სანაოსნოსა და ”ჭიათურმანგანუმის” გასხვისების პროცესში მონაწილე კომპანიების განცხადების მიღება დაასრულა, უფრო მოგვიანებით კი ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვაზეც ალაპარაკდა.

მთავრობის სპეციალური სატენდერო კომისიის მიერ პირდაპირ ეთერში მოწყობილი ”საპრივატიზებო შოუს” ძირითადი მიზანი სანაოსნოს ირგვლივ ოპოზიციის მიერ აგორებული სკანდალის განეიტრალება და პრივატიზების პროცესისათვის მეტი გამჭვირვალობის მიცემა წარმოადგენდა. თუმცა მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულმა სატენდერო კომისიამ მხოლოდ იმ პრეტენდენტების წინადადებათა პაკეტი გამოაჩინა, ანუ ის კომპანიები დაასახელა, რომელთაც სანაოსნოსა და ”ჭიათურმანგანუმთან” დაკავშირებით თავიანთი ინტერესები აქვთ. ამ ობიექტების შეძენის მსურველები საზოგადოებისათვის მანამდეც იყო ცნობილი, მათი სატენდერო წინადადებების დეტალები კი მთავრობას არ გაუხმაურებია და ის პრესაში მხოლოდ სხვადასხვა წყაროების მეშვეობით მოხვდა. პაკეტების გახსნის შემდეგ აშკარა აუტსაიდერები გაიცხრილა, ხოლო შედარებით რეალურ პრეტენდენტებთან ინდივიდუალური მოლაპარაკება გაგრძელდა - ისიც, რა თქმა უნდა, პრესისათვის ”დახურულ კარს მიღმა”. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავისი მთავრობის ტრანსფარენტულობით და პრეტენდენტების რაოდენობით მაინც კმაყოფილი დარჩა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა]”საპრივატიზებო მარათონი შედგა ძალზე წარმატებულად. ჩვენ მოვიზიდეთ და გამოვახატვინეთ ინტერესი უმსხვილეს კომპანიებს, რომლებიც მზად არიან როგორც სახელმწიფოს გადაუხადონ, სანაოსნოს შემთხვევაში, განუზომლად მაღალი თანხა, ვიდრე ვინმე იფიქრებდა, პლუს იღებენ სერიოზულ ვალდებულებებს ქართველ მეზღვაურებთან და მათ დასაქმებასთან დაკავშირებით, პლუს რამდენიმე ჯგუფი იღებს შემდგომი ინვესტიციების ვალდებულებას. ანალოგიურად - ”ვარციხე”- ”ჭიათურმანგანუმის ” შემთხვევაში.”(სტილი დაცულია)

გასული წლის ბოლოს ამ ობიექტების პრივატიზების ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა თავისი შედეგი, როგორც ჩანს, მართლაც, გამოიღო და თუ მანამდე ხელისუფლება საზღვაო სანაოსნოს შეძენის ერთადერთ რეალურ მყიდველად Greenoak Group-ს ასახელებდა, საბოლოოდ, ამ ნამდვილად მომხიბლავი საპრივატიზებო ობიექტის დასაკუთრებაში დანიურ კომპანიას კიდევ 6 სერიოზული კონკურენტი ეყოლება. 4 პრეტენდენტი გამოუჩნდა ”ჭიათურმანგანუმსა” და ”ვარციხეჰესს”. სატენდერო კომისია საბოლოო გამარჯვებულის ვინაობას დაახლოებით ერთ კვირაში დაასახელებს. ამ ობიექტების გაყიდვიდან სახელმწიფო 200 მლნ. აშშ დოლარზე მეტს ელოდება.

როგორც ჩანს, ”საპრივატიზებო დოღმა” ხელისუფლება ისე გაიტაცა, რომ გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენებზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ მსჯელობისას გაზსადენის პრივატიზების თემამაც წამოიწია. თუ საზღვაო სანაოსნო და ”ჭიათურმანგანუმი” კონკურენტული ობიექტები აღმოჩნდა, მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებით, აშკარად, სხვადასხვა, არცთუ უმნიშვნელო, პრობლემები იქმნება.

თავის დროზე მაგისტრალური გაზსადენით რუსული ენერგოგიგანტი იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს გარიგება ოპოზიციის მხრიდან ატეხილმა ხმაურმა ჩაშალა. გაზსადენის ხელში ჩაგდებით რუსეთი, ფაქტობრივად, მთლიანად დაეპატრონებოდა ქართული ენერგეტიკის სადავეებს, რაც, ექსპერტთა აზრით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას სერიოზულ საშიშროებას შეუქმნიდა. იმ პერიოდში მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების საკითხი შეჩერდა, მაგრამ ამჟამად ამ გაზსადენზე არსებული მძიმე მდგომარეობა მისი პრივატიზების თემას ისევ დღის წესრიგში აყენებს, თუმცა მაგისტრალური გაზსადენის ეკონომიკური მომხიბვლელობის ხარისხი დროთა განმავლობაში სერიოზულად დაბლა იწევს: რუსეთს უკვე აქვს თურქეთისათვის ”ცისფერი ოქროს” მიწოდების საშუალება; სომხეთი, რომელიც ჩვენი სატრანზიტო მილსადენით სარგებლობდა, არსებული მდგომარეობის გამო, ფაქტობრივად, ”განიხიბლა” მასში და სხვა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო. ექსპერტების შეფასებით, საქართველოს გაზის მოხმარების ბაზარი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მის მიმართ სერიოზული ეკონომიკური ინტერესი არც შეიძლება არსებობდეს. შესაბამისად, რჩება ისევ პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც ისევ რუსულ კომპანიებს და ზემოთ უკვე გამოთქმულ საფრთხეს უკავშირდება. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა მაგისტრალური გაზსადენების პრივატიზებას კრძალავს და თუ ხელისუფლება მის გასხვისებას მაინც გადაწყვეტს, პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების წინადადებით უნდა შევიდეს. არადა, გაზსადენზე შექმნილი მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს და, რამდენადაც ბიუჯეტს მისი რეაბილიტაციისათვის სათანადო რესურსი არ გააჩნია, ხოლო დონორებთან მოლაპარაკება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, პრივატიზება ლამის ერთადერთ ალტერნატივად რჩება. მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის აუცილებლობაზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეც:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”გაყიდვა უფრო ადვილი გამოსავალია. მთავრობის ფუნქცია არის ჯარი და ციხე და სასამართლო და არა მილსადენი და დენსადენი. მაგრამ ეს გაყიდვა ისე უნდა მოხდეს, რომ ჩვენ მაქსიმალური თანხა მივიღოთ.”

მაგისტრალური გაზსადენის თემას მთავრობა მომავალში კიდევ დაუბრუნდება. რაც შეეხება სანაოსნოსა და ”ჭიათურმანგანუმის” პრივატიზებას, ხელისუფლების დაპირებით, მათი მომავალი მფლობელების ვინაობა უკვე ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG