Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წლის მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად დედაქალაქის ბიუჯეტში 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული


დედაქალაქის საკრებულომ რამდენიმე დღეში მთავარი ფინანსური დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს. ლიკანში გამართული ორდღიანი განხილვის შემდეგ ირკვევა,

რომ თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არსებითი სახის შენიშვნები აქვთ. მათი აზრით, ყველაზე მეტად პრობლემატურია მიწისძვრით დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებული თანხის განაწილების საკითხი. მაგალითად, "ახალი მემარჯვენეების" უკმაყოფილებას ის გარემოება იწვევს, რომ ბიუჯეტის პროექტში 2002 წლის მიწისძვრის შედეგების რეაბილიტაციის საკითხი ცალკე პროგრამად არ არის წარმოდგენილი. გამოყოფილი თანხა - დაახლოებით 27 მილიონი ლარი - რაიონულ გამგეობებსა და ცალკეულ საქალაქო სამსახურებზეა გადანაწილებული.

2002 წლის აპრილში მომხდარი მიწისძვრის კვალი დღემდე აჩნევია თბილისში მდებარე ათასობით საცხოვრებელ კორპუსს. ექსპერტთა შეფასებით, შენობების ნაწილი არ ექვემდებარება აღდგენას, ნაწილი კი გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.

[ზურაბ გელაშვილის ხმა] “ბევრია! გარშემო რომ ავიღოთ, ძალიან ბევრია! ეს არის მოძველებული, საუკუნეზე მეტი ხნის წინათ არის აშენებული და დღევანდელ პირობებს ვერ უძლებს. ხალხს უნდა, რომ დაინგრეს და ახალი აშენდეს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამისი სამყოფი სახსრები, კარგად მოგეხსენებათ, სად წავა.” (სტილი დაცულია)

ეს სამშენებლო კომპანია “თბილი სახლის” მთავარი ინჟინერი ზურაბ გელაშვილი იყო. მისი თქმით, განსაკუთრებულად დიდი ზიანი მიაყენა მიწისძვრამ ქალაქის ისტორიულ ნაწილს, სადაც ყველაზე მეტი შენობა დაზიანდა. ამ ინფორმაციას მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ჩხაიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ხელისუფლების დახმარებას დაახლოებით 22 ათასამდე ოჯახი ელოდება, თუმცა ფონდმა ლიკვიდაციამდე მხოლოდ 350-მდე ბინის შეძენა მოახერხა.

[ვახტანგ ჩხაიძის ხმა] “არც ერთს არ შველებია, ის ბინები ვისაც მისცეს, თორემ ერთი კაპიკი არ გაცემულა სხვა. ბინა კი 349 კაცს მისცეს. ვერ უფორმებენ, უვარგისია და ასე შემდეგ… მაგრამ ეგ კიდევ კარგი იყო.” (სტილი დაცულია)

არადა, 2004 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 2005 წლის ბიუჯეტის პროექტით კი, მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაზე წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი თანხა - 27 მილიონი ლარი - დაიხარჯება, თუმცა ის ფაქტი, რომ ფული ამჯერადაც სხვადასხვა საქალაქო სამსახურებს შორის უნდა განაწილდეს, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის - “ახალი მემარჯვენეების” - თავმჯდომარის გიორგი მოსიძის უკმაყოფილებას იწვევს:

[გიორგი მოსიძის ხმა] “გაანაწილეს ეს თანხები სხვადასხვა სამსახურებზე და ბიუჯეტის სხვადასხვა სტატიებზე. შესაბამისად, ამის თვალის მიდევნება - კონკრეტულად რა გაკეთდა და რა ფორმით მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ძალიან ძნელია. 7 მილიონი გადანაწილებულია გამგეობებზე, მათ შორის ისეთზე, როგორიცაა, მაგალითად, ვაკე და საბურთალო, სადაც მიწისძვრით დაზარალებულები პრაქტიკულად არ არიან.” (სტილი დაცულია)

საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქალაქო სამსახურებს შორის თანხის განაწილება პრობლემის ეფექტურად გადაჭრას შეუწყობს ხელს. საბიუჯეტო-საფინანსო კომიის თავმჯდომარე დავით იოსელიანი ამ მოსაზრებას შემდეგი არგუმენტებით ამაგრებს:

[დავით იოსელიანის ხმა] “ერთიან პროგრამას ერთი სამსახური ვერ გაუწევს ბოლომდე კოორდინირებას, იმიტომ რომ ერთი რაიონის გამგეობას, ძირითადად, დაბალსართულიანი სახლების შეკეთებაზე მოუწევს მუშაობა, მეორეში კი, შესაძლოა, ეს პრობლემა სულაც ინვესტორმა მოაგვაროს.” (სტილი დაცულია)

იოსელიანის თქმით, მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაზე გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი მაღლივი კორპუსების შეკეთებასა და საბინაო ფონდის აღდგენას მოხმარდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში მიწისძვრის შედეგების სრული ლიკვიდაცია მოხერხდება. ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტს სამომავლოდ არა ერთი და ორი ათეული მილიონი ლარის გაღება მოუწევს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG