Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძისა და მისი ნათესავების ქონების შესახებ ახლა უკვე სტრასბურგში იმსჯელებენ


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი აჭარის ყოფილ მმართველთა ქონების ჩამორთმევის პროცესს საქართველოს უზენაესი სასამართლოც აკანონებს. ორშაბათს უზენაეს სასამართლოში ერთდროულად ორი პროცესი მიმდინარეობდა

- ასლან აბაშიძისა და მისი მეუღლის ნათესავის, აჭარის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სერგო გოგიტიძის ქონების კონფისკაციასთან დაკავშირებით. სერგო გოგიტიძეს სასამართლომ ბათუმში ერთი ბინა დაუტოვა, მილიონი დოლარის ღირებულების სახლები, ბიზნესწილები და ავტომობილი კი ჩამოართვა. მათ დაბრუნებას გოგიტიძის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით შეეცდებიან.

101 მილიონი - სახელმწიფოს. საქართველოს უზენაესი სასამართლო აჭარის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მიერ აბაშიძეების ოჯახისა და მათი ნათესავი სერგო გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს. ჩამორთმეული ას ერთიდან ასი მილიონის ღირებულების ქონება აბაშიძეებს, ხოლო მილიონის ღირებულებისა გოგიტიძეს ეკუთვნოდა. აბაშიძეთა ქონებაზე საქმის განხილვა გრძელდება, სერგო გოგიტიძის უძრავ-მოძრავ საკუთრებასთან დაკავშირებული პროცესი კი ერთ საათში დასრულდა. აჭარის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ადვოკატი კახა კობახიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და მის გასაჩივრებას სტრასბურგში აპირებს:

[კახა კობახიძე] “უსამართლო გადაწყვეტილებაა. ის, რა ნაწილშიც დაბრუნდა, სადავო ქონება იყო. მოპასუხესაც არ ჰქონდა გარკვეული, ვისი იყო ის ქონება. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამას სტრასბურგში.” (სტილი დაცულია)

ასლან აბაშიძისა და მისი გარემოცვისათვის ქონების ჩამორთმევის პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ აბაშიძისათვის ჩამორთმეული ქონების ნაწილი ახალმა ხელისუფლებამ მიითვისა. “კონსერვატორული პარტიის” აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯუმბერ თავართქილაძე, პირველ რიგში, სახელგანთქმულ ჰამერებს იხსენებს:

[ჯუმბერ თავართქილაძის ხმა] “ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს ჰამერები დაიტაცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კერძოდ ვინ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არც აუქციონის წესით გაყიდულა და არც ისე.”

ჯუმბერ თავართქილაძისაგან განსხვავებით, აბაშიძის ქონების დატაცებაზე საუბარი უჭირს რესპუბლიკური პარტიის წევრს ლევან ბერძენიშვილს. მას მიაჩნია, რომ დაკარგულ ქონებაზე, პირველ რიგში, მისი ყოფილი მფლობელი უნდა წუხდეს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “მეპატრონე როდესაც არაფერს არ ამბობ,ს იქ ლაპარაკი ძნელია. მე არ ვიცი რა ქონება ჰქონდა აბაშიძეს და რას მისტირის და რას არა. ვიცი, რომ რეალურად რაც ჰქონდა, იმის გადაზიდვა მან რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, რამდენიმე თვითმფრინავით გაიტანა. ეს იცის მთელმა ბათუმმა.”

რა თანხისა და ნივთების გატანა მოახერხა ასლან აბაშიძემ მოსკოვში, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, იმდენი კი მოახერხა, რომ მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოკოლადის მწარმოებელი ფაბრიკა იყიდა. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ახლა აბაშიძე აქტიურადაა დაკავებული ფაბრიკა “კრასნი ოქტიაბრის” ხელმძღვანელობით და გარშემო იკრებს აჭარიდან დევნილ ყოფილ მაღალჩინოსნებს. ანუ იკრებს იმ ადამიანებს, რომელთა ქონების ჩამორთმევის კანონიერებაზე მსჯელობა ახლა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოუწევს.
XS
SM
MD
LG