Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ჩხარტიშვილი – 100


საქართველოში 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნა.

ტრადიციულად, თეატრალებმა გაიხსენეს ეროვნული სასცენო ხელოვნების ყველაზე გამორჩეული ოსტატები, ის ხალხი, ვინც 1850 წელს ქართული პროფესიული თეატრის დაარსებას შეუწყო ხელი. 19 იანვარს თეატრის მოღვაწეები კიდევ ერთ ხელოვანს გაიხსენებენ – რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილს, რომლის დაბადებიდან ასი წელი გავიდა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუენე” დღეს არჩილ ჩხარტიშვილის ყველაზე თამამ და გარკვეული თვალსაზრისით სკანდალურ სპექტაკლს გავიხსენებთ – მარჯანიშვილის თეატრში, 1962 წელს დადგმულ ევრიპიდეს “მედეას”. გადაცემის წამყვანი გიორგი გვახარია ესაუბრება კულტუროლოგს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის თანამშრომელს, ქეთევან ნადარეიშვილს.

“ათენელი ტრადიციული მაყურევლისათვის მართლაც ძალზე ძნელი აღმოჩნდა მიეღო ევრიპიდეს ქალთა უმეტესობა. მის ქალებთაგან ზოგიერთი ხომ არად დაგიდევს ტრადიციულ მორალს. ალბათ გაუგებარი იყო მათთვის მედეას პოზიცია, რომელიც არ იზიარებდა ქორწინებაში მამაკაცის და დედაკაცისთვის დადგენილ ნორმას, და, რომელიც თავს მამაკაცის თანასწორ პარტნიორად მიიჩნევდა”

ესაა ციტატა ქეთევან ნადარეიშვილისა და ნანა ტონიას წიგნიდან “ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები”, რომლის პრეზენტაცია დაახლოებით ერთი წლის წინ მოაწყო გამომცემლობა “ლოგოსმა”... ამ ციტატით ადვილად შეგვიძლია გავავლოთ პარალელი ანტიკურ ეპოქასა და მეოცე საუკუნის საქართველოს შორის... უფრო მეტიც, თუ ათენელებისთვის მედეას პოზიცია გაუგებარი იყო, კოლხი ქალის საქციელი მით უფრო გაუგებარი უნდა ყოფილიყო მედეას თანამემამულეებისათვის. “ოქროს საწმისის” მითის გადაკეთება რთული აღმოჩნდა. მაგრამ ევრიპიდეს კი კარგა მაგრად შეუტიეს. კულტუროლოგ ქეთევან ნადარეიშვილის თქმით ყველაფერი აკაკი წერეთელმა დაიწყო

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] “ეს მითი გაიხსენეს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. აკაკი წერეთელს გადაწყვეტილი ჰქონდა დაეწერა ტრილოგია, მაგრამ დაწერა მხოლოდ პირველი ნაწილი, რომელსაც ერქვა “მედია” – ანუ მე ვარ ქალი (“დია” მეგრულად ქალს ნიშნავს). აქ აბსოლუტურად შეცვლილი იყო მითი, არა მხოლოდ მედეა არ კლავდა თავის შვილებს, ის არ კლავდა თავის ძმას, ერთადერთი მისი დანაშაული ის იყო, რომ უცხოელს მიყვებოდა ცოლად და ტოვებდა სამშობლოს და არ ეხმარებოდა იასონს საწმისის მოპოვებაში. ამდენად, ამ სახეს ტრაგიზმი დაკარგული ჰქონდა... ის აპირებდა ქართველი ქალის სახის რეაბილიტაციას”

ამის შემდეგ “მედეა” არაერთხელ დაიდგა ქართულ სცენაზე, მაგრამ არა ევრიპიდეს ტრაგედია. რევოლუციის შემდეგ “მედეას” მითი საერთოდ დაივიწყეს. “ამორალური საქციელის” ესთეტიზაცია სოცრეალიზმისთვის სრულიად დაუშვებელი იყო – აბა რა მაგალითი უნდა აეღო პუბლიკას ამ ქალისგან? აღმზრდელობითი მოტივი ხომ წამყვანია 30-იან, 40-იან წლებში დადგმულ სპექტაკლებში. გარდა ამისა საბჭოთა იდეოლოგია ბედისწერაზე აგებულ წარმოდგენებს ფაქტობრივად აღარ ცნობდა. ამას დაემატა სანდრო ახმეტელის ტრაგედიაც. ქართველმა-საბჭოთა იდეოლოგებმა კარგად იცოდნენ, როგორი გატაცებით მუშაობდა “ხალხის მტრად” შერაცხული ახმეტელი ანტიკური ეპოქის პიესებზე, ამიტომ 30-იან წლებში “დიდი რეპრესიების” შემდეგ ცენზურა არ დაუშვებდა ანტიკური ტრაგედიის აღორძინებას ქართულ სცენაზე.

არჩილ ჩხარტიშვილი კი ახმეტელის მოწაფე იყო. 1934 წლიდან იგი ჩეჩნეთ-ინგუშეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა, 1944-48 წლებში ბათუმის თეატრის მთავარ რეჟისორად. 1948 წელს მან გაბედა და სწორედ ბათუმში დადგა “ოიდიპოს მეფე”... მაგრამ “ოიდიპოსი” – “მედეა” არ იყო. ჩხარტიშვილი ელოდებოდა დროს, როცა საქართველოში ევრიპიდეს ტრაგედიის დადგმა შესაძლებელი გახდებოდა.

ასეთი დრო დადგა ეგრეთ წოდებული “პიროვნების კულტის” მხილების შემდეგ, 60-იან წლებში. პრესაში დაიწყო მსჯელობა ხელოვანის თავისუფლებაზე და ჩხარტიშვილმა მაშინვე გამოიყენა ქვეყანაში შექმნილი ვითარება. თუმცა ქეთევან ნადარეიშვილის თქმით, ჩხარტიშვილი მარტო არ იყო. მას ქართველმა მწერლებმა, კრიტიკოსებმაც დაუჭირეს მხარი.

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] “იმისთვის, რომ მოემზადებინათ ქართული საზოგადოება იყო მთელი ციკლი წერილების ამ სპექტაკლის შესახებ და ამ კონცეფციის შესახებ. ბევრი მწერალი თავის მოსაზრებას გამოთქვამდა – “გვესაუბრებიან მწერლები” – ასე ერქვა ამ ციკლს”

ჩხარტიშვილი იძულებული გახდა პასუხი გაეცა იმათთვის, ვინც ცნობას მარჯანიშვილის თეატრში ევრიპიდეს “მედეას” დადგმის შესახებ, სკეპტიკურად შეხვდა და პატრიოტული მოსაზრებებით გაკიცხა რეჟისორი. არჩილ ჩხარტიშვილი წერდა:

“რა მოხდა ისეთი, რომ საქვეყნოდ აღიარებული ქართველი ქალის ტრაგიკული სახე სამშობლო მხარეში მოვიძულეთ, გავრიყეთ და მისი სვე-ბედი “სხვას” დავანებეთ! რა გვაკრთობს და რის მიმართ გამოვთქვამთ შიშს. ვინ, თუ არა ძველმა ბერძნებმა იცოდნენ ეთიკურისა და ესთეტიკურის ფარსი?”

“ეთიკურისა და ესთეტიკურის ფასი” ქართველებმაც იცოდნენ, მაგრამ საბჭოთა ეპოქამ ეტყობა მართლაც დაავიწყა. ქეთევან ნადარეიშვილის თქმით თავდაპირველად ვერიკო ანჯაფარიძემაც კი “ეთიკური მოტივთ” უარი თქვა მედეას თამაშზე

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] “შესთავაზა მან ვერიკო ანჯაფარიძეს მედეას თამაში. ვერიკო კარგახანს ყოყმანობდა, პირველად უარი უთხრა, მან თქვა – მე ძალიან მხიბლავს ბერძნული ტრაგედიის სიდიადე და დრამატიზმი, მაგრამ ძალიან მიძნელდება შვილების მკვლელი დედის როლის თამაში. ჩხარტიშვილმა მედეას გარეშე დაიწყო სპექტაკლის დადგმა და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ შეუერთდა ვერიკო ანჯაფარიძე”

შეუერთდა და ბრწყინვალედ ითამაშა. არჩილ ჩხარტიშვილის “მედეას” პრემიერა 1962 წელს გაიმართა. სკეპტიკოსთა წინასწარმეტეყველება არ გამართლდა. სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა. ჩხარტიშვილმა გააძლიერა ქოროს როლი – შექმნა ტრაგედიის გმირის, შვილების მკვლელი დედის მრცეველის, თუ ქომაგის სახე და ამით უბრალოდ არ მისცა საშუალება მაყურებელს გაეკიცხა გაორებული, სასოწარკვეთილი კოლხი ქალი. ვერიკო ანჯაფარიძის ოსტატობას დაემატა წარმოდგენის რეჟისორული გადაწყვეტა, რომელსაც ქეთევან ნადარეიშვილი “ქართული მოტივებით გამდიდრებულს” უწოდებს

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] “რაც შემოიტანა ქართული – ეს იყო კოლხური საგალობლები მუსიკალურ ფონად, ზომიერი და მწირი დეკორაცია ჰქონდა. ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ მედეას ტრაგედია სამშობლოს ღალატით დაიწყო – ეს მოტივი გაამძაფრა და ყურადღება გადაიტანა შურისძიებაზე, როგორც კოლხი ქალის მიერ საკუთარი თავმოყვარეობის და ღირსების დაცვაზე.”

მაგრამ ცოტა ხანში დრო ისევ შეიცვალა. მედეას მითს ახალი ინტერპრეტატორები გამოუჩნდნენ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მწერალ ლევან სანიკიძის კონცეფცია, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: “ევრიპიდემ კოლხ ხალხს მოუგონა მედეას ისტორია მათი დისრედიტაციის მიზნით”, ან, უფრო უხეშად რომ ვთქვათ “ქართველი ქალი ამას არ იზავდა”. ქეთევან ნადარეიშვილის თქმით, გავრცელდა ახალი ტენდენცია - ევრიპიდე საერთოდ უნდა ამოეძირკვათ ქართული კულტურიდან, არ უნდა ყოფილიყო მისი ხსენება. “მედეა” კვლავაც იდგმებოდა ქართულ სცენაზე, ოღონდ სხვანაირად

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] “სანიკიძის კონცეფციის მიხედვით დაიდგა თითქმის ყველა პროვინციულ ქალაქში. ევრიპიდეს მიხედვით დადგა მხოლოდ ჩხარტიშვილმა...”

არჩილ ჩხარტიშვილი 1980 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა. “მედეას” პრემიერის შემდეგ იგი მარჯანიშვილის თეატრს ხელმძღვანელობდა, მერე კი რუსთაველის თეატრში ვიშნევსკის “ოპტიმისტური ტრაგედია”, რევაზ ებრალიძის “თანამედროვე ტრაგედია” დადგა. ტრაგიკული ჟანრის უბადლო ოსტატი სანდრო ახმეტელის შემდეგ, ცხადია, ხედავდა რომ “ახალი ესთეტიკის” ავტორებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ანტიკურ ტრაგედიაზე. სოციიალისტურმა რეალიზმმა უამრავი ხელოვანის ცნობიერება დაამახინჯა. სკოლაში ამ ხალხს ასწავლიდნენ, რომ ხელოვნებამ უნდა “აღზარდოს” ადამიანი, რომ ლიტერატურული ნაწარმოები “დადებით” და “უარყოფით” პერსონაჟებად უნდა დაიყოს, რომ “ბედისწერის თემა” არ შეესაბამება კომუნისტურ იდეოლოგიას.

კომუნიზმი დაემხო, მაგრამ ებრიპიდეს “მედეას”, და საერთოდ, ანტიკური ტრაგედიის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში თითქმის არ შეცვლილა. არჩილ ჩხარტიშვილის იუბილეს დღეს მხოლოდ მისი ხელოვნების ძველი თაყვანისმცემლები აღნიშნავენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG