Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ამერიკელების მოკავშირეთა კოალიციას წევრები აკლდება


სამშაბათს ერაყში გაემგზავრა სომხეთის სამშვიდობო კონტინგენტი (50-მდე კაცი), რომელიც მრავალეროვანი დივიზიის შემადგენლობაში შევა.

დივიზია პოლონეთის სარდლობას ექვემდებარება. არადა, თვით პოლონეთი აპირებს, სულ მალე (თებერვლის შუა რიცხვებისთვის) თითქმის ერთი მესამედით შეამციროს თავისი კონტინგენტი ერაყში. ის კი არა, თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ერაყს ყველა პოლონელი სამხედრო დატოვებს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აი, ის კი ცნობილია, რომ ერაყიდან სამხედრო კონტინგენტი (1350 კაცი) გაჰყავს ჰოლანდიას. მოკლედ, ერაყში ამერიკელების მოკავშირეთა საერთაშორისო კოალიციას უფრო მეტი წევრი აკლდება, ვიდრე ემატება.

ჰოლანდიის გადაწყვეტილების შედეგად 15-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც ან გამოაცხადეს, რომ აპირებენ ერაყიდან ჯარების გაყვანას, ან უკვე გაიყვანეს ჯარები. რატომ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას ჰოლანდია? ჩვენი კორესპონდენტის ამ შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა ჰააგაში განთავსებული ნიდერლანდის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ედვინ ბაკერმა: [ბაკერის ხმა] “საერთოდ, კოალიციაში მონაწილეობას ჩვენში დიდი ენთუზიაზმი არასოდეს გამოუწვევია, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ჩვენი მოვალეობა იყო ერაყელების უშიშროებაზე ზრუნვა. მაგრამ დროთა განმავლობაში ჰოლანდიელ ჯარისკაცებზე თავდასხმები განხორციელდა, ორი მათგანი მოკლეს. და ვნახეთ ისიც, რომ ერაყში ვითარება გაუარესდა. ასე, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს აეჭვებს კოალიციაში ჩვენი მონაწილეობის ეფექტიანობა”.

ამჟამად ერაყში განთავსებულია 1350 ჰოლანდიელი სამხედრო მოსამსახურე. კიდევ უფრო მეტია უკრაინელი - 1600 კაცი. და ისინი ამა წლის პირველ ნახევარში დაბრუნდებიან სამშობლოში. 300 უნგრელი კი მარტში წავა ერაყიდან.

მსმენელი, ალბათ, შეამჩნევდა, რომ ერაყიდან ჯარების გამყვან ქვეყნებს შორის არის რამდენიმე ყოფილი კომუნისტური ქვეყანა, თუ რესპუბლიკა და ეს გარემოება მხედველობიდან არ გამორჩენია არც ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ რობინ კუკს. ის გაზეთ “გარდიანში” წერს, რომ უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და უკრაინის ბოლოდროინდელი განცხადებები ერაყიდან ჯარების გაყვანის საკითხზე “საფუძველს აცლის დონალდ რამსფელდის ცნობილ განცხადებას, რომ მას აქვს მის მიერვე “ახალ ევროპად” წოდებული ქვეყნების მხარდაჭერა”. რობინ კუკის სტატია, რომლიდანაც ეს ციტატა ავიღეთ, “გარდიანმა” პარასკევის ნომერში დაბეჭდა.

“ახალ ევროპაზე” რამსფელდის განცხადება კი იყო ამერიკელი მინისტრის რეაქცია ერაყში ომისადმი საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობაზე. ეს სახელმწიფოები რამსფელდმა “ძველ ევროპად” მონათლა და იქვე თქვა, რომ ცენტრი ინაცვლებს აღმოსავლეთის მიმართულებით, ნატოს ახალი ევროპელი წევრებისაკენ...

მართალია, საქართველო ნატოს წევრი არ არის და, გავრცელებული მოსაზრებით, არა “ახალ ევროპას”, არამედ “უძველეს ევროპას” მიეკუთვნება, ის მონაწილეობს ერაყში ამერიკელების მოკავშირეთა კოალიციაში. კოალიციის ამოცანა განსაკუთრებით რთულია ახლა, როცა მეამბოხეები ცდილობენ ძალადობის აქტებით ვითარების დესტაბილიზაციას ერაყში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ნიშნავს თუ არა ერაყიდან რამდენიმე ქვეყნის მიერ ჯარების გაყვანა იმას, რომ ერაყში დარჩენილი სამხედროების, მათს შორის ქართველი სამხედროების როლი და დატვირთვა იზრდება?

აი, როგორ პასუხობს ამ შეკითხვას სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე: [კახა კაციტაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია].

ბატონმა კახამ ისიც შეგვახსენა, რომ ერაყში ქართველი სამხედროების რიცხვი 800-მდე გაიზრდება.
XS
SM
MD
LG