Accessibility links

logo-print

მეწარმეობის წახალისება ქართულად და ადამიანის უფლებები


დავით პაიჭაძე, თბილისი იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრს თეა თუთბერიძეს აეკრძალა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმრებთან ხმისა და

გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით საუბარი. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ორი პატიმრის ჩანაწერის გახმაურებას, სადაც ისინი თავიანთი დაკავების გარემოებებს აღწერდნენ და მას უკანონოდ მიიჩნევდნენ. პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ მსგავსი ჩანაწერების გამომზეურება ხელს უშლის გამოძიებას და ადამიანის უფლებათა დამცველებს მიუთითა, რომ მათ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მხოლოდ ცემისა და წამების ფაქტები უნდა მოიკვლიონ და ამხილონ. თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ საქმიანობაში პროკურატურისა თუ იუსტიციის მინისტრის მსგავს მითითებებს არ საჭიროებს:

[თუთბერიძის ხმა] “მათ არ იციან, როგორ გამოიძიონ საქმე, როგორ დააკავონ ადამიანი ცემის, წამების, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების გარეშე. შესაბამისად, პროკურატურაში არსებული საქმეების 80% “შეკერილია” და თუ ასეთ საქმეებში გასული ადამიანების ჩაწერა გსურს, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის გამოძიების ინტერესებს, დღევანდელ პროკურორთა გაგებით.”

თეა თუთბერიძემ პირველ საპყრობილეში ვიდეოფირზე ჩაწერა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მეკმა”-ს დამფუძნებელი მევლუდ დაძგარაძე და მისი თანამშრომელი გია აბესაძე. ისინი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც უარი თქვეს, კომპანიის მიერ იმპორტირებული რუსული ლუდი “სტეფანე რაზინი” საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გადაეცათ. დაძგარაძეც და აბესაძეც - აგრეთვე კომპანიის თანამშრომლები - სწორედ ამას მიიჩნევენ დაპატიმრების ნამდვილ მიზეზად, თორემ ფორმალურად მათ ბრალი წაუყენეს 800 ბოთლი “სტეფანე რაზინის” განუბაჟებლობისათვის, რაც, ჯამში, 48 ლარი ეღირებოდა. გია აბესაძეს ბრალად სდებენ განზრახვას (განზრახვას და არა მცდელობას), სახელმწიფოსთვის დაემალა 10 375 ლარი. თეა თუთბერიძის კამერის წინ პატიმრებმა თქვეს, რომ მათ აბრალებდნენ, თითქოს შემოჰქონდათ ლუდი, რომლის მწარმოებელიც რუსეთში სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითის ეხმარება ფინანსურად და, ამდენად, მისი საქონლის იმპორტით კოკოითის დაფინანსებაში ქართველი ბიზნესმენებიც მონაწილეობენ. სწორედ ამ ჩანაწერის გახმაურების შემდეგ აუკრძალეს თეა თუთბერიძეს პატიმართა გამოსახულებისა და ლაპარაკის ციფრული თუ ანალოგიური ფიქსირება.

დაძგარაძისა და აბესაძის ლაპარაკი ჯერ არც ერთ სატელევიზიო ეთერში არ გასულა. ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე საინტერესო ტესტი იქნება ხელისუფლებისათვის და მედიისთვისაც - გააჩნია, მოისურვებს თუ არა ამ პრობლემის დაწვრილებით გაშუქებას.

“მეკმა”-ს ყოფილმა თანამშრომელმა (მისი თხოვნით, არ ვამხელ ვინაობას), მითხრა, რომ ფირმა, ფაქტობრივად, განადგურებულია. განადგურების პირასაა მათი კონკურენტი კომპანია “როიალ-ექსპრესი”, რომელსაც იგივე ლუდი შემოჰქონდა საქართველოში: “ბალტიკა” და “სტეფანე რაზინი”. ჩემი რესპონდენტი ამბობს, ხელისუფლება “მეკმა”-სთან დავაში მართალი რომც ყოფილიყო, განბაჟებისა და აქციზის გადასახადის მოთხოვნა ფინანსური პოლიციის კომპეტენცია გახლდათ და არა შინაგან საქმეთა სამინისტროსიო. იმპორტირებული ლუდის მთელი პარტია სწორედ ოქრუაშვილის დროინდელმა შსს-მ წაიღო და კომპანიაში დღესაც არ იციან, სად ინახება საქონელი.
XS
SM
MD
LG