Accessibility links

მატიაშ ეორში ევროსაბჭოს ანგარიშსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე


ორიოდე დღის წინ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტმა ჟან-კრისტოფ პეკმა ინტერვიუ აიღო

საქართველოს მიერ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებათა შესრულებაზე მომზადებული ანგარიშის თანაავტორ მატიაშ ეორშისთან. გთავაზობთ ნაწყვეტებს ამ ინტერვიუდან. პირველი შეკითხვა ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის განმარტებასა და საქართველოში არსებული ვითარების ზოგად შეფასებას ეხებოდა, რაზეც მატიაშ ეორშიმ განაცხადა:

[ეორშის ხმა]
"თუკი ჩვენს მისიას კატეგორიებად დავყოფთ, გამოიკვეთება, რომ ჩვენი ის ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთი მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვეთანხმებინა საქართველოს მიერ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებათა შესრულების ახალი ვადები. ახალი ვადების შეთანხმების მიზეზი გახლდათ ის, რომ ძალიან ბევრი ვალდებულების შესრულება დაგვიანდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ვადების ყველა დარღვევა ახალი ხელისუფლებისთვის მიგვეწერა. ასე რომ, იმისათვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც საქართველოში მოხდა, რომ ჩვენ ეს უბრალოდ – ხელისუფლების შეცვლად კი არ მიგვაჩნდა (როგორც ეს ცენტრალურ ევროპაში მოხდა, არჩევნების შედეგად), არამედ ნამდვილ "ვარდების რევოლუციად" და იმისათვის, რომ ვალდებულებათა შესრულების რეალური ვადები დაგვეწესებინა, ჩვენ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთა შევათანხმეთ. და ეს იყო ჩვენი მისიის დიდი ნაწილი და რასაკვირველია, ჩვენ განვაგრძობდით ქვეყანაში მოვლენათა განვითარებაზე დაკვირვებას, მოწმენი გავხდით როგორც პროგრესისა, ასევე არაერთი შეფერხებისაც".

ევროსაბჭოს გახმაურებულ ანგარიშის პროექტში წერია, რომ მედია საქართველოში თვითცენზურის პირობებში მუშაობს. ეორშის განმარტებით, მედიაზე ზეწოლის აშკარა მტკიცებულებები ანგარიშის ავტორებს არ გააჩნიათ:

[ეორშის ხმა]
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უკიდურესად დიდ ყურადღებას უთმობს მედიის თავისუფლებას და ვცდილობთ მოვიპოვოთ მტკიცებულება ყველა საჩივარზე, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. თუკი მოვიპოვებთ მედიაზე ზეწოლის დამამტკიცებელ კარგად დასაბუთებულ არგუმენტს, მზად ვართ კრიტიკულად მივუდგეთ ვითარებას, მაგრამ აქამდე საქათველოში ამის რეალურ მტკიცებულებები არ შეგვხვედრია".

ევროსაბჭოს ანგარიშში აჭარის სტატუსის გაურკევევლობის საკითხზე გამოთქმული კრიტიკა საყურადღებო აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთის დუმის დეპუტატებისთვისაც. მოგეხსენებათ, ამაზე საქართველოს მეზობელი სახელმწიფოს დეპუტატებმა სამშაბათის სხდომაზე რატომღაც იმსჯელეს კიდეც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აჭარის სტატუსის და მთლიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი სიფრთხილით მიდგომის აუცილებლობას. ევროსაბჭოს მომხსენებელმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ აჭარის საკითხი მართლაც იმსახურებს მათი მხრიდან კრიტიკას და რომ ეს ერთადერთი საკანონმდებლო პრეტენზია არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ:

[ეორშის ხმა]
"აჭარის სტატუსის გადაჭრის აუცილებლობაში სრულიად დარწმუნებული ვართ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ჩვენ ვაკრიტიკებთ იმის გამოც, რომ არ შეცვალა საარჩევნო კანონი და ძალაში დატოვა საარჩევნო ბარიერი, რომელიც ძალიან მაღალია, ხელი შეუშალა ძალიან ბევრ პარტიას მოხვედრილიყო პარლამენტში, რამაც შედეგად ერთპარტიული პარლამენტი მოიტანა, ჩვენ ვაკრიტიკებთ საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, რომელმაც, ჩვენი აზრით, ძAლიან ცენტრალიზებული მთავრობა მოგვცა. რაც შეეხება აჭარას, იყო დაპირება, რომ აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭებოდა. არ არის საკმარისი მხოლოდ თქმა, არამედ ეს კანონმდებლობით უნდა გამყარდეს... მიგვაჩნია, რომ აჭარის ხელისუფლება ზედმეტად დამოკიდებულია თბილისში მყოფ ხელისუფლებაზე. ჩემი აზრით, აჭარას მეტი თავისუფლება უნდა მიენიჭოს. ჩვენ ვიყავით ბათუმში და შევხვდით ძალიან ბევრ ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს, რომლებიც ბედნიერები იყვნენ აბაშიძის თავიდან მოშორებით და იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი მხარდამჭერები. ასე რომ, ჩემთვის ძნელია იმის გაგება, რატომ არ შეიძლება ამ ადამიანებს მიენიჭოთ იმის უფლება, რომ საკუთარი ლიდერი თავადვე აირჩიონ".

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის მოგვარების გეგმებზე საუბარს აპირებს. რა იციან ევრსაბჭოში სააკაშვილის გეგმების, კერძოდ სეპარატისტული რეგიონებისთვის სამშვიდობო წინადადებების შეთავაზების გეგმების შესახებ. მატიაშ ეორში ამბობს:

[ეორშის ხმა]
"ჯერჯერობით არაფერი ვიცით, თუმცა, ვიცი, რომ ბატონი სააკაშვილი ახალი წინადადების წარმოდგენას აპირებს. მიმაჩნია, რომ ევროპის საბჭო შესაფერისი ფორუმია ასეთი წინადადების წარმოსადგენად. ასევე მიმაჩნია, რომ საბოლოო ვარიანტი, რომელსაც საქართველო სამხრეთ ოსეთს სთავაზობს ერთად უნდა მომზადდეს, სამხრეთელ ოსებისა და ქართველების მიერ უნდა შემუშავდეს. მხოლოდ ასე მომზადებული წინადადება შეიძლება იყოს სასარგებლო ორივე ხალხისთვის. თუმცა, ჩვენ ჯერ შინაარსს უნდა გავეცნოთ და მოუთმენლად ველი მოსმენას და მგონია, რომ ეს იქნება საკითხის მართებულად გადაჭრისკენ გადადგმული ნაბიჯი."

როგორ აფასებს მატიაშ ეორში კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს, ბოლოს და ბოლოს კარგია ის, ზომიერი, თუ ზედმეტად ნეგატიური. ამაზე ეორშის პასუხი ასეთი გახლავთ:

[ეორშის ხმა]
"არა მგონია ეს ანგარიში ძალიან კარგი იყოს საქართველოსთვის. მაგრამ ასევე არა მგონია, ძალიან დრამატული იყოს. ამ ანგარიშში აღიარებულია ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ ბოლო არჩევნების შემდეგ მიაღწია. შევეცადეთ დოკუმენტში ჩაგვედო სხვადასხვა სფეროში არსებული ევროპული გამოცდილება, რომ საქართველოს ბორბლის თავიდან გამოგონება არ მოუხდეს, არამედ ყოფილი გარდამავალი ქვეყნების გამოცდილება გამოიყენოს. მე უნგრელი ვარ, ჩემი თანამომხსენებელი კი ბულგარელი. ასე რომ, გარდამავალი პერიოდის თავისებურებები ჩვენთვის ცნობილია. თუკი საქართველოში ჩვენს რჩევებს გამოიყენებენ, ვფიქრობ, რიგი პრობლემების გადაჭრაში დავეხმარებით".

და ბოლოს, რასაკვირველია, "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტმა მატიაშ ეორშის ე.წ. მესხების რეპატრიაციის შესახებ ვალდებულების სტატუსზეც ჰკითხა. აპირებს თუ არა ევროსაბჭო ამ საკითხის განხორციელებისთვის ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე:

[ეორშის ხმა]
"ეს საკითხი დღის წესრიგშია და მომავალშიც დარჩება მანამდე, სანამ ე.წ. მესხეთელი თურქების რეპატრიაციის საკითხი არ გადაწყდება. მაგრამ აქ თავი ქართველების როლში უნდა ჩავიყენოთ. ეს არ არის მარტივი საკითხი. თუკინ ყურადღებით წაიკითხავთ ჩვენს რეკომენდაციებს, დაინახავთ, რომ ჩვენ ვთავაზობთ პროცესის დაწყებას. თუკი დავინახავთ, რომ კეთდება რაღაც, რაც ამ საკითხის თუნდაც შორეულ მომავალში გადაჭრას ემსახურება, ჩვენთვის ეს მისაღები იქნება. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ იმას, რომ ამ საკითხზე არაფერი კეთდებოდეს".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG