Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იწყება “მოწყალების აქცია” ცუნამით დაზარალებული აზიის ქვეყნების მოსახლეობის დასახმარებლად


20 იანვარს საქართველოში დაიწყება “მოწყალების აქცია” ცუნამით დაზარალებული აზიის ქვეყნების მოსახლეობის დასახმარებლად. მას ქართველი ხელოვანები საქართველოს

საპატრიარქოს თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით მართავენ. აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს სხვადასხვა თეატრებისა და კინოთეატრების ხელმძღვანელებმა. ერჯერადი აქციებით ისინი მსოფლიო მნიშვნელობის ტრაგედიით დაზარალებულებს მცირედით, მაგრამ მაინც შეეწევიან. ასე რომ, აზიის ტრაგედიას საქართველოც ეხმაურება.

170000 -ზე მეტი დაღუპული, უამრავი უგზო-უკვლოდ დაკარგული, უამრავი უსახლ-კაროდ დარჩენილი - სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დატრიალებული ამ საშინელი ტრაგედიით მთელი მსოფლიო შეძრულია. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ყველა თავის წილს გაიღებს - დაწყებული სახელმწიფოებით, დამთავრებული რიგითი მოქალაქეებით. მსოფლიო საქველმოქმედო აქციებმა მოიცვა , ცუნამით დაზარალებულებს ეხმარებიან ისე, როგორც შეუძლიათ, და ამ გლობალურმა პროცესმა გამოხმაურება, ბოლოს და ბოლოს, საქართველოშიც პოვა.

აზიის ქვეყნების მოსახლეობის დასახმარებლად “მოწყალების აქცია” თბილისში 20 იანვარს იწყება. სწორედ 20 იანვარს გახდება ცნობილი “მაგთისა” და “ჯეოსელის” აბონენტებისთვის ის სპეციალური ნომრები, რომლებზე დარეკვითაც ყველაზე გაჭირვებულებისთვის 50 თეთრის გაღება გახდება შესაძლებელი. ამას გარდა, ყველას, ვისაც სურვილი აქვს დახმარება აღმოუჩინოს ცუნამით დაზარალებულებს, შეუძლია თანხის გადარიცხვა საპატრიარქოს ანგარიშზე - 012700392. “მოწყალების აქცია” საქართველოში სწორედ საპატრიარქოს თანადგომით და ლოცვა-კურთხევით იწყება. მისი ორგანიზატორები კი ხელოვნების მუშაკები გიორგი ვასაძე და გიორგი ქავთარაძე არიან.

[გიორგი ვასაძის ხმა] “ეს ტრაგედია მთელ მსოფლიოში აწუხებთ, ყველა გაიღებს რაღაცას. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. 50 თეთრი ყველას გვაქვს, რომ გავიღოთ, ოცი თეთრი ყველას გვაქვს მოწყალებისთვის. საპატრიარქოში ყევლას შეუძლია მივიდეს და ბუღალტერიაში გაიღოს ის, რისი გაღებაც შეუძლია, დაწყებული ერთი თეთრიდან. “

ეს სწორედ გიორგი ვასაძე გახლდათ. მას და მის თანამოაზრეებს სურდათ “მოწყალების აქციისთვის” უფრო მასშტაბური სახე მიეცათ. არსებობდა რუსთაველის პროსპექტზე 170000 სანთლის დანთების იდეა, 170000 დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად, თუმცა არჩევანი შედარებით მოკრძალებულ ფორმაზე გაკეთდა: აქციაში მონაწილეობა კინოთეატრებისა და თეატრების ადმინისტრაციებს ეთხოვათ, მათ შორის, კინოთეატრ “ამირანის” ადმინისტრაციასაც. მისი წარმომადგენლის კოტე გაბრიჩიძის თქმით:

[კოტე გაბრიჩიძის ხმა] “ ყველა კინოთეატრის, თეატრის მიერ ერთი სეანსით ამოღებული თანხის გადარიცხვაზე იყო საუბარი. “

გავრცელებული ინფორმაციით, კინოთეატრ “ამირანის” გარდა, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილეობას მიიღებს: კონოთეატრი “რუსთაველი” , კონოთეატრი “ახმეტელი” , ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, გრიბოედოვის სახელობის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის, ერთი მსახიობისა და სამეფო უბნის თეატრები. ამას გარდა, “ეროვნული მუზეუმი” და სახელმწიფო ფილარმონიაც. მისი ადმინისტრაცია აქციის ორგანიზატორებს დარბაზს დაუთმობს, იქ კი საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება. ამ კონცერტისთვის მოლაპარაკება მიდის ანსამბლ “ქართულ ხმებთან” და ილიკო სუხიშვილთან. აქციის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში სპეციალური სოციალური ვიდეორგოლის დატრიალებაც.

[გიორგი ვასაძის ხმა] “საკმაოდ შემზარავი კადრებია და ცოტა უფრო მეტად დაგვანახვებს იმ ტრაგედიის სიმძიმეს, რაც იქ დატრიალდა. “

გიორგი ვასაძის აზრით, “მოწყალების აქციის” ფარგლებში ჩატარებული ერთჯერადი აქციებით დაზარალებულებისთვის 50000 ლარის მობილიზება მაინც მოხერხდება, ხოლო თუ საზოგადოებაც იაქტიურებს, გაცილებით მეტი თანხის მობილიზება გახდება შესაძლებელი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სტიქიით დაზარალებული აზიის მოსახლეობის დახმარებისთვის გასამართ საქველმოქმედო მატჩში მსოფლიო ფეხბურთის 50 ვარსკვლავთა შორის ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძეც ითამაშებს.
XS
SM
MD
LG