Accessibility links

logo-print

თბილისში ''ვარდების ბაღი'' დაარბიეს


“უყვართ თუ არა საქართველოში სილამაზე?” - ამ რიტორიკულ კითხვას თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე ასე უპასუხებს: უყვართ,

ოღონდ მხოლოდ საკუთარ სახლებში. ცნობილი ქართველი მხატვარი ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ვანდალურად დარბეული “ვარდების ბაღი” იხილა. მე კი იმის გარკვევას შევეცადე, თუ ვის და რატომ უნდა დაერბია ჩუღურეთის რაიონში მდებარე ვარდების - იგივე გორკის სახელობის - პარკი და იქ განთავსებული ახალგაზრდა მოქანდაკეების ნამუშევრები.


2004 წლის მაისში, როდესაც ნოემბრის მოვლენებიდან გამოყოლილი რევოლუციური ეიფორია ჯერ კიდევ არ იყო განელებული, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ასლან აბაშიძე სულ რაღაც სამი კვირის გაქცეული იყო, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ჩუღურეთის რაიონში მდებარე გორკის სახელობის ბაღის ნაწილი ჯერ დაასუფთავეს, შემდეგ ახალგაზრდა მოქანდაკეების ნამუშევრებით გაამდიდრეს, სულ ბოლოს კი გალამაზებულ ტერიტორიას “ვარდების ბაღი” უწოდეს. დეპუტატი თენგიზ გონგაძე, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბაღის კეთილმოწყობაში, ამბობს, რომ გორკის სახელობის პარკი სანაგვედ იყო გადაქცეული:

[თენგიზ გონგაძის ხმა] “ნაგვად იყო ქცეული. 3412 კვ.მ ტერიტორიიდან 22 მანქანა გავიტანე ნაციონალური მოძრაობის ჩუღურეთის რაიონის აქტივთან ერთად. 182 კაცი ვიყავით შესული შიგნით ბაღის ტერიტორიაზე და ბორდიური გამოვაჩინეთ მხოლოდ 5 სანტიმეტრზე, მეტი ვერ შევძელით. დანარჩენი ბაღი პრეზერვატივებით და შპრიცებით იყო სავსე.”

დასუფთავების გარდა, პარკის ტერიტორიის ნაწილზე დაიდგა სკამები, გაკეთდა “პოლიტიკური სანაგვე”, სადაც დღემდე ყრია ბეტონის ფილები წარწერით: “ედიკა”, “კომუნისტური პარტია”, “საბჭოთა კავშირი”. ასევე დაიდგა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები. პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვანდალთა რისხვას სწორედ ეს ქანდაკებები, ხის სკამები და ნაგვის ურნები შეეწირა.

[პარკის ადმინისტრაციის თანამშრომელი] “პედესტალზე იდგა სტუდენტების მიერ თაბაშირისგან გაკეთებული მცირე ზომის შიშველი ქალის ქანდაკებები. მანამდე დაზიანებულიც იყო. ერთხელ შავი საღებავები წაუსვეს უხერხულ ადგილებზე. დირექცია იძულებული გახდა თეთრად შეეღება. გუშინწინ კი დაამტვრიეს, თუმცა მანამდე ხელი ჰქონდა მოტეხილი.”

პარკის თანამშრომლების გარდა, მომხდარით შეწუხებულები არიან რიგითი თბილისელებიც:

[მამაკაცის ხმა] “უნამუსოები არიან. პატარები ჩვენცა ვყოფილვართ, მაგრამ ეგეთი რაღაცა არ გაგვიკეთებია. აბა, ამას კაციშვილი დაამტვრევდა? ასეთ სილამაზეს?”

პარკის მახლობლად მდებარე რესტორნის თანამშრომელი კი დარბევის შესაძლო მოტივებზე ლაპარაკობს. მისი თქმით, საღამოობით პარკის ტერიტორიაზე ბევრი უსაქმური ახალგაზრდა დადის:

[მამაკაცის ხმა] “საქმე არა აქვთ. მოდიან, ხან სიგარეტს ეწევიან, ხან სხვა რამეს. შესცივდათ, მოძრაობენ, ახალგაზრდები არიან. ცუდ საქმეს აკეთებს, როცა საქმე არა აქვს ადამიანს - არც გასართობი, არც საშუალება იმისი, რომ გასართობად წავიდეს და არაფერი… ამიტომ აფუჭებს ყველაფერს.”

თუმცა “ვარდების ბაღში” მომხდარმა ვანდალობამ ყველაზე მეტად გული სამხატვრო აკადემიის რექტორს გია ბუღაძესა და მის მოწაფეებს ატკინა. დარბევის შედეგად განადგურებული ოთხივე ქანდაკება ხომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ იყო შექმნილი. გია ბუღაძე იმის გამოც წუხს, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ კარს იქით სილამაზეს ვეღარ აღიქვამს:

[გია ბუღაძის ხმა] “ძალიან დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ქართველ ადამიანს, თბილისელ ადამიანს შეგნება ჰქონდეს, რომ საკუთარ ქალაქში ცხოვრობს - ეს პარკი მას ეკუთვნის, ეს ბაღი მას ეკუთვნის, ეს ქუჩა მას ეკუთვნის და ისევე უნდა იზრუნოს ამ ქუჩაზე, როგორც საკუთარ ბინაზე და ოთახზე და საკუთარ სახლზე ზრუნავს.”(სტილი დაცულია)

მაგრამ მოქალაქეთა ცნობიერებაში ამგვარი რევოლუციური ცვლილებები ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხდება. ასე რომ, ერთადერთ ნუგეშად კვლავ დანაშაულის პრევენცია და დამნაშავეთა სათანადო დასჯა რჩება, თუმცა, მოწმეების არარსებობის პირობებში, საეჭვოა, პოლიციამ ამ კონკრეტული დანაშაულის გახსნა შეძლოს.
XS
SM
MD
LG