Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალი სტატუსის განმსაზღვრელ პროექტს გაეცნობა


საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე გააქვს პროექტი, რომლის მიხედვით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსის შეთავაზებას აპირებს.

საქართველოს წინადადებებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მომავალ კვირას პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააცნობს.
თუმცა მანამდე ხელისუფლება ახალ სამშვიდობო ინიციატივას საქართველოს ოსი ეროვნების მოქალაქეებს შეატყობინებს.

პარასკევს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობისადმი მიმართვას აპირებს.
რუსული გაზეთის ,,არგუმენტი ი ფაქტის” მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოსი ეროვნების მოქალაქეებს შესთავაზებს კონფლიქტის მოგვარების უპრეცედენტო გეგმას და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი უარს არ იტყვიან.
მომავალ ოთხშაბათს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ახალ სტატუსზე საუბრის გეოგრაფიული არეალი საგრძნობლად გაფართოვდება.
26 იანვარს პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ისაუბრებს. ამ მოხსენების ზოგადი შინაარსიც კი უცნობია.
საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრის, დეპუტატ ელენე თევდორაძის ინფორმაციით, კოლეგა გიგა ბოკერიასთან ერთად პრეზიდენტთან შეხვედრისას მათ მხოლოდ ის გაიგეს, რომ ევროსაბჭოში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალ სტატუსზე ისაუბრებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ,, ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა შინაარსის იქნება, ზუსტად ასე გვიპასუხა: თქვენთვისაც იქ, დარბაზში, იქნება ეს სიურპრიზი, როგორც დანარჩენი ევროპისთვისო.”

გასული წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალ პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებული პროექტების წარდგენა, ეროვნული უშიშროების საბჭოს კი მათი დამუშავება და კონკრეტულ დოკუმენტად გადაქცევა დაავალა. დაეფუძნება თუ არა სტრასბურგში პრეზიდენტის გამოსვლა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა წინადადებებს, ჯერჯერობით უცნობია. აფხაზეთის მომავალ სტატუსთან დაკავშირებული ერთ-ერთი პროექტის ავტორი კოტე კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ ევროსაბჭოში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი, ძირითადად, ცხინვალის რეგიონზე ისაუბრებს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] ,,ამჟამად რაც ხდება და რაც პირველ რიგში მომზადდა, ეს არის ოსეთთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია. ამიტომ რასაც იტყვის პრეზიდენტი, ეს იქნება მხოლოდ ოსეთთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. აფხაზეთს ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება, ალბათ... დამუშავებას. ამიტომ, ჩემი აზრით, ასე იქნება ეს - პრეზიდენტის მიმართვა ევროსაბჭოში.” (სტილი დაცულია)

კოტე კუბლაშვილისგან განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს პარლამენტის წევრი ელენე თევდორაძე:

[ელენე თევდორაძის ხმა] ,,როგორც ჩვენ განგვიცხადა პრეზიდენტმა, ის ილაპარაკებს ერთზეც და მეორეზეც.”

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზების კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადება მიიღო, მაგრამ მან უპირატესობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნას მიანიჭა.
ამგვარი არჩევანის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, საქართველოსადმი ევროპის საბჭოს ახალი შენიშვნები უნდა იყოს. ამ შენიშვნების ევროპელი ავტორები საქართველოს შემადგენლობაში არსებული ავტონომიის - აჭარის -სტატუსს უკვე არაადეკვატურად აფასებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG