Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის მაღალი სასულიერო წოდების პირი უდანაშაულო ხალხზე თავდასხმებს გმობს


საუდის არაბეთის მაღალი სასულიერო წოდების პირი - დიდი მუფთი შეიხ აბდულ-აზიზ შეიხი - ჰაჯზე ჩასული მლოცველების წინაშე გამოვიდა. მისი თქმით,

ისლამის ირგვლივ შექმნილი პრობლემების დიდი ნაწილი ისლამის შვილებისგანვე მოდის, რომლებსაც “ეშმაკი აცდუნებს” და უდანაშაული ადამიანების მოკვდინებას აიძულებს. დამკვირვებელთა ერთი ნაწილი ამ გამოსვლას მნიშვნელოვან ანტიტერორისტულ სიტყვად აღიქვამს, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ საეჭვოა ამ გამოსვლამ გავლენა მოახდინოს ისლამისტ ექსტრემისტებზე.


ოთხშაბათს საუდის არაბეთის დიდმა მუფთიმ ჰაჯზე ჩასულ ორ მილიონზე მეტ მლოცველს უთხრა, რომ ზოგიერთ ისლამის შვილს “ეშმაკი აცდუნებს” და ძალადობრივი თავდასხმების ჩადენას აიძულებს. ეს კი, მისი აზრით, ზიანს აყენებს ისლამს.

მისი თქმით, “ისლამურ ერს ყველაზე მეტ სიძნელეს მისი ზოგიერთი შვილი უქმნის, რომლებსაც ეშმაკი აცდუნებს. მათ ისლამურ ერს მოღალატე უწოდეს, დაცული სისხლი დაღვარეს და აფეთქებებით, ნგრევით და უდანაშაულო ადამიანების დახოცვით დედამიწაზე ბოროტება გაავრცელეს.”

შეიხმა პირდაპირ მიმართა მუსულმან ახალგაზრდებს: “როგორ აპირებთ ღმერთთან შეხვედრას? იმ უდანაშაულოთა სისხლით, რომელიც პირადად დაღვარეთ ან სხვებს დაეხმარეთ დაღვრაში?”

ქადაგების მნიშვნელობას ის ფაქტი ზრდის, რომ საუდის არაბეთის უმაღლესმა სასულიერო პირმა ის ყოველწლიური ჰაჯის დღესასწაულის დასკვნითი ნაწილის დროს ჩაატარა - დღესასწაულისა, რომელსაც დაახლოებით 70 ქვეყნიდან ჩასული მუსულმანი ესწრება.

ფაისალ ალი, საუდის არაბეთის მთავარი ინგლისურენოვანი გაზეთის - “არაბ ნიუსის” - რედაქტორი ამჟამად მექაშია და ჰაჯს აშუქებს. მისი თქმით, ალ-შეიხმა მსოფლიოს ისლამი მშვიდობიან და შემწყნარებელ რელიგიად წარუდგინა:

[ფაისალ ალის ხმა]: “დიდი მუფთის ქადაგება იმ ახალგაზრდებისკენ იყო მიმართული, რომლებსაც ექსტრემისტული იდეოლოგიები აცდუნებს, ალ-ყაიდას და ანსარ ისლამის წევრების მსგავსი ადამიანების სახით, რომლებიც ისლამის ძალადობრივ ფორმას ქადაგებენ. ისლამი არ არის ის რელიგია, რომელიც ძალადობას ავრცელებს. დიდი მუფთის გუშინდელმა ქადაგებამ მსოფლიოს სწორედ ის უთხრა, რომ არა, ისლამი ძალადობას არ ქადაგებს, ისლამი მშვიდობის რელიგიაა.”

საუდის არაბეთი ალ-ყაიდასთან დაკავშირებული პირების თავდასხმებს დიდი ხანია იგერიებს. 2003 წლის შემდეგ 100 ადამიანზე მეტი იქნა მოკლული, რომელთაგან ბევრი უცხოელი იყო. მასშტაბური უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ჰაჯის დღესასწაულზე შესაძლო ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლადაც.

დოქტორი მაი იამანი ბრიტანეთში მცხოვრები საუდის არაბეთის ექსპერტია. მისი აზრით, შეიხის ქადაგების ძირითადი სამიზნე საუდის არაბეთის ექსტრემისტები იყვნენ, რომლებიც რეჟიმის დესტაბილიზაციის მიზნით იბრძვიან:

[მაი იამანის ხმა] “იგი, უპირველესად, საუდის არაბეთისთვის და იქ არსებული რეჟიმის დაცვისთვის ლაპარაკობდა, ვინაიდან ესაა მისი საქმეც და საბოლოო მიზანიც. მას ძალაუფლების შენარჩუნება და სამეფო ოჯახის დაცვა სურს. ცხადია, რომ მეზობელ ქვეყნებში განხორციელებული ძალადობა ძალიან ცუდი იქნება საუდის არაბეთისთვის, ვინაიდან, როგორც ვიცით, საზღვრები არცთუ ძალიან მტკიცეა. ბევრი საუდის არაბეთის მოქალაქე ერაყში გადადის, მოძრაობს იარაღიც. ამდენად, რა თქმა უნდა, იგი მუსულმანურ ქვეყნებში და მუსულმანებს შორის მომხდარ ძალადობაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ამაზე მეტად საუდის არაბეთის რეჟიმის სტაბილურობით იყო დაინტერესებული.”

მაი იამანის აზრით, შეიხის ანტიტერორისტული გამოსვლა მხოლოდ არარადიკალ მუსულმანებზე მოახდენს გავლენას:

[მაი იამანის ხმა] “მისი გზავნილი გავლენას ყველა იმ ადამიანზე მოახდენს, ვისაც ძალადობა და ტერორი არ სურს. მაგრამ ამის მიღმა გავლენა არ ვრცელდება.”

“არაბ ნიუსის” ალი, ვინც პირადად ესწრებოდა შეიხის ქადაგებას, ამბობს, რომ, ბევრი მუსულმანი მლოცველის აზრით, ქადაგება დასავლეთში არსებულ ისლამის სტერეოტიპს გააუმჯობესებს:

[ფაისალ ალის ხმა] “ქადაგება ჩატარდა ჰაჯის დღეს, რომელსაც ყველა მუსულმანი აღიარებს და, ცხადია, მას დიდი გავლენა აქვს. მან ბევრ ადამიანზე მოახდინა შთაბეჭდილება, მათ შორის, იმ მილიონობით მუსულმანზე, რომელიც არაფატის მთაზე იყო შეკრებილი ჰაჯის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალის ჩასატარებლად. მე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველა ფიქრობს, რომ დიდი მუფთის ქადაგება კარგი სულისკვეთების მატარებელი იყო და რომ ის ნამდვილად შეძლებს ზოგიერთი იმ წარმოდგენის განეიტრალებას, რაც დასავლეთში შეიქმნა ექსტრემისტების გამო.”

თუმცა შეიხმა იმ კამპანიებზეც ისაუბრა, რასაც მსოფლიო მუსულმანების წინააღმდეგ მიმართავს. მისი თქმით, მიმდინარეობს “მილიტარისტული კამპანიები, აზრობრივი კამპანიები, ეკონომიკური კამპანიები და მედია კამპანიები.” მან მლოცველებს მოუწოდა, მისდიონ ღვთისა და მუჰამედის სიტყვებს და “არ მოტყუვდნენ იმ ცივილიზაციით, რომელიც სუსტი სტრუქტურითა და ცუდი საფუძვლით არის ცნობილი.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG