Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეალურია თუ არა საქართველოს შიდა კონფლიქტებში ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცების გამოჩენა


დროგამოშვებით საქართველოს პოლიტიკურ წრეებში იწყება ხოლმე საუბარი შიდა კონფლიქტებში რუსეთის სამშვიდობო მანდატის შეჩერებისა და მომრიგებლად დასავლეთის

პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალების მოწვევის შესახებ. მაგრამ თუ აქამდე ეს საუბარი ქართული პრესის ფურცლებს არ სცდებოდა, ამჯერად პოსტსაბჭოთა ქვეყნების შიდა კონფლიქტებში რუსეთის დომინანტური როლის დასასრულზე თავად რუსული პრესა ალაპარაკდა. 20 იანვრის გაზეთ “ნოვიე იზვესტიას” მტკიცებით, მოსკოვი ვაშინგტონიდან მალე მიიღებს შეთავაზებას, რომ საკუთარი სამშვიდობო ქვედანაყოფები აფხაზეთში, ცხინვალსა და დნესტრისპირეთში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის “ცისფერჩაფხუტიანებით” გააზავოს. რამდენად შესაძლებელია ამგვარი ინტერნაციონალიზაცია?


“ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს, ბრატისლავაში რუსეთ-ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტერიტორიაზე კონფლიქტების ერთობლივი მოგვარება იქნება. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე მოსკოვს შესთავაზონ, აფხაზეთში, ცხინვალსა და დნესტრისპირეთში თავისი სამშვიდობო ქვედანაყოფები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის “ცისფერჩაფხუტიანებით” გააზავოს. გაზეთის თქმით, რაკი მოლდოვეთისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლურად არის განწყობილი, ხოლო კიშინიოვსა და თბილისს აღიზიანებს მოსკოვის მიერ სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა, ვაშინგტონი და ბრიუსელი შეეცდებიან გავლენა მოახდინონ ვითარებაზე იქ, სადაც მათ ადრე შესვლის უფლება არ ჰქონდათ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ეს საკითხი საიდუმლო დიპლომატიური მოლაპარაკების საგანია, თუმცა დაადასტურა ოფიციალური თბილისის სურვილი, მიაღწიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას:
[გიორგი გომიაშვილის ხმა] “კონსულტაციებისა და განხილვების დონეზეა ყველა ის საკითხი, რაზეც ლაპარაკია ამ სტატიაში. საქართველო ამ ყველაფერს (სამშვიდობო ქვედანაყოფებში ინტერნაციონალიზებას) კონსულტაციების დონეზე, “ოპშენებად” /შესაძლო ვარიანტებად/ ითხოვს და, ალბათ, მივაღწევთ კიდევაც ამას.”(სტილი დაცულია)

აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში დასავლეთის ქვეყნების სამშვიდობო კონტინგენტის გამოჩენას მოცემულ ვითარებაში მხოლოდ თეორიულად მიიჩნევს დასაშვებად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ვიცე-პრეზიდენტი თემურ იაკობაშვილი. ექსპერტის თქმით, მეტიც, საერთაშორისო სამხედრო მისიის წარმომადგენლები ახლაც მონაწილეობენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, თუმცა მათი მანდატი ბევრად შეზღუდულია, რუს სამხედროებთან შედარებით:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] “დღეს ჩვენ აფხაზეთში გვყვანან ასეთები. მათ ჰქვიათ UNOMIc-ი, გაეროს დამკვირვებელთა მისიის ფორმატი. ესენი არიან სამხედროები. უბრალოდ, მათი მისია არის შეზღუდული და იმ მანდატში არ მოღვაწეობენ, რაშიც, ვთქვათ, იგივე რუსები თუ ე.წ. დსთ-ს მშვიდობის დამცველები.”


განსხვავებული აზრი აქვს საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარებაში ამერიკისა და დასავლეთის სხვა რომელიმე სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევაზე პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს. პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთის დაინტერესების ხარისხი ამ კონფლიქტებით კვლავაც ძალიან დაბალია. თანაც, კლიმიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შიდა კონფლიქტების მოწესრიგებაში პროგრესის მიღწევა რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობის გზითაც შეუძლია:

[რამაზ კლიმიაშვილის ხმა] “რაღაც მომენტში შეთანხმებას თუ მივაღწიეთ, ნორმალიზაცია თუ მოხდა ურთიერთობების რუსეთთან, ისევე როგორც მან მშვიდად დაგვითმო აჭარა (სხვათა შორის, სადაც კიდევ უფრო საშიში მდგომარეობა იყო შარშან), თუ ერთხელ და სამუდამოდ უარს ვიტყვით სამხედრო ძალის გამოყენებაზე, იმ აგრესიულობაზე, რასაც შარშან ჰქონდა ადგილი ცხინვალთან, რამაც, პირიქით, გადასწია ამ კონფლიქტის მოგვარება, გადასწია გარკვეული პერიოდით.”(სტილი დაცულია)

ცხინვალის მისადგომებთან ექვსი თვის წინანდელი უშედეგო ძალის დემონსტრირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კვლავ სამშვიდობო მოწესრიგების კურსს დაადგა. იანვრის ბოლოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმას, რაც სეპარატისტული რეგიონებისთვის განსაკუთრებულ სტატუსს გულისხმობს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ქვეყნების ლიდერებს გააცნობს. თუმცა ძალიან მაღალ თაროზე არც სამხედრო-ჰუმანიტარული შტურმის გადამუშავებული გეგმა უნდა იდოს, რომლის ავტორობასაც სააკაშვილის ბანაკის გამოკვეთილ პოლიტიკურ ქორს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს მიაწერენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG