Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონში ვითარება კვლავ დაიძაბა


საქართველოს ხელისუფლება ოსებისა და აფხაზებისთვის შესათავაზებელ სამშვიდობო წინადადებებს ამუშავებს და, ამავდროულად, კონფლიქტის ზონებში გატაცებული

ქართველების გათავისუფლებაზე ზრუნავს. ხუთშაბათს ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე აფხაზთა წარმომადგენელმა სოხუმის იზოლატორში დარჩენილი ქართველი მძევლის ჟორჟი რატიას გათავისუფლების პირობა დადო - ის გალის რაიონში აფხაზებმა სხვა ქართველებთან ერთად დაატყვევეს. ხუთშაბათსვე საქართველოს მხარე გაცხარებულ მოლაპარაკებას აწარმოებდა ცხინვალის წარმომადგენლებთან ერედვის საგუშაგოსთან ოსი შეიარაღებული პირების მიერ დატყვევებული ქართველი პოლიციელების გასათავისუფლებლად. მათმა გატაცებამ კონფლიქტის ზონაში ვითარება სერიოზულად დაძაბა.

ერედვის საგუშაგოს მახლობლად ოსი შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული ქართველი პოლიციელების - ვლადიმერ ჩალაურის და გიორგი გვიმრაძის - გატაცების მოტივი ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მძევლად აყვანას რამდენიმე დღის წინ ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული ოსი დამნაშავის, ალექსი ფუხაევის, ძმა ხელმძღვანელობდა. ალექსი ფუხაევი 2 ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. დაკავების შემდეგ ის გორის რაიონში იქნა გადაყვანილი. უკვე დადასტურებულია, რომ ქართველი პოლიციელები ოსებმა სწორედ მასში გასაცვლელად გაიტაცეს. ჩვენი გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის ინფორმაციით, ოსი დამნაშავის გათავისუფლებისთვის დაგეგმილ გატაცებას კონფლიქტის ზონაში გატაცებების მთელი სერია მოჰყვა. სოფელ ერედვის პოლიციის განყოფილების უფროსის ჩალაურისა და მისი თანამშრომლის გატაცების ფაქტის გახმაურების შემდეგ ერედველებმა საპასუხო ზომებს მიმართეს, რასაც უმალვე ოსებიც გამოეხმაურნენ:

[გოგა აფციაურის ხმა] “ ერედვის მოსახლეობამ გადაკეტა გზა, რომელიც ოსურ სოფლებს ცხინვალთან აკავშირებს და 5 ოსი აიყვანა მძევლად, მათ შორის - 2 ოსური მილიციის თანამშრომელი. საპასუხოდ, ჩემთვის ცნობილია, რომ ცხინვალში დააკავეს ის ქართველები, რომლებიც ლიახვის ხეობისკენ აწარმოებდნენ მიცვალებულის გადასვენებას.” (სტილი დაცულია)

ოსების მიერ გატაცებული ქართველი პოლიციელის მდგომარეობის დასადგენად და მათ გასათავისუფლებლად ოსური მხარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა გორის სამხარეო პოლიციაში. ოსურმა მხარემ ქართველი პოლიციელების ოს დამნაშავეში გაცვლა მოითხოვა, ქართული მხარისთვის ეს პირობა მიუღებელი აღმოჩნდა. არადა, ერედველი პოლიციელების ახლობლები ოსებთან ანგარიშსწორების ულტიმატუმით გამოდიან.

ქართველების გატაცების მოტივით ცხინვალის რეგიონში ვითარების დაძაბვამდე, ანალოგიური მოტივით ვითარება გართულდა გალის რაიონშიც. 11 იანვარს იქიდან აფხაზების მიერ გატაცებული ქართველების უმეტესობა გათავისუფლებულია. აფხაზურ მხარესთან წარმოებული მოლაპარაკების შემდეგ გაჩნდა უკანასკნელი მძევლის გათავისუფლების მოლოდინი და ეს მოლოდინიც ცხადყოფს, როგორ ურთულებს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრებას მოუგვარებელი კონფლიქტები.

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ დაუსრულებია მუშაობა სამშვიდობო წინადადებათა იმ პაკეტზე, რომლის სააშკარაოზე გამოტანის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი 2004 წლის მიწურულს გამოვიდა. იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა აფხაზებისა და ოსებისთვის შესათავაზებელ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე მუშაობის პროცესი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს გია ვოლსკის მივმართეთ.

[გია ვოლსკის ხმა] “გარკვეული წინადადებები ექსპერტების წარმოდგენილია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით წინადადების წარდგენაზე მომგებიანი იქნება შემუშავება საერთო სტრატეგიისა, რასაც უფრო არგუმენტირებულად წარვუდგენთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. “ (სტილი დაცულია)

“საერთო სტრატეგიის შემუშავებისთვის დროა საჭირო, “- გვითხრა გია ვოლსკიმ. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ამასწინანდელ განცხადებაში აღნიშნა, უპრეცედენტო სამშვიდობო წინადადებებით ოსებს და აფხაზებს ის უახლოეს დღეებში მიმართავს.
XS
SM
MD
LG