Accessibility links

საბაჟო დეპარტამენტმა გასული წლის შედეგები შეაჯამა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბაჟო დეპარტამენტმა ამ დღეებში გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ამ შედეგების მიხედვით, 2004 წელი ქვეყნის საბაჟო უწყებისათვის ერთ-ერთი ყველაზე

წარმატებული იყო შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით. საბაჟოსთან დაკავშირებით გასულ წელს კიდევ ერთ საინტერესო კურიოზსაც ჰქონდა ადგილი, რომლის შესახებაც მინდა დღეს გესაუბროთ.

ამ დღეებში საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი გოდაბრელიძემ ფინანსთა მინისტრს 2004 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში ჩააბარა.

ქვეყნის ნომერ პირველი მებაჟის განცხადებით, 2004 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტმა ბიუჯეტის გაზრდილი გეგმა 150 მლნ. ლარის გადაჭარბებით შეასრულა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ”მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კონტრაბანდის შესამცირებლად. გასულ წელს ორჯერ გაიზარდა შემოსავლები თამბაქოს იმპორტიდან. ნავთობპროდუქტების სექტორში ლეგალიზაციის მაჩვენებელმა 80 პროცენტს მიაღწია“, - სიამაყეს ვერ მალავს გოდაბრელიძე.

გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ქვეყნის საბაჟოს არსებობის ისტორიაში. თუმცა თავად ამ უწყების ხელმძღვანელისათვის გასულ წელსვე ერთ საინტერესო ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გიორგი გოდაბრელიძე და მისი მოადგილეები აეროპორტში გამცილებლებთან ერთად გაშლილი სუფრისათვის “დატუქსა” და თუ გოდაბრელიძე საბაჟო შემოსავლებში სერიოზულ გარღვევას ვერ მიაღწევდა, მისი თანამდებობაზე დატოვების საკითხიც დადგებოდა. ეს ინციდენტი შემდგომ თვესვე დროებით ამოიწურა, რადგან საბაჟომ პრეზიდენტის რეკომენდაცია “გადაჭარბებით” შეასრულა და თვის გეგმაზე 25 მილიონი ლარით მეტის მობილიზება მოახერხა. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები ხუმრობდნენ კიდეც, რომ ქართულმა საბაჟომ საგადასახადო ადმინისტრირების ახალ ეფექტურ მეთოდს მიაგნო, რაც პრეზიდენტის რეკომენდაციის გადაჭარბებით შესრულებაში გამოიხატა. საერთო ჯამში, საბაჟოს ხელმძღვანელი თავისი უწყების მუშაობით კმაყოფილია:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] “ 2004 წელი არ იყო ცუდი, საბაჟოს კუთხით და შემოსავლების თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ რეალურად რაც იყო დაგეგმილი, იმაზე 150 მლნ. ლარით მეტის მობილიზება მოხდა. პირველად გაკეთდა ეს. თუმცა პრობლემატიკა რჩება, რა თქმა უნდა. პირველ რიგში, შეიძლება ვისაუბროთ კორუფციაზე.”

საბაჟოს მიერ გეგმის გადაჭარბების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრს ამ უწყებაში არსებული პრობლემებიც არ ავიწყდება. ზურაბ ნოღაიდელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბაჟოზე არსებულ კორუფციას:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „ დღეს რომ ჩატარდეს გამოკითხვა, საზოგადოების თვალსაზრისით, კორუმპირებულ ორგანოებს შორის საბაჟოს ჯერ კიდევ წამყვანი ადგილი უჭირავს.”

ასე თუ ისე, გასული წელი საბაჟოსთვის წარმატებული გამოდგა. შემოსავლების მობილიზებასთან ერთად, გოდაბრელიძის თქმით, დეპარტამენტში დასრულდა სტრუქტურული რეფორმა და ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა დეპარტამენტის სტრუქტურის ოპტიმალური მოდელი. ცოტა ხანში კი დასრულდება საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში პარლამენტს განსახილველად საბაჟო კოდექსის ახალი პროექტი გადაეცემა.
XS
SM
MD
LG