Accessibility links

პარიზიდან მიღებული წერილი, შესაძლოა, საქართველოსადმი რუსეთის ახალი ბრალდების საფუძვლად იქცეს

  • ნინო როდონაია

კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გასული წლის დეკემბერში შეიქმნა, რუსეთისადმი მიმართვას ამზადებს.


უახლოეს დღეებში ჯგუფის წევრი დეპუტატები ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ სამშვიდობო წინადადებებს გაუგზავნიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და პოლიტიკურ პარტიებს.

კავკასიის ხალხთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ინიციატივას გამოეხმაურა ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის პარლამენტი, რომლის უფლებამოსილებას რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს. დღეს მოგითხრობთ ქართველი დეპუტატების გეგმასა და მათთვის პარიზიდან გამოგზავნილი წერილის შინაარსზე.

,,ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის პარლამენტი მიესალმება თქვენს წინადადებას ჩეჩნეთ-რუსეთის ურთიერთობაში მშვიდობის დამყარების საკითხში შუამავლობასთან დაკავშირებით” - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ახიად იდიგოვი.

სავარაუდოა, რომ ამ წერილს რუსეთი საქართველოსადმი ახალი ბრალდებების საფუძვლად გამოიყენებს. კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორს, კონსერვატორ დეპუტატ კახა კუკავას მიაჩნია, რომ მოსკოვს ახალი პრეტენზიების გამოხატვა ამ წერილის გარეშეც შეუძლია:

[კახა კუკავას ხმა] ,,წერილთან დაკავშირებით თუ იქნება რუსეთის მხრიდან რაიმე პრეტენზიები, ეს ჩვენთვის კარგი იქნება, თუ შეფასებები წამოვა ასეთი, რომ რატომ გაქვთ კავშირი იდიგოვთან. აი, ჩვენც გვაინტერესებს, რატომ აქვთ მაშინ კავშირი მათ ბაღაფშთან, ხაჯიმბასთან და რატომ ჩადიან რუსეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები აფხაზეთის არჩევნებზე. მით უფრო, რომ ჩვენ ეს წერილი ტყიდან არ მიგვიღია, პარტიზანებისაგან. ეს დევნილი უზენაესი საბჭო განთავსებულია პარიზში და რაიმე ტერორისტულ ჯგუფთან არ გვაქვს კავშირი.” (სტილი დაცულია)

ახიად იდიგოვი ქართველ დეპუტატებს აცნობს ჩეჩნური მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეები იჩქერიისა და რუსეთის ხელისუფლებები არიან და რომ აუცილებელია სამშვიდობო პროცესში დაპირისპირებულ მხარეთა პარლამენტებისა და ევროპელი დეპუტატების მონაწილეობა. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ იჩქერიის დამოუკიდებლობა საქართველოს მთავრობამ 1992 წლის მარტში ცნო. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელ ამ დოკუმენტს საქართველოს მომდევნო მთავრობები არ აღიარებენ:

[კახა კუკავას ხმა] ,,ის აქტი ამ ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, მავალდებულებელი არ არის და ის საქართველოში არ მოქმედებს, თუმცა, თუ ჩვენ საერთაშორისო სამართლის ნორმებით მივუდგებით ამ საკითხს, ის არის ლეგიტიმური აქტი.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება კავკასიის ხალხთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ინიციატივას ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში საქართველოს მიერ შუამავლის მისიის შესრულებასთან დაკავშირებით, დეპუტატი კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ წინადადებას არ დასთანხმდება, თუმცა პროცესს პოლიტიკური შედეგი ექნება:

[კახა კუკავას ხმა] ,,ჩვენ ვაპირებთ, რომ დაახლოებით იგივე სამშვიდობო წინადადებები გადავცეთ რუსეთის მხარეს ჩეჩნეთთან დაკავშირებით, რა წინადადებებსაც საქართველო აყენებს აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. უკვე გააკეთეს რუსეთის პარლამენტის წევრებმა კომენტარები და თქვეს, რომ ის სტატუსი, რომელიც საქართველომ შესთავაზა აფხაზეთს, არის არასაკმარისი. ჩვენ ახლა შევთავაზებთ რუსეთს, რომ მათ იგივე სტატუსი უნდა მისცენ ჩეჩნეთს და თუ რუსეთი განაცხადებს, რომ ეს არის ძალიან ვრცელი სტატუსი, ამ შემთხვევაში ის თვითონ მოექცევა წინააღმდეგობაში.” (სტილი დაცულია)

განაცხადებს თუ არა მოსკოვი რაიმე მსგავსს და, საერთოდ, რა რეაქცია ექნება რუსეთს საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ინიციატივაზე, მას შემდეგ გაირკვევა, რაც რამდენიმე დღეში კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფი სახელმწიფო სათათბიროსა და რუსეთის პოლიტიკურ პარტიებს ჩეჩნეთთან დაკავშირებული სამშვიდობო ინიციატივით მიმართავს.
XS
SM
MD
LG