Accessibility links

logo-print

უზენაესმა სასამართლომ შოთა ჭიჭიაშვილს განაჩენი გამოუტანა


21 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლე იური ტაბუციძის ხელმძღვანელობით, საინფორმაციო საშუალებების მიერ “საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად” წოდებულ

მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილს განაჩენი გამოუტანა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჭიჭიაშვილს ბრალი ედება ადამიანის გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს, გატაცების ფაქტია. მოსამართლის განცხადებით, განსასჯელმა დანაშაული მხოლოდ ერთ ეპიზოდში აღიარა, ისიც ნაწილობრივ. სხვა 23 ეპიზოდში ჭიჭიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

[მოსამართლის ხმა] ”მანვე ჩაიდინა იძულება, ძალდატანებითა და დასასჯელი მუქარით აიძულა სხვა პირები შეესრულებინათ მისთვის სასურველი მოქმედება. მანვე ჩაიდინა ანგარებით ადამიანის მოტაცება და თავისუფლების აღკვეთა... ”(სტილი დაცულია)

შოთა ჭიჭიაშვილის ამ და სხვა დანაშაულებათა და მათი მამტკიცებელი ფაქტების ჩამოთვლას უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ იური ტაბუციძემ 3 საათზე მეტი მოანდომა.

1975 წელს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში დაბადებული შოთა ჭიჭიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე, 236-ე, 209-ე, 104-ე, 179-ე და 143-ე მუხლების მიხედვით. გამოძიების მტკიცებით, ჭიჭიაშვილმა ჯერ კიდევ 1995 წელს ჩამოაყალიბა და მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ჩაიდინა ათობით უმძიმესი დანაშაული, მათ შორის - მკვლელობა, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით, ყაჩაღობა და სხვ.

[მოსამართლის ხმა] ”... ყაჩაღურ თავდასხმასა და დატყვევებაში ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო თავი...”

ის, რაშიც ჭიჭიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, უმძიმესი ფაქტებია. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი პოლიციის თანამშრომლების მკვლელობას, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილისა და ესპანელი ბიზნესმენების გატაცების ეპიზოდებს უკავია.
გამოძიებას ძალიან გაუჭირდა ამ დანაშაულებათა დამტკიცება, რადგან მოწმეების დიდი უმრავლესობა თავს არიდებდა ტერორისტად წოდებული დამნაშავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. უფრო მეტად შეშინებულები იყვნენ ესპანელი ბიზნესმენები, რომლებმაც საქართველოში ჩამოსვლაზეც კი უარი თქვეს, არათუ გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ საბოლოო განაჩენი მაინც გამოაცხადა:

[მოსამართლის ხმა] ”მევლუდ ჭიჭიაშვილს, საბოლოოდ, შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 22 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით...”

სასამართლომ მევლუდ ჭიჭიაშვილთან ერთად მის თანამზრახველ თენგიზ ფარეულიძესაც გამოუტანა განაჩენი. მას დანაშაულის დაფარვისთვის თავისუფლების რვა წლით აღკვეთა მიუსაჯეს. ისიც, ჭიჭიაშვილის მსგავსად, პროცესის შემდეგაც დუმილს ინარჩუნებდა და ჟურნალისტებს ერთი სიტყვაც კი არ უთხრა.

ჭიჭიაშვილის ადვოკატ მაკა ჩეჩელაშვილს მიაჩნია, რომ, საქმის მასალების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დანაშაულებრივი ქმედება არ მტკიცდება.

[მაკა ჩეჩელაშვილის ხმა] ”საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არის სამართლიანი, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, მე უფრო მძიმე შედეგებს მოველოდი. მხედველობაში მაქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.”

ადვოკატს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება და ამ გადაწყვეტილების მიღებას ჭიჭიაშვილთან კონსულტაციის შემდეგ აპირებს.
XS
SM
MD
LG