Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის ახალ ვადას ბუში მთელ მსოფლიოში თავისუფლების გავრცელების ხელშეწყობის ფიცით იწყებს


ხუთშაბათს ჯორჯ ბუში პრეზიდენტობის მეორე ვადის აღსრულებას შეუდგა. ვაშინგტონში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე

ბუშის მიერ წარმოთქმული სიტყვა თითქმის მთლიანად საგარეო პოლიტიკის საკითხებს ეხებოდა. ამერიკის წინაშე დასახული ამოცანების შესახებ ცივი ომის ტერმინოლოგიით საუბრისას, ბუშმა გლობალურ ტირანებთან ბრძოლაზე ისაუბრა და დაიფიცა, რომ ამერიკა მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების მისიას კვლავაც გააგრძელებს.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “მე, ჯორჯ უოლკერ ბუში, ვფიცავ, რომ ერთგულად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შევინახო და დავიცვა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია. დაე, ღმერთი იყოს ჩემი მფარველი.”

ფიცის დადების შემდეგ ამერიკის კონგრესის შენობის - კაპიტოლიუმის - გარეთ მდგარმა ბუშმა მოკლე, მაგრამ ემოციური სიტყვა წარმოთქვა. ამ სიტყვის ძირითადი არსი შეერთებული შტატების მიერ მთელ მსოფლიოში თავისუფლების გავრცელების მისია იყო:

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ჩვენს მიწაზე თავისუფლების გადარჩენა სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული თავისუფლების დამყარებაზე სხვაგან. ჩვენს სამყაროში მშვიდობის არსებობის ყველაზე დიდი იმედი მთელ მსოფლიოში მშვიდობის გავრცელებაში მდგომარეობს.”

ბუშის სიტყვა, გარკვეულწილად, არატრადიციულ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან ის თითქმის მთლიანად საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა. ამასთან, ბუშს არ უსაუბრია კონკრეტულ პოლიტიკურ ინიციატივებზე. მან თქვა, რომ ამერიკა აქტიურად ჩაებმება საზვარგარეთ დემოკრატიის გავრცელებაში, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესში სამხედრო ძალა მთავარ როლს არ შეასრულებს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორს რობერტ სპიტცერს ბუშის სიტყვის ინტონაციამ და ტერმინოლოგიამ ცივი ომის ეპოქა გაახსენა. პრეზიდენტები - ჯონ კენედი თუ რონალდ რეიგანი - ამერიკის როლს მაშინაც სიკეთის დამცველად წარმოაჩენდნენ ტირანიის წინააღმდეგ გამართულ გლობალურ ბრძოლაში:

[სპიტცერის ხმა] “ფორმა, რომლითაც ჯორჯ ბუშმა ისაუბრა, ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ, მისი აზრით, ახალი ცივი ომი მიმდინარეობს. ამერიკა სინათლეს და დადებით ფასეულობებს წარმოადგენს და, მისი აზრით, ჩვენ, ამერიკა, კვლავაც განვაგრძობთ ტირანიის, მონობის თუ რეპრესიის ძალებთან ბრძოლას. ამ სიტყვაში იგი, ძირითადად, მორალის ენით ლაპარაკობდა. ამერიკას, აშკარად, კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში ჩართულს ხედავს - თითქმის ისევე, როგორც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცივი ომი იყო წარმოჩენილი შტატებში. ამდენად, მე ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ეწოდოს ნეოცივი ომის იდეოლოგია, რაც, თავის მხრივ, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ომის იდეასთანაა გადაჯაჭვული.”

ბუშის სიტყვის გაანალიზების პროცესში მნიშვნელოვანია ის საკითხებიც, რომლებიც პრეზიდენტმა გამოსვლაში არ ჩართო. მაგალითად, მას არ უხსენებია შეცდომები, რომლებიც, შესაძლოა, მისი პირველი ვადის პერიოდში იყო ჩადენილი. პრეზიდენტს არც მისი ადმინისტრაციით უკმაყოფილო ევროპის ქვეყნებისთვის მიუმართავს შემრიგებლური სიტყვებით. რობერტ სპიტცერის აზრით, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება ბუშის მეორე ვადის დროს.

რადიო “თავისუფლება” ესაუბრა კიდევ ერთ ექსპერტს, მარტინ ანდერსონს, რომელიც რეიგანის კამპანიის მრჩეველი იყო და ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში მუშაობს. ანდერსონი ფიქრობს, რომ ბუშს, ისევე როგორც რეიგანს, სჯერა, რომ ამერიკა სიკეთის გამავრცელებელ ძალას წარმოადგენდა უახლეს ისტორიაში და რომ ეს ასე უნდა გაგრძელდეს:

[ანდერსონის ხმა] “ისტორიას თუ გადახედავთ, შეერთებულმა შტატებმა სწორედ ეს გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შტატები ყველაზე ძლიერი ქვეყანა იყო მსოფლიოში. ჩვენ შეგვეძლო იმ ძალის გამოყენება და ბევრი ქვეყნის დაპყრობა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. ამის სანაცვლოდ, ჩვენ იმ ქვეყნებს აღდგენაში დავეხმარეთ და წამოვედით. და სწორედ ამას აკეთებს იგი ახლა. ეს ხდება ავღანეთში და, დარწმუნებული ვარ, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, ერაყშიც იგივე მოხდება.”

გამოსვლაში ბუშმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელიც ამერიკელ ხალხს თერთმეტი სექტემბრის შემდეგ და ავღანეთსა თუ ერაყში სამხედრო ჩარევის შედეგად შეექმნა. პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა კვლავაც განაგრძონ მსხვერპლშეწირვა უკეთესი მსოფლიოს მისაღწევად.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG